დაიბეჭდა ,,ლიტერატურული სალონის" ოქტომბრის ნომერში ნიკოლოზ აგლაძე
ორი ესე ლიტერატურაზე
შესავალი, რომლითაც ყველაფერი უნდა დავიწყოთ
2011 წლის სექტემბრის დასაწყისში თბილისში რამდენიმე დღით დავბრუნდი და, სანამ სოფლად შემოდგომის შესაგებებლად გავეშურობოდი, გადავწყვიტე ახალგამოცემული წიგნები და ჟურნალები მომემარაგებინა. ასე აღმოჩნდა ჩემს ხელთ „ლიტერატურული პალიტრას“ სექტემბრის ნომერი და ქალბატონი თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობების კრებული „Animal Planet” სერიიდან „ახალი ქართული ლიტერატურა“. ისე მოხდა, რომ ეს წიგნები ამ, ვიტყოდი, საბედისწერო მომენტამდე ხელში არ ჩამვარდნოდა. ამიტომ დიდი ინტერესით შევუდექი ჩემთვის პირველი და სინამდვილეში კი მეხუთე ტომის შესწავლას. სანამ წიგნის შინაარსზე ვისაუბრებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ფართომასშტაბიანი, მრავალტომიანი და მკითხველთა დიდი რაოდენობისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ორგანიზება ცალსახად დადებითი, მისასალმებელი წამოწყებაა. ოღონდ ბოდიშის მოხდით დავამატებ, რომ თაობის რჩეული მწერლების გამოვლენა და მათ ნაწარმოებებში საუკეთესოთა ამორჩევა იმდენად რთული საქმეა, რომ საუკუნეები თუ არა, ათწლეულები მაინც აუცილებლად სჭირდება, შესაბამისად, ალბათ, მთლად გამართლებული არ არის საკმაოდ პრეტენზიული განცხადება, რომელიც წიგნის მეორე გვერდს „ამშვენებს“: „პროექტის მიზანია სრულიად საქართველოს გააცნოს იმ თაობის რჩეულ მწერალთა საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ
გამოჩდნენ ასპარეზზე და ლიტერატურის მოყვარულთა მოწონება დაიმსახურეს“. საქმე ისაა, რომ როგორც შევეცდებით დავამტკიცოთ ქვემოთ მოყვანილ ესეში, ზოგჯერ თაობის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის მცირე ნაწარმოები ჟურნალის რამდენიმე გვერდს იკავებს, საეჭვო ნიჭიერების ავტორს კი მთელი წიგნი ეთმობა.
1. Animal Fiction
ჯაგლაგ, არამწერლურ სინტაქსს, აქედან - გაურანდავ სტილსა და აზრის სიბლანტეს თავი დავანებოთ. ანდა ამისთვის ვისღა სცალია...
ჯ. მეხრიშვილი
თეონა დოლენჯაშვილის ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალი, ისიც წვრილი შრიფტით აკრეფილი, წიგნის ყდაზე ძლივს დაეტია. სულო და გულო, რა გინდა: „წლის საუკეთესო დებიუტი“, „წლის საუკეთესო მოთხრობა“, „წლის საუკეთესო რომანი“... ამასთან, ავტორის მიმართ დითირამბებს ჩვენი დიდი პოეტი და ესეისტი, ესთეტი და ერუდიტი, მხატვრული სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატი, შოთა იათაშვილიც არ იშურებს. ეს უკანასკნელი წერილში „თეონა დოლენჯაშვილის დუნია“ იმდენს აქებს მწერალ ქალბატონს, რომ გეგონება, მსოფლიო ლიტერატურის უთვალსაჩინოეს წარმომადგენელზე, ვინმე ახალ დოსტოევსკიზე ან, როგორც მინიმუმ, სარამაგუზეა საუბარი. საკმაოდ ვრცელ წერილში ესეისტი მწერლის ერთ ნაკლსაც არ აღნიშნავს, ესაო და უზადოა ქალბატონი დოლენჯაშვილის შემოქმედება. ასეთი ურყევი ავტორიტეტის ვერდიქტის მიუხედავად, გავკადნიერდები და შევეცდები, საპირისპირო მოსაზრება დავასაბუთო ანუ ის გამოვკვეთო, რაც შოთა იათაშვილმა ან არ ან ვერ შენიშნა.
