დაიბეჭდა "ლიტერატუწული სალონის" აგვისტოს ნომერში
,,ოდისეა” ეპოქას შექმნის” - გოგოლის ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა ჰომეროსის პოემის ჟუკოვსკისეულ თარგმანს, რომელმაც, მართლაც, მოახდინა უდიდესი გავლენა მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაზე და, მეტიც, რუსული კულტურის მნიშვნელოვან ფაქტად იქცა. ჩვენს პრაგმატულ დროში ძნელი წარმოსადგენია, მსგავსი ფუნქცია რომელიმე კლასიკური ნაწარმოების თარგმანმა იტვირთოს. სამაგიეროდ, თანამედროვე ავტორების, ახალი პოეტური ტრადიციის შემქმნელთა შემოქმედების გადმოტანა ქართულ ენაზე ეროვნული კულტურის გამდიდრების, გამრავალფეროვნების საწინდარი შეიძლება გახდეს. ოდენის, ელიოტის ან, თუნდაც, გელვიკის თარგმნამ ბიძგი უნდა მისცეს ახალ საზომებზე, ახალ რითმებზე მუშაობას, ეროვნული პოეზიისათვის უცხო, ხარისხობრივად განსხვავებული მეტაფორების დამკვიდრებას... შესაბამისად, ძალიან გამიხარდა, როდესაც ერთ ჩემს მეგობართან, წიგნის თაროზე დიდი რუსი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ახალი თარგმანები შევნიშნე.
რა თქმა უნდა, ზედმეტია კიდევ ერთხელ იმის აღნიშვნა, თუ რაოდენ დიდი შემოქმედი იყო ბროდსკი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი წვლილი პოეზიის განვითარებაში. ვიტყვი მხოლოდ, რომ მის შემოქმედებაში საინტერესოდ შეერწყა ერთმანეთს რუსული ლიტერატურული ტრადიცია და მე-20 საუკუნის უდიდესი პოეტების მიღწევები. შედეგად, ბროდსკის ლექსები ერთგვარი მოდელია, რომელიც აჩვენებს პოეტური ენისა და საშუალებების გათანამედროვების, გადახალისების შესაძლო გზებს. სწორედ ეს განაპირობებს მისი ნაწარმოებების თარგმნის საჭიროებას. შესაბამისად, დადებითად