Wednesday, July 4, 2012

ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმა – პარალელები

ამ ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ჯორჯ ორუელის მოთხრობა, “ცხოველების ფერმა”. თსუ–ს პირველ კორპუსთან ამ წიგნის სახალხო კითხვაც მოეწყო და არაერთ სტუდენტურ, თუ საზოგადოებრივ აქციაზე გაჟღერდა ფრაზები ნაწარმოებიდან. თუმცა, გადავწყვიტე ეს ნაწარმოები კიდევ ერთხელ გადამეკითხა და დეტალურად გამევლო პარალელები ჩვენს დღევანდელ ყოფასა და “ცხოველების ფერმაში” მოთხრობილ ამბავზე. შედარებისას უამრავი მსგავსება აღმოვაჩინე, მეტიც, თითქოს, ჩვენს რეალობას ვკითხულობდი.

ამ პოსტში მოკლედ შემოგთავაზებთ აღმოჩენილ პარალელებს, რათა გავაანალიზოთ: სისტემის მახასიათებელები და სახე უცვლელია,  შესაბამისად, მასთან ბრძოლის გზებიც არ შეცვლილა…

 სნოუბოლი: * ნაპოლეონის ოპონენტზე პარალელები რომ გავავალე, პირველად ზურაბ ჟვანია გამახსენდა. ის ამბავი არც აღარავის ახსოვს და თუ გაიხსენეს, აღარც ეძიებიან. ანარადა, როგორც “ცხოველების ფერმაშია”, პროგრესულად მოაზროვნე, წისქვილზე და განვითარებაზე მაყურებელ სნოუბოლს ნაპოლეონი მოიშორებს (შავი ძაღლებით, რომლებიც ტიპიურ სპეცნაზმს მოგვაგონებენ) .

* მიუხედავად იმისა რომ სნოუბოლი მკვდარია, მასზე მიდის ჭორების დაყრა და ხმების გავრცელება, რომ ის მოღალატეა. აქ კი, უკვე, ბუნებრივად, ყველა ის პოლიტიკოსი გვახსენდება, ვინც კი რევოლუციას სათავეში ედგა და მოულოდნელი ხრიკებით, თუ ფაქტებით მოღალატის პოზიციაში აღმოჩნდა.  წარმოიდგინეთ, სნოუბოლი, რომ დაბრუნებულიყო ცხოველების ფერმაში, ისეთივე წარუმატებელი პოლიტიკოსი იქნებოდა, როგორც ოქრუაშვილი, ბურჯანაძე და ა.შ. ცალკე საკითხია რატომ გაიმარგინალეს თავი ამ პოლიტიკოსებმა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მათ გამარგინალებას ხელი შეუწყო კარგმა (ნაპოლეონის სტილის) პროპაგანდამ.



იდენტური შენიღბვა: როცა ცხოველებს წისქვილი დაენგრევათ და ფერმაში სიღარიბე და შიმშილი დაისადგურებს, წიგნში ვკითხულობთ: “ნაპოლეონს კარგად ესმოდა, თუ რა სავალალო შედეგი მოჰყვებოდა, გარეთ რომ ნამდვილი ამბავი გაეგოთ. ამიტომ გადაწყვიტა, ბ–ნ უიმფერის დახმარებით სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია გაევრცელებინა.” საკმარისია, გავიხსენოთ შენიღბული დონალდ ტრამპის, თუ სხვა ამდაგვარი მსოფლიო დიდკაცების ვიზიტები საქართველოში,  დარაზმული სისტემა და სახელისუფლებო მზადება – სამოთხის ფასადებისათვის. ჩვენი მთავრობაც ხომ ამ გზით და ამ მეთოდით ცდილობს, დააჯეროს გარე სამყარო, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზეა…

წარსულზე აპელირება: დაბნეულ ცხოველებს, რომელთაც მცირეოდენი პროტესტის გრძნობა უჩნდებათ და კითხვებს სვამენ, იქვე ჩასაფრებული ნაპოლეონის დამქაშები რამოდენიმე ფრაზით ახდენენ რეაგირებას და საბრალო ცხოველებზე გავლენას. ისინი აპელირებენ წარსულით: “თუმცა, აწმყო მძიმე იყო, მაგრამ წარსულს, ჯოუნსის დროს, მაინც სჯობდა”. ხშირად გსმენიათ, ალბათ, უკვე სასაცილო და ყელში ამოსული შეგონება– “შევარდნაძის დროს ხომ ჯობია?!” მაგრამ რის ფასად, როგორ, რატომ? ამას არავინ არ დაეძებს. წარსულზე აპელირება ყველაზე ძლიერი პარალელია ჩვენსა და ცხოველების ფერმაზე !