სტილი, როგორც გორკი იტყოდა, ცხვირს ჰგავს - ორი ერთნაირი არ შეიძლება არსებობდეს. მართლაც, სწორედ ქალბატონი თეონას სტილის განხილვით მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი, რადგან დარწმუნებული ვარ, სწორედ ენის ფლობა, „სამწერლო ენის ბუნება“ წარმოადგენს ლიტერატორისათვის უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს. მიანდე ზოგ თანამედროვე ჟურნალისტს თუ მწერალს მატეო ფალკონეს ამბის გადმოცემა და მშვენიერი ნოველის ნაცვლად, მორიგი სკანდალური მკვლელობის ამბავი შეგრჩება ხელთ. მოკლედ, ჯერ ის ვნახოთ, როგორ წერს ავტორი, შემდეგ კი - რას წერს. თუ იათაშვილს დავუჯერებთ, თეონა დოლენჯაშვილის „მოზომილი, ნებიერი მეტყველება ნაწარმოების ყველაზე დრამატულ მომენტებშიც კი არ კარგავს წონასწორობას, არ ხდება ფიცხი, არეული, ბუნდოვანი“... გარკვეულწილად, ამ მოსაზრების გაზიარება შეიძლება: მწერლის მეტყველება, მართლაც, მუდამ ერთფეროვანია, ტემპერამენტის გამოვლინებები არ ახასიათებს, მდორეა და, ვიტყოდი, ზოგჯერ მოსაბეზრებელიც კი. რაც შეეხება ბუნდოვანებასა და არეულობას, აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმებით პატივცემულ კაცს. თ.დოლენჯაშვილის ენა სწორედაც არეულია და ბუნდოვანი. რიგ შემთხვევებში გაუგებარია, რისი თქმა უნდა ავტორს, ან რატომ ამბობს სათქმელს ასე. მოვიყვანოთ მაგალითი. მოთხრობაში „ვენეტა“ ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენი იმედები ჩვენ შიგნით ცხოვრობენ და ძილში ნანახი სიზმარივით მართლდებიან“. სრულიად გაუგებარია რა უნდა მრავალტაჯული ქართველი მკითხველისაგან ქალბატონ თეონას: ან ჩვენ გარეთ მცხოვრები ჩვენივე იმედები სად უნახავს, ან ეს ნაცვალსახელთა სიჭარბე რა უბედურებაა, ან ცხადში ნანახი სიზმარი როგორ წარმოუდგენია?! აქვე შევნიშნავ, რომ მწერალს შესიტყვება - „ძილში ნანახი სიზმარი“ - იმდენად დიადი მიგნება ჰგონია, რომ არაერთხელ იყენებს სხვა ნაწარმოებებშიც, კერძოდ, რომანში „მემფისი“ და მოთხრობა-ზღაპარში „ლოკოკინების მწყემსი“. მოთხრობაში „ფრთები“ წავაწყდებით ასეთ ფრაზას: „სახლში დაბრუნებული პირდაპირ საწოლში შევძვერი და იმგვარ ღრმა და უნაპირო ძილში შევცურე, როგორც უდარდელ და დიდი ხნის წინ დავიწყებულ ბავშვობაში“. აი, აქ კი, რაიმეს გაგება ნამდვილად რთულია, თუმცა ვცადოთ, იქნებ გამოგვივიდეს კიდეც. პირველი, რომ შესიტყვება - „საწოლში შევძვერი“ - არაქართულია, რუსული «влезть в постель»-ის „კალკაა“. მეორეც, სრულიად გაუგებარია მეტაფორა, რომელიც ფრაზის მეორე ნაწილშია მოხმობილი. ამ შემთხვევაში, მკითხველს რაიმეს გასარკვევად, სულ ცოტა, სკოლის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება დასჭირდება. სტაჟიანი პედაგოგი მეცხრეკლასელის ზედმეტად ექსპრესიულ ნაწერში მსგავს ფრაზას თუ ამოიკითხავს, ჯერ სიტყვებს „იმგვარ“ და “როგორც“ ამოიღებს (ისინი სრულიად ზედმეტია და გაუგებრობის მეტს არაფერს ქმნის), შემდეგ „ბავშვობას“ მთელი ამალით წინ გადმოიტანს, სწორ გრამატიკულ ფორმაში ჩასვამს და