Monday, June 25, 2012

... ბატონ გრიგოლ ჯოხაძის მიერ ბროდსკიდან ლექსების თარგმანზედა

დაიბეჭდა "ლიტერატუწული სალონის" აგვისტოს ნომერში

,,ოდისეა” ეპოქას შექმნის” - გოგოლის ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა ჰომეროსის პოემის ჟუკოვსკისეულ თარგმანს, რომელმაც, მართლაც, მოახდინა უდიდესი გავლენა მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაზე და, მეტიც, რუსული კულტურის მნიშვნელოვან ფაქტად იქცა. ჩვენს პრაგმატულ დროში ძნელი წარმოსადგენია, მსგავსი ფუნქცია რომელიმე კლასიკური ნაწარმოების თარგმანმა იტვირთოს. სამაგიეროდ, თანამედროვე ავტორების, ახალი პოეტური ტრადიციის შემქმნელთა შემოქმედების გადმოტანა ქართულ ენაზე ეროვნული კულტურის გამდიდრების, გამრავალფეროვნების საწინდარი შეიძლება გახდეს. ოდენის, ელიოტის ან, თუნდაც, გელვიკის თარგმნამ ბიძგი უნდა მისცეს ახალ საზომებზე, ახალ რითმებზე მუშაობას, ეროვნული პოეზიისათვის უცხო, ხარისხობრივად განსხვავებული მეტაფორების დამკვიდრებას... შესაბამისად, ძალიან გამიხარდა, როდესაც ერთ ჩემს მეგობართან, წიგნის თაროზე დიდი რუსი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ახალი თარგმანები შევნიშნე.

რა თქმა უნდა, ზედმეტია კიდევ ერთხელ იმის აღნიშვნა, თუ რაოდენ დიდი შემოქმედი იყო ბროდსკი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი წვლილი პოეზიის განვითარებაში. ვიტყვი მხოლოდ, რომ მის შემოქმედებაში საინტერესოდ შეერწყა ერთმანეთს რუსული ლიტერატურული ტრადიცია და მე-20 საუკუნის უდიდესი პოეტების მიღწევები. შედეგად, ბროდსკის ლექსები ერთგვარი მოდელია, რომელიც აჩვენებს პოეტური ენისა და საშუალებების გათანამედროვების, გადახალისების შესაძლო გზებს. სწორედ ეს განაპირობებს მისი ნაწარმოებების თარგმნის საჭიროებას. შესაბამისად, დადებითად უნდა შეფასდეს თავად ის ფაქტი, რომ ბატონმა გია ჯოხაძემ გადაწყვიტა, ეთარგმნა და 2008 წელს გამოეცა კიდეც იოსიფ ბროდსკის შემოქმედების კრებული.

სანამ თავად წიგნის შინაარსზე ვისაუბრებდეთ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი გარემოება - წიგნის უკანა ყდაზე მოყვანილ მთარგმნელის მოკლე ბიოგრაფიაში ვკითხულობთ:

“თარგმნის რუსულ, ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას და ესეისტიკას. მისი თარგმანები (ელიოტი, უიტმენი, სენდბერგი, ოდენი, პაუნდი, უოლქოთი, ჰინი, შიმბორსკა, ფინთერი, ლესინგი, მილოში, ბროდსკი, გასეტი, კორტასარი, ბორხესი, ვილდგანსი, ჰოფმანსთალი, რილკე, ვაინჰებერი, ვერფელი, პუშკინი, ახმატოვა, ცვეტაევა, მანდელშტამი, ახმადულინა, როჟდესტვენსკი, ოკუჯავა...) იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში” (ხაზგასმა ჩემია. ნ. ა.).

ვგონებ, მოყვანილი ციტატა კომენტარს არ საჭიროებს. დავძენ მხოლოდ, რომ ამ წერილის ავტორისათვის ორი რამ რჩება ამოუხსნელ ამოცანად: რომელი ენიდან (ინგლისური, რუსული, გერმანული) თარგმნა ჯოხაძემ, მაგალითად, გასეტი ან კორტასარი და რას უნდა ვუმადლოდეთ მის ასეთ მოულოდნელ გულახდილობას.

თავად კრებული ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: 1) ვრცელი ბიოგრაფიულ-ლიტერატურული გამოკვლევა ი. ბროდსკის შესახებ; 2) ლექსები; 3) ესეები; 4) ინტერვიუები. ამას გარდა, გამოცემა მოკლე შესავალს, კომენტარებსა და შენიშვნებს მოიცავს. სრულყოფილი ანალიზისათვის, აუცილებლად მიმაჩნია, გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ,,ცხვრები და თხები”, ჯერ წიგნის პირველ, მესამე და მეოთხე ნაწილებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა და მხოლოდ შემდეგ მივაპყროთ ყურადღება ლექსებს.

