ენტონი ბერჯესმა წიგნი 1962 წელს დაწერა. “მექანიკური ფორთოხალი” გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული რომანია, რადგან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ენტონი ბერჯესის ცხოვრებაში ანალოგიური რამ მოხდა, რაც ნაწარმოების ერთ–ერთ გმირ ალექსანდერსს გადახდება. ბერჯესის ცოლი გააუპატიურეს ამერიკელმა დეზერტირებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში დაეხეტებოდნენ. ამ შემთხვევამ ბერჯესზე და მის ოჯახზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, სწორედ ამიტომ, ერთგვარი შურისძიების გზა იყო “მექანიკური ფორთოხალი”, რომლის დასასრულსაც მწერალს, თითქოს, უყვარდება თავისი ანტი–გმირი.
ნაწარმოების ენა ერთი შეხედვით მოუქნელია, ხშირად გაბერილიც. წერის სტილი დღიურის ტიპისაა. ეს ამართლებს, რადგან “მონანიების” შეგრძნებას ტოვებს მკითხველში. ვხვდებით რუსულ ბარბარიზმებს, რაც ქართველი მკითხველისთვის უფრო მისაღებია (ყოველშემთხვევაში მე ხალისით ვკითხულობდი ნიკებს და ზედმეტსახელებს). წიგნის წაკითხვისას ძირითადად ვღიზიანდებოდი, ალბათ, იმიტომ რომ დიდი ფანტაზიის უნარი მაქვს და შესაბამისად, მაქსიმალურად სისხლიანად წარმოვიდგენდი ალექსის და მისი საძმოს სასაკლას. მეორე და მესამე ნაწილიდან წიგნი უღიმღამო მეჩვენა, ხელოვნურად მოჩუქურთმებული ამბავი, თუ როგორ გაგვემართლებინა საბრალო ალექსი. მეტიც, მეორე და მესამე ნაწილში მისი და მისი სამეგორბოს დასჯას უფრო მკაცრად მოვითხოვდი. ლუდოვიკოს მეთოდი კი სისულელედ მეჩვენა, რადგან ტექნიკური გზით ადამიანის ცვლილება დიდად არასდროს მხიბლავდა. ერთი სიტყვით წიგნი კარგი იყო, მაგრამ არა გადასარევი და გადავინაცვლე კინოსამყაროში.
სტენლი კურბიკი ჩემი საყვარელი რეჟისორია, მას საერთოდ მივიჩნევ ყველაზე მორიდებულ და ყველაზე გენიალურ რეჟისორად ამერიკის კინოს ისტორიაში. ვთვლი რომ, XX საუკუნე ფსიქოანალიზის საუკუნეა, რომელსაც საუკუნის დასაწყისში ფროიდი იწყებს თავისი ლექციათა ციკლით, ხოლო საუკუნის ბოლოს კუბრიკი ასრულებს თავისი გენიალური ფილმებით (“მექანიკური ფორთოხალი”; “ნათება”; და პიკი– “ფართოდ დახუჭული თვალები”).
აღსანიშნავია ისიც, რომ “მექანიკური ფორთოხლის” ეკრანიზაციამ აღმოაჩინა წიგნი, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები. მართლაც, ამ ფილმის ყურების შემდეგ ის იშვიათი შემთხვევა ემართება ადამიანს, როცა ფილმი უფრო მოგწონს, ვიდრე წიგნი! კუბრიკმა ნაწარმოების მთავარი აზრი გაამდიდრა მხატვრული სახეებით, უამრავი სიმბოლოებით, შემოგვთავაზა საოცარი დეკორაცეიბი, სადაც ისევ ხაზი ესმევა კუბრიკს, როგორც ფსიქოანალიზის მიმდევარს, ფილმი დატვირთვა კარგი გამომსახველობითი მუსიკითა და სცენებით.
დავიწყოთ იქიდან რომ, ოთხი მეგობარი კუბრიკმა ერთნაირ ფორმებში გამოაწყო, თეთრი კოსტუმებითა და ერთი დამახასიათებელი სექსისტური სიმბოლოთი, წინ გამოშვერილი საფენი–პენისით. თითქმის, ყოველი სცენა დატვირთულია სექსის იდეით და აზრით, რომ ყოველივეს მიზეზი შეიძლება უსექსობაში ვეძებოთ. გავიხსენოთ, თუნდაც, ის სცენა, როცა ალექსს უღალატებენ საძმოს წევრები. ქალს, რომლის გაძარცვაც სურს ალექსს, სახლში უდევს უზარმაზარი პენისის სუვენირი, სწორედ ამ ნივთით შემოაკვდება ალექსს დიასახლისი. საოცარი სცენებია: ალექსის ოთახის სცენა; ჯგუფური სექსი გოგოებთან (საერთოდ ასეთი რომანტიული “გრუპავოი” ცხოვრებაში არ მინახია); სტუმრობა მწერალ ალექსანდერსთან და მისი ცოლის გაუპატიურება (ბიჭები აქ გახმაურებული მიუზიკლის “singing in the rain”-ის სიმღერის ფონზე ხმარობენ ქალს);
მეორე ნაწილში როცა ალექსს გამოუშვებენ ციხიდან, მაყურებელი ელის შურისძიებას, ალექსთან ერთად ეშინია და უფრო უმძაფრდება შიში მაშინ, როცა ალექსი კვლავ გადაეყრება მწერალ ალექსანდერსს. თითქოს, ბეწვის ხიდზე მიდიან ალექსი და მაყურებლები, როცა ის აბაზანაში წაიმღერებს singing in the rain-ის მელოდიას და ცდილობს სხვადასხვა ხერხებით თავი აარიდოს მწერლის ჩამჭრელ კითხვებს.