მეტ-ნაკლებად გამართულ წინადადებას მიიღებს: „უდარდელი, დიდი ხნის წინ დავიწყებული ბავშვობასავით ღრმა და უნაპირო ძილში შევცურე“. ასე იმას მაინც გავარკვევთ, რისი თქმა სურს ავტორს: თურმე, ბავშვობა გარკვეული მახასიათებლებით ძილს ჰგავს. ამგვარი შედარება, ჩემი აზრით, არაზუსტი, ნაძალადევი, თითიდან გამოწოვილი და უსაშველოდ სუსტია. ბავშვობა ზრდასული ადამიანის გადმოსახედიდან არც უნაპიროა (სწორედ მის ხანმოკლეობას ჩივის მრავალი პოეტი თუ მწერალი), ალბათ, არც ძალიან ღრმა (თუ, რა თქმა უნდა, ავტორი რუსულიდან შემოსულ შესიტყვებას - „ღრმა ბავშვობაში“ - არ გულისხმობს) და მასში შეცურვაც ძნელად წარმოსადგენია. მაგრამ შეტანილი შესწორებები შედარებას გასაგებს ხდის და მასზე მსჯელობას - შესაძლებელს.
მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი პასაჟების სიუხვის გარდა, მწერლის ენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ის გახლავთ, რომ შედარებათა და მეტააფორათა დიდი ნაწილი „ნასესხებია“. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: მოთხრობაში „მისამართი-ელენი“ შევხვდებით შესიტყვებას „მწვანე სევდა“, რაც მყარი რუსული შესიტყვების «тоска зеленая» თარგმანია; მოთხრობაში „რეალური არსებები“ ავტორი წერს: „ეს რაღაც თითში შერჭობილი ხიჭვივით აწუხებს“. რაიმე ხელშემშლელი გარემოების ხიჭვთან შედარებაც, როგორც იტყვიან, არ ახალია. ის იმდენად გავრცელებულია, რომ რუსულში უკვე იუმორისტული ელფერი მიიღო და არაფორმალურ მეტყველებაში დაიმკვიდრა ადგილი. ასე თანამედროვე კომედიების ნახევარში შევხვდებით „მეტაფორას“ «как заноза в заднице». ამდენად, ნაძალადევი სენტიმენტალურობით დაწერილ მოთხრობაში მსგავსი შედარების გამოყენება ღიმილისმომგვრელია. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან და მეტს აღარ შეგაწყენთ თავს. უბრალოდ, მოთხრობაში „განსაკუთრებული საქმე“ ქალბატონმა თეონამ მეტაფორის „შექმნის“ ნამდვილი მასტერკლასი ჩაგვიტარა. უკაცრავად და, ქუჩის ქალზე საუბრისას მწერალი გვამცნობს: „ღამის პეპელასავით მიარხევდა უნებურად თავს დამტყდარი ბედნიერებისაგან შემსუბუქებულ ფრთა-მკლავებს“. საქმე ისაა, რომ რუსულად უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს კარგა ხანია ღამის პეპლებად მოიხსენიებენ და, შესაბამისად, ეს მეტაფორა აღარაა: სხვა ენობრივ სივრცეში არსებული იდიომაა, რომლის თითქოს და ხალას შედარებად გადმოტანა, უბრალოდ, სასაცილოა. ამასთან, მოთხრობებში ხსენებული „მარგალიტები“ აქციდენციურადაა მიმოფანტული. მწერლის რაიმე გათვლაზე ან ჩანაფიქრზე საუბარი ზედმეტია. სახეზეა ლიტერატურის პროფანაცია, როდესაც ავტორი კი არ ქმნის რაიმე ახალს, არამედ ძველ, პირდაპირ ვთქვათ, “copy-paste”-ით გადმოტანილ მეტაფორებს, მომიტევეთ და, ტენის ტექსტში, იქნებ ვინმე არიფს ლიტერატურულ ნაწარმოებში აერიოსო ჩემი ნაღვაწი. ორიგინალური, დასამახსოვრებელი შედარების შექმნა, რაც დიდ ინტელექტუალურ და შემოქმედებით ძალისხმევას მოითხოვს, ქალბატონ თეონას უჭირს.