იოსიფ ბროდსკი არა მარტო დიდი პოეტი, ბრწყინვალე ესეისტი, ხელოვნების შესანიშნავი თეორეტიკოსი და არაორდინალური პიროვნება იყო. თანამედროვე მკითხველისათვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს როგორც მისი შეხედულებები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ასევე - მისი ცხოვრების რთული და საინტერესო გზა. ამდენად, დასაფასებელი და მისასალმებელია, რომ გია ჯოხაძემ გადაწყვიტა ქართულენოვანი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გაეხადა ბროდსკის ნააზრევი, მისი ესეები, ინტერვიუები და ნობელის ლექცია. ცალკე აღნიშვნის ღირსია საფუძვლიანი, საინტერესო ენით დაწერილი და კრიტიკული აპარატით აღჭურვილი გამოკვლევა, რომელიც წიგნის პირველ ნაწილს წარმოადგენს. უდავოდ შექების ღისრია მკვლევარი, რომელმაც მრავალი ცნობა შეკრიბა და უაღრესად საინტერესო ნარკვევში მოუყარა თავი ინფორმაციას როგორც ბროდსკის ცხოვრების, ასევე ცნობილ თანამედროვეებთან მისი ურთიერთობის შესახებ. მოკლედ, კრებულის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილები დადებითად უნდა შეფასდეს და ბატონი გია ჯოხაძის დიდ დამსახურებად ჩაითვალოს.

მართალი გითხრათ, ბიოგრაფიული ნარკვევის წაკითხვის შემდეგ ძალიან მინდოდა მეორე ნაწილზე - საკუთრივ ლექსების თარგმანებზე - სასწრაფოდ გადასვლა. შესანიშნავი გამოკვლევით გამოწვეულმა დიდმა მოლოდინმა კიდევ უფრო გაამძაფრა იმედგაცრუება, რომელიც პოეტური თაგმანების გაცნობისას დამეუფლა. ბროდსკის ლექსების ქართულად გადმოტანის მთავარი მიზანი ხომ, როგორც ითქვა, იმ ახალი მიდგომებისა და ენობრივი საშუალებების მკითხველისათვის გაცნობაა, რომელიც პოეტის უნიკალური სტილისთვისაა დამახასიათებელი. გასაგებია, რომ ყველაფრის უცვლელად შენარჩუნება თარგმანში შეუძლებელია, მაგრამ, როგორც გორკი წერდა, ენის მიღმა ავტორის ტემპერამენტი უნდა იგრძნობოდეს. ამას კი ბატონი ჯოხაძე ვერ ახერხებს, უფრო სწორად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არც ცდილობს. ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ მთარგმნელი უდიერად ეპყრობა ორიგინალს: თარგმანი არც ენობრივად ზუსტია და არც იმდენად ლამაზი, რომ დედნის ტექსტიდან მრავალი გადახვევა ,,გამოისყიდოს”.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: 1972 წელს ბროდსკი წერს ლექსს ,,ერთი ტირანისადმი”. მოვიყვან ჯერ ლექსს ორიგინალში, შემდეგ - გია ჯოხაძისეულ თარგმანს.

Одному тирану

Он здесь бывал: еще не в галифе –

в пальто из драпа; сдержаный, сутулый.

Арестом завсегдатаев кафе

покончив позже с мировой культурой,

он этим отомстил (не им,

но Времени) за бедность, униженья,

за скверный кофе, скуку и сраженья

в двадцать одно проигранные им.

И Время проглотило эту месть.

Теперь здесь людно, многие смеются,

гремят пластинки. Но пред тем как сесть

за столик так и тянет оглянуться.

Везде пластмасса, никель – все не то;

в пирожных привкус бромистого натра.

Порой, перед закрытьем, из театра

он здесь бывает, но инкогнито.

Когда он входит, все они встают.

Одни – по службе, прочие – от счастья.

Движением ладони от запястья

он возвращает вечеру уют.

Он пьет свой кофе – лучший, чем тогда,

и ест рогалик, примостившись в кресле,

столь вкусный, что и мертвые «о, да!»

воскликнули бы, если бы воскресли.

ერთ ტირანს

აქ დადიოდა, თუმც გალიფეს ჯერ არ იცვამდა,

კონსპირაციის ყბადაღებულ წესებს იცავდა.

