ზემოთ ჩამოთვლილ ფილმებს არ დავაკნინებ, თუმცა, აღვნიშნავ, რომ ჩემი დიდი მოწონება გოდარის სხვა ფილმებმა დაიმსახურეს, როგორიცაა “La Chinoise” და “Tout Va Bien”, განსაკუთრებით, კი ამ უკანასკნელმა.
ფილმი “Tout Va Bien”- ქალისა და კაცის ურთიერთობით იწყება, თუმცა დასაწყისშივე “ხმა” სვამს საკითხს, რომ “ყველაფერი უნდა შეიცვალოს”. ამის შემდეგ მოულოდნელად ვხვდებით გაფიცვის ეპიცენტრში. ხორცის ფაბრიკაში მომუშავე პერსონალი გაფიცვას აცხადებს. ესენი არიან პირველ რიგში ახალგაზრდები და შემდეგ ასაკოვანი თაობაც. მათ არ მოსწონთ სამუშაო პირობები, ხელმძღვანელობის აგდებული დამოკიდებულება (!) და დაბალი ანაზღაურება. გაფიცვას ისინი შემდეგნაირად გამოხატავენ– სამუშაოდ მოსულ ფაბრიკის დირექტორს (რომელიც იტალიელია) თავის ოფისში ჩაკეტავენ, გადაუჭრიან სატელეფონო ხაზს და მთელი დღის განმავლობაში იქიდან არ უშვებენ. საპროტესტო ლოზუნგებია– “გამოკეტეთ უფროსები”; “მუშათა კლასი პანღურს გკრავს…” და ა.შ.
სასაცილოა და საკმაოდ ირონიული ერთი სცენა, როდესაც იტალიელ ბოსს ტუალეტი მოუნდება და იგი გაფიცულებს სთხოვს გამოუშვან. ამ დროს კი რა ხდება, ერთ–ერთი მომუშავე გამოიყვანს ოთახიდან ბოსს და დაატარებს ფაბრიკაში არსებულ ტუალეტებში. ყველა საპირფარეშო ჩაკეტილია მომუშავე პერსონალის მიერ. ბოსს იმ ზომამდე მიიყვანენ, რომ თავის ოთახში შევარდება (ანუ იქ, სადაც ჩაკეტილია მთელი დღის განმავლობაში) გატეხს ფანჯარას და გარეთ გადააფსამს.
ფილმის მეორე ნახევარში, რა თქმა უნდა, აჯანყებულ და გაფიცულ მომუშავეებს პოლიცია არბევს, მაგრამ გოდარი სხვა გზით უპირისპირდება დემონსტრაციის ჩახშობის ფაქტს. დასასრულს უზარმაზარ მარკეტში შევარდებიან ფილმში მონაწილე გაფიცული ახალგაზრდები და მომუშავე პერსონალი. ისინი უფასოდ იტაცებენ საკვებს და ფართო მოხმარების საგნებს. მართალია, აქაც პოლიცია შემოვარდება და იმართება ბრძოლა, მაგრამ იდეა, რომ მომუშავე კლასის (ვიანიდან მუშათა კლასი ჩვენში სხვა რამესთან ასოცირდება) არდაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელია ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ჩემი აზრით, ნათლად ჩანს.
ფილმის ბოლოს თვალში გვხვდება (გოდარისთვის დამახასიათებელი) ჩამაფიქრებელი ფრაზა: “ხანდახან რაც გვჭირდება არის კარგი პანღური”.
ალბათ, მკითხველი მიმიხვდა, თუ რატომ გადავწყვიტე ამ ფილმის განხილვა. დღეს საქართველოში უმუშევარი მოსახლეობა ცალკე დიდი პრობლემაა, მაგრამ არანაკლებ პრობლემაა დასაქმებულთა სამუშაო პირობები. ამ ბოლო დროს გახშირდა სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. ყველაზე გაუსაძლისი კი, რაც თითქმის, ყველა ოჯახს შეეხო სამსახურებში ახალი, ტერორისა და დაშინების სისტემაა.
No comments:
Post a Comment