საერთოდაც, ჩემი აზრით, ავტორს სჭირს ერთი საკმაოდ გავრცელებული და მძიმე სენი - ფანტაზიის ქრონიკული უკმარისობაა. საპირისპიროს დამადასტურებლად ძნელად თუ გამოდგება ის, რომ ქალბატონი თეონას მოთხრობებში მოქმედება სხვადასხვა დრო-სივრცეში ხდება. დამეთანხმებით, იმის სათქმელად, რომ გმირები, მაგალითად, ინდოეთში არიან, კალმის რამდენიმე მოძრაობა ან კლავიშების გარკვეულ რაოდენობაზე თითის დაჭერაა საკმარისი. ბევრად ძნელია, მკითხველს ასუნთქო შორეული ქვეყნის ჰაერი, კანით აგრძნობინო ინდოეთის მწველი მზე. კარგ მწერალს ეს ძალუძს, გრაფომანს - არა. ამ უკანასკნელის ინდოეთიც და ჩინეთიც, ამერიკაც და საქართველოც ერთნაირად უგემური, ყალბი და სქემატურია. სწორედ ამგვარი ვითარებაა თ. დოლენჯაშვილის მოთხრობათა უმრავლესობაში. დაშტამპული, არაფრისმთქმელი, მოვალეობის მოხდის მიზნით მოყვანილი აღწერები (მაგალითად, კაირო: „გვიანი ღამეა და ქვიშით სავსე, უნაყოფო ჰაერი. სასტუმროში სიჩუმეა. მხოლოდ სხარტი ხვლიკები დასრიალებენ“, ანდა ტბისპირა კურორტი შეღამებისას: „მზე ჩადის. ცა წითელია, ტბაში წყალი - ისევ ლურჯი და ზედაპირზე - ცოტა წითელი“ (ხაზგასმა ჩემია. ნ.ა.) არანაირ განწყობას არ ქმნის. სრულიად არადამაჯერებელია პერსონაჟების აღწერაც. მათი სახეები უკიდურესად სტერეოტიპული და სქემატურია, არანაირი ფანტაზია, მხოლოდ ყველაზე გაცვეთილი სიმბოლოები: ქმრის მოღალატე ცოლი - აუცილებლად დიდმკერდიანი, საოცნებო, მიუწვდომელი სატრფო კი - უსათუოდ თეთრ კაბაში გამოწყობილი. მოკლედ, ქალბატონი თეონას სტილი ბუნდოვანი, არეული და გაუგებარია, მისი პერსონაჟები - სქემატური, გარემოს აღწერა - ბანალურ-სტერეოტიპული, მეტაფორები - გაცვეთილი. ვერაფერს იტყვი! თაობის საუკეთესო მწერლის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებთან გვაქვს საქმე.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მწერალ თ. დოლენჯაშვილზე. მინდოდა კიდეც, მაგრამ ჩვენმა მცირე ნარკვევმა დისერტაციის მოცულობა რომ არ შეიძინოს და მკითხველსაც არ ჩაეძინოს, მხოლოდ ერთ გარემოებაზე ვიტყვი, ისიც გაკვრით. დაე, ვინმე ღვთისნიერმა კრიტიკოსმა ბევრად უფრო მასშტაბურ და საფუძვლიან გამოკვლევაში აუხსნას საზოგადოებას, თავად ავტორს და მის მაქებარ ესეისტსაც, რომ ლეჟე, ბრაკი და პიკასო, ვან გოგის, სეზანისა და გოგენისაგან განსხვავებით, პოსტიმპრესიონისტები არ იყვნენ (მოთხრობა „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“); კაპიტელი ნაგებობა არაა, შესაბამისად, ვერც ქალაქის გეგმაზე იქნება დატანილი ტაძრებთან და ქუჩებთან ერთად („განსაკუთრებული საქმე“); ბრილიანტი მანქანის გადავლით არ იმსხვრევა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმაგრესი მინერალია („ოთხას ოცდამეხუთე“); ჯოჯოხეთი რომ შენიანებია, ჟან პოლ სარტრმა თქვა, დაახლოებით 60 წლის წინ და