მართალია, ფილმი მიყვება წიგნის შინაარსს და ამბავს, მაგრამ იმდენად კარგად არის გამოყვანილი და დანახული ალექსის სამყარო, ის ფერადია, ლამაზია, სავსეა სიმბოლოებით, სავსეა ბეთჰოვენით, სავსეა სიყვარულით ხელოვნების მიმართ, სავსეა ახალგაზრდული ამბოხით და პროტესტით, კონტრკულტურული დამოკიდებულებით, რომ ფილმის ბოლოს მაყურებელი დადებითად განეწყობა ერთ დროს მოძალადე ალექსისადმი. კურბიკმა კვლავა გაამართლა და მეც თავისუფალი თეატრისკენ გავწიე, რათა მენახა როგორ დადგა ჩემმა საყვარელმა თეატრმა აღნიშნული ნაწარმოები.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ თავისუფალში სამი ყველაზე (ყველადროის) ძლიერი სპექტაკლებია: “ძმები”; “კავკასიური ცარცის წრე” და “მექანიკური ფორთოხალი”. წინა ორი სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ნიკოს მონაწილეობით! სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი “მექანიკური ფროთოხლის” ასეთ დადგმას. სპექტაკლმა არა მარტო გაამართლა, არამედ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. რეჟისორმა (ერთ–ერთმა საუკეთესო თეატრის რეჟისორმა დღეს არსებულ რეჟისორებს შორის) “მექანიკური ფორთოხლის” ისტორია ჩვენი ქვეყნის 90–იან, ავადსახსნებელ წლებს საუკეთესოდ მოარგო.
სპექტაკლში კარგად იყვნენ შერჩეულნი მსახიობები. ჯორჯი–ბიჭის როლი საუკეთესოდ ითამაშა ჯაბა კილაძემ, ხოლო ალექსის როლში შეუდარებელი იყო აპოლონ კუბლაშვილი (განსაკუთრებით მეორე ნაწილში). ძალიან მომეწონა რეჟისორის ინტერპრეტაცია და თამამი გადაწყვეტილება აეხსნა გმირების მდგომარეობა, როცა მეორე მოქმედებაში სამედიცინო დაკვირვების შედეგად ვიგებთ, თუ რატომ და საიდან მივიდნენ გმირები ამ მდგომარეობამდე, ვიგებთ იმასაც, თუ რა მოელით ბანდის წევრებს მომავალში. ეს იყო საუკეთესო ხერხი და გზა, რომ თავისუფალ თეატრს თავისი განსხვავებული სათქმელი ეთქვა და გაემდიდრებინა “მექანიკური ფორთოხალი”.
მომეწონა მუსიკალური გაფორმება– “ზამთარია სიცივეა”; “Summertime”; “პინას მუსიკა” და, რა თქმა უნდა, ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია. მხოლოდ ერთი ეს, “წინწყარო” მომეჩვენა ზედმეტად და ცოტა შემაშინა კიდეც. კარგად იყო გაკეთებული დეკორაციებიც: ზევით 4 ეკრანი, რომელიც 90–იანი წლების რეალურ კადრებს გვაჩვენებდნენ; მეტროს სცენა; ალექსის გადაკეთების სცენა; ქალიშილის გაუპატიურების საკმაოდ თამამი სცენა – კიდევ ერთხელ ბრავო.
ერთი ორგან ცოტა დავიბენი და შემეშინდა– კოსტას “ჰეფიენდიანი” დასასრული ბოზ ეკასთან ცოტა სასაცილო და უაზრო მეჩვენა. აგრეთვე, არ მომეწონა ის, რომ მწერალს არა თუ ცოლი, არამედ ქალიშვილი გაუუპატიურეს. შეიძლება, აქ რეჟისრომა ჩაიფიქრა ქართული ქალიშვილობის ინსტიტუტისადმი გარკვეულ წილად ირონიული გადაკვრა, მაგრამ ვთვლი, უფრო საინტერესო იქნებოდა ზრდასრული ქალი მსახიობი და ისევ მწერლის ცოლის ამპლუა.
სპექტაკლიდან გაოცებული გამოვედი, მსახიობებს და რეჟისროს წარმატებებს ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ასეთი საინტერესო დადგმისათვის.
შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ “მექანიკური ფორთოხლის” სამივე განსახიერება ხელოვნებაში მნიშვნელოვან მიზანს ისახავს აუდიტორიისადმი. შეახსენოს ადრესატს, რომ ადამიანი მექანიკური არსება არაა და ყოველგვარი მცელობა გადავაქციოთ ის ტექნიკურ და მართვად საგნად განწირული და სავალალოა საზოგადოებისათვის.
ბექა ბაღაშვილი
http://bekabaghashvili.wordpress.com/
No comments:
Post a Comment