Monday, September 3, 2012

"აბსურდეტა"

                        Image


     სამყარომ მაგიდიდან „სალფეთქი“ აიღო, საკუთარ აზრთა კრემატორიუმს მიაშურა და გადაშენებული პლანეტების შესანდობარი ბოლომდე შესვა... ოზონის ხვრელთან დაკავშირებით აბსოლუტურად მემარცხენე  პოზიცია გააჩნდა და ამიტომ დამსწრე საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ვიღაც იქ მყოფთაგანს იმაზე გაეცინა, გაჭაღარავებულ გალაქტიკას შავი ფერით რომ იღებავდა.  შემდეგ საუბარი ჩამოვარდა იმის შესახებ, რომ  დღეს დილით უცნობი ადამიანების ჯგუფს ცაზე ჰომოსაპიენსის კარიკატურა სანტავიკებით მიუწებებია და წაუწერია: „კაციჭამიობიდან - გრანტიჭამიობამდე!“

*       *       *

მისი აბსურდი დაბადებისთანავე ცერემბრალური დამბლით დაავადდა. დაბადებამდე, რომ აბსურდად ყალიბდებოდა მთელი 11 წლის განმავლობაში (პლუს სკოლამდელი ასაკი), უფალი-გარემოს ბრალიც იყო, საიდანაც გენეტიკური სიზუსტით, გეგმაზომიერად და გაუცნობიერებლად იზიანებდა ტვინის მოტორულ ფუქნციებს. ის იჯდა და წერდა ქვეყნიდან წასულ (გნებავთ გაქცეულ) თანამემამულეებზე და მიამიტურად ფიქრობდა, რომ ამით რამეს შეცვლიდა, ან ვინმეს დააბრუნებდა. ის მწერალი იყო (იდეაში მაინც) და აუცილებლობის წესი მოითხოვდა ემიგრანტებზე და “ქანქარისებურ მიგრაციაზე” ერთი ბწკარი მაინც დაეწერა. სასურველი იყო, ფინალით, რომელშიც აცრემლებულ ემიგრანტს სიკვდილის წინ მშობლიური მიწა ენატრება, ან კულმინაციურ აღსასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოაღწევდა ცვრიანი ბალახის სამშობლომდე.

*       *       *

ოთახში სურნელოვანი გაზაფხული იდგა. იატაკზე ირემი ხალიჩას ძოვდა, ხოლო კედლის კუთხეებიდან ნუშის ყვავილები იღიმოდნენ. ფანჯრებს მიღმა კი - თოვდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ მას სიცხემ აუწია და ახალი აბსურდის კვერცხად ქცეული ტვინიდან გამოჩეკა ცოტა ხნით გადაიდო. აბსურდი კიდევ ჭირისუფალივით აქეთ-იქით დადიოდა  გონებაში და თავის ნაჭუჭოვან, წებოვან გარსს წეროებს ეთამაშებოდა. ის ხომ აბსურდი იყო, მეტი არც მოეთხოვებოდა!

თავის ერთფეროვან, ერთუჯრედიან და ერთღმერთოვან სამყაროში, ის არათუ ერთი, არამედ იმაზე ბევრი იყო ვიდრე ცოტაა და იმაზე ცოტა ვიდრე თაფლი. ვერც მურა დათვი და ვერც ის, ვერასდროს გაივლებდნენ აზრად, რომ შესაძლებელი იყო დაეწერათ ბავშვის მიერ გატეხილ სათამაშოზე, ან უაქციზო ბორჯომის ბოთლზე და ბევრად ქმედითუნარიანი მოთხრობა გამოსვლოდათ. ისინი (ნოეს სინდრომით) გმირ-სლუკუნის თაბაშირში გახვეულ   და ობოლ-უპოვრების სურათ-ხატებით აგებულ  ხავსმოდებულ კიდობანს აშენებდნენ, რომელიც თავისავე ცრემლებზე დატივტივებდა და კაცთმოყვარეობის ნიანგს გაურბოდა.  ნიანგს, რომლის საცრემლე რეზერვუარი ამოუწურავ რესურსთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

*       *       *

გავიდა დრო. სამყაროს ფილტვებში ორი მეგატონა ასთმა აღმოუჩინეს და სასწრაფოდ სთხოვეს ოზონის ხვრელზე აზრი შეეცვალა, თუმცა როგორც იტყვიან: „კეტნი მეფობენ და არა ბოტასნი,“ ჰოდა სამყაროც იქ წავიდა, სადაც  თვით მეფენიც თავიანთი ფეხით დადიან. მონარქიამ არც აცივა, არც აცხელა, არც  საცივი ჭამა, არც დიდი ხნის წინ დაკონსერვებული აჯიკა და დარჩა მონარქი სიგიჟედ შერაცხული აზრების გვერდით.

კიდევ გავიდა დრო, თან როგორ გავიდა... და სივრცემ მთვარეს ყური აუწია... ყურაწითლებული მთვარე შიშის კანკალით ელოდა ღამეს (ისე დედამიწის რომელიღაც წერტილში აუცილებლად ღამეა, თუმცა ათვლას იქედან ვიწყებთ სადაც ამ დროს დღე იყო და ადამიანები ცენტრალურ ქუჩებზე „ფუტკრებივით ირეოდნენ“). ალბათ, მიხვდებოდით, რომ მთვარეს აწითლებული ყურით გამოჩენის არათუ რცხვენოდა, ეშინოდა კიდეც. რადგან  ყოველთვის პედისტალიდან მოჩანდა დედამიწისა და მისი მაცხოვრებლებისთვის და მისი მღელვარების მიზეზიც არც თუ ისე უსაფუძვლო იყო. ღამე მეტად ლმობიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერ ბინდს წარმოედგინა აქამდე და სხივ-კატანათი ხარაკირი გაიკეთა. მას შემდეგ სულ დღეა, წარმოუდგენელია, სიზმრები არ მოგენატროს... მთვარეს ყურზე სიწითლემ კი გაუარა, მაგრამ ახლა როგორ-ღა გამოჩნდება, ან სად გამოჩნდება...

*       *       *

მას სიცხემ დაუწია, ერთი წამით გაიფიქრა, რამეს დავწერო, მაგრამ მას შემდეგ „რამე“ აღარ გამოჩენილა!..

გიორგი ფირცხალაიშვილი

No comments:

Post a Comment