ორიგინალური მიგნება არაა („რეალური არსებები“); დილემა: კლონი საუკეთესო დონორია, თუ ჩვეულებრივი ადამიანი დაისვა 2005 წლის ფილმში „კუნძული“, სკარლეტ იოჰანსონისა და ევან მაკგრეგორის მონაწილეობით („ოთხას ოცდამეხუთე“)... ჩამონათვალი ვრცელია, ჩვენ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთი გარემოების გამოკვეთას ვაპირებდით. მაშ, სხვებსაც დავუტოვოთ „საკბილო“ და ქალბატონი თეონას შემოქმედების, როგორც ბატონი იათაშვილი იტყოდა, „იდეურ მახასიათებლებს“ შევეხოთ. ვგონებ, მის საილუსტრაციოდ აბსოლუტურად საკმარისი იქნება ერთი პასაჟის მოყვანა. მოთხრობაში „იანვრის მდინარე“ ავტორი წერს: „რატომ არის, რომ ადამიანებს ერთმანეთის გაშე არ შეუძლიათ? ყველგან და ყოველთვის - სიხარული იქნება თუ მწუხარება - ერთად ყოფნას ამჯობინებენ...“ მართლაც, ნეტავ, რატომ? ან კი, როგორ შეძლო ავტორმა ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის დასმა? ხედავთ, რა სიღრმეა და, ამავე დროს, რა ბავშვური გულუბრყვილობა, უშუალობა, სიხალასე... როგორც შ. იათაშვილი იტყოდა, მწერალს „რაღაც მანქანებით (მწერლური თუ ჟურნალისტური თუ ქალური გუმანით) დაჭერილი და ნაგრძნობი აქვს თანამედროვე (თუ სუპერ/ჰიპერ-თანამედროვე) ყოფის გამოცდილება“. ნამდვილად, ჰიპერთანამედროვეა მოსაზრება, რომ ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია, ოღონდ, თუ სწორად მახსოვს, ის არისტოტელეს ეკუთვნის, კერძოდ მის „პოლიტიკაშია“ გამოთქმული და თეონა დოლენჯაშვილთან საერთო არაფერი აქვს. რასაკვირველია, ადამიანისა და სოციუმის დამოკიდებულების პრობლემა მარადიულია, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში წრფელი გაკვირვებით იმის აღმოჩენა, რომ ადამიანი თურმე ბუნებით სოციალურია, სასაცილოა. ქალბტონი თეონას სხვა მრავალი იდეისა თუ სიუჟეტის, მეტაფორისა თუ შესიტყვების მსგავსად, მისი იდეებიც „ნასესხებია“. ზოგი, ერთი ავტორის ნაწარმოებიდან: თუნდაც, პელევინის „ომონ-რადან“ (მოთხრობა „ექსპედიცია“); ზოგიც, ერთდროულად მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და ბულგაკოვის „ძაღლის გულიდან“ (“Animal planet”).
საბოლოოდ, ვერაფრით დავეთანხმებით პატივცემულ ბატონ იათაშვილს მის შეფასებაში. თ. დოლენჯაშვილი ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული „მწერალია“. მაგრამ რწმენა ხომ ნიჭია, როგორც ამბობენ, უფლის მიერ ბოძებული. ამიტომ, თუ ჩვენს კრიტიკოსს ნადვილად სჯერა, რომ ქალბატონი თეონას წარმატება შემთხვევითი არაა და მისი ლიტერატურული ნიჭისა და ნაწარმოებების ხარისხის ექვივალენტურია, დაე, თავის აზრზე დარჩეს, ეგებ ნეტარებასაც გამოჰკრას ხელი.
გაგრძელება იქნება. მეორე „ესე ლიტერატურაზე“, რომლშიც ავტორი ზურაბ ლეჟავას მოთხრობას - „ერთი კრუშკა სისხლი“ - განიხილავს. იხილეთ „ლიტერატურული სალონის“ შემდეგ ნომერში.