იდენტური სტატისტიკა: “ცხოველების ფერმაში” ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს სტატისტიკის დეპარტამენტი. ორუელის წიგნში ვკითხულობთ: “ცხოველები იგებდნენ, თუ როგორ გაიზარდა ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება ორასჯერ, სამასჯერ და ზოგჯერ ხუთასჯერაც.” ჩვენს შემთხვევაში სტატისტიკის დეპარტამენტი ტელევიზიაა. ყოველ დღე ტელევიზიიდან ჩვენც ისეთივე წარმატებებზე, წინსვლაზე და პროდუქციის მატებაზე გვაწვდიან ინფორმაციას, როგორც ცხოველების ფერმაში.

ხელისუფლებისა და ეკლესიის მიმართება:  ბოლოს კი გამოვყოფ საოცარ მსგავსებას, თითქოს,  ასე კარგად არავის აღუწერია ქართული ეკლესიისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება. საკმარისია, მოსე ყვავი წარმოვიდგინოთ ქართულ ეკლესიად და უთუოა, ორუელიც მოსე ყვავში რელიგიურ ინსტიტუტს მოიაზრებდა (სახელი მოსე, იგი შავია – ანაფორიანი მღვდელივით და მრავალსაუკუნოვანია – რელიგიასავით), ხოლო ღორებში ტირანიას. ეს ამონარიდი პირდაპირ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ქართული ეკლესიისა და საქართველოს ხელისუფლების თანაარსებობა: “გაუგებარი იყო ღორების დამოკიდებულება მოსესადმი. სიტყვით კი დასცინოდნენ და აცხადებდნენ, რომ “შაქრის მთის” (უთუოდ სამოთხე – პოსტის ავტ.) ამბები მოსეს მონაჩმახიაო, მაგრამ ფერმაში დარჩენის უფლებას აძლევდნენ, მისგან მუშაობას არ მოითხოვდნენ და დღეში კათხა ლუდსაც ასმევდნენ.”

დასასრულს, ორიოდე სიტყვით ნაწარმოების დასასრულზე და ზოგადად ორუელზე. ნაწარმოები საკმაოდ პესიმისტურად მთავრდება, ცხოველები შეამჩნევენ ღორების შეცვლილ სახეებს და მათ ძალაუფლებისადმი სწრაფვას. თუმცა, ეს შემჩნევა და გააზრება, შეგვიძლია მოვიაზროთ, შემდგომი ამბოხის დაწყებად, რადგან გაანალიზებაიგივეობისა, ქმნის ახალი ამბოხის გარანტს. 1954 წლის “ცხოველების ფერმის” ანიმაცია ბევრად უფრო რეალისტურად სრულდება, იქ ცხოველები ახალ ამბოხებას იწყებენ ახალი მოძალადის წინააღდმეგ.

ჩემი აზრით, ორუელი საკმაოდ შემგუებელი და კონფორმისტი მწერალია. ისევე როგორც “ცხოველების ფერმა” მისი მეორე გახმაურებული ნაწარმოებიც “1984 წელი”, შეგუების ფენომენითა და სისტემის გამარჯვებით სრულდება. მიუხედავად ამისა, ხაზი უნდა გავუსვათ მის ირონიულ, სარკასტულ და საოცარი ლიტერატურული სიმბოლოებით დახუნძლულ წერის სტილს. ჩემთვის, კი ორუელი გაცხადებისმწერალია, გაცხადება კი ბოროტებასთან და, ზოგადად, სისტემასთან ბრძოლის ერთ–ერთი საუკეთესო იარაღია.
http://www.youtube.com/watch?v=xlPRV2fFmLo

ავტორი ბექა ბაღაშვილი

bekabaghashvili.wordpress.com

No comments:

Post a Comment