დრაფის პალტოში გახვეული, მოხრილი წელში,

ყავას სვამდა და კალმასობდა თვალებით ჭერში.

მას ბედისწერამ სულ სხვაგვარი გზა დაუსახა:

კაფეც დაკეტა და კულტურაც დაატუსაღა.

სამაგიერო ხალხს კი არა, დროს გადუხადა,

იმისთვის, სულ რომ ამცირებდნენ, რომ არ უყვარდათ,

რომ შიმშილობდა, მოწყენილი რომ იყო ღამით,

მისთვის ბანქოში რომ წააგო ერთხელაც თავი.

ეს სისასტიკე ახლა უკვე არავის ახსოვს:

კაფეში ისევ ბევრი დადის, თვრება და მასხრობს.

წლებს გაჰყვა თითქოს ძველი ტანჯვა, ძველი წვალება,

ხალხი ვიღაცას მაინც უფრთხის და ემალება.

და ზოგიერთებს არც ატყუებთ თურმე გუმანი:

ხანდახან კაფეს ინკოგნიტო სტუმრობს სტუმარი.

ესალმებიამ ბედნიერნი უზომოდ ვითომ,

ზოგს სამსახური ავალებს და ირჯება მიტომ,

ზოგს ისევ მისგან ენატრება დაფნით შემოსვა,

კვლავაც გულწრფელად უხარია მისი შემოსვლა.

მაჯას შემართავს და ჩერდება წამით დროება -

საღამოს ეშხი უბრუნდება და მყუდროება.

ყავაა ისე გემრიელი, თავბრუს რომ ახვევს,

ხოლო ფუნთუშა ისე ძალუმ არომატს აფრქვევს,

რომ თვით მკვდრებიც კი, ჭეშმარიტად თუ აღდგებოდნენ,

კვერს დაუკრავდნენ, მის საქებრად ამღერდებოდნენ.

თავდაპირველად, განვიხილოთ ლექსის სტრუქტურა. ორიგინალში ის შედგება სამი რვაბწკარიანი სტროფისაგან: პირველ ორში რითმებია - ABABჩDDჩ, ხოლო მესამე სტროფში - ABBAჩDჩD; თითოეული ბწკარი ათმარცვლიანია. ახლა ვნახოთ, არა, ვენახი არა - თარგმანი. ქართულ ვარიანტში რაღაც ეშმაკის მანქანებით აღმოჩნდა ოცდაექვსი სტრიქონი. ლექსი არ არის დაყოფილი სტროფებად, ხოლო თითოეულ ბწკარში ათის ნაცვლად თოთხმეტი მარცვალია. ამგვარი დამოკიდებულება ორიგინალთან დაუშვებლად მიმაჩნია. ჯოხაძემ ბროდსკის ლექსის კონცენტრირებული, მაგარი ღვინო წყლით გააზავა და უგემური, უფერული სითხე მიიღო, რომელსაც უსუსურებისა და უნიჭობის გემო დაჰკრავს. ნიკოლაი გუმილიოვი წერდა, რომ ჭეშმარიტი პოეტისათვის ფორმა არსის, გონის გადმოცემის ერთადერთი საშუალებაა. ლექსისათვის კი თუნდაც ერთი ბწკარის დაკლება ან მომატება მისი ,,დაძაბულობის ხარიხს” ცვლის. აქედან გამომდინარე, ბატონი გრიგოლ ჯოხაძე თავისი ტექნიკურად გაუმართავი თარგმანით შეეხო ლექსის წმიდათაწმიდა წყობას, შეცვალა იგი და, პრაქტიკულად, გაანადგურა ის პირველქმნილი მშვენიერება, რომლითაც ორიგინალი მკითხველს ხიბლავს.

მართალია, მთარგმნელის ხსენებულ საქციელს გამართლება არ აქვს, თუმცა, შეიძლება, ნაკლებად მკაცრად განგვესაჯა ბატონი ჯოხაძე, თუკი ის ფორმას შინაარსის, ლექსიკური და აზრობრივი სიზუსტის სამსხვერპლოზე დაწვავდა. მაგრამ მთარგმნელმა ამ მხრივაც მრავალი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. უცილობლად აღსანიშნავია ორი ძირითადი ასპექტი: ბროდსკის პოეზიისათვის აბსოლუტურად შეუსაბამო სიტყვების გამოყენება და  სტრიქონების, ზოგჯერ - წინადადებების, შინაარსის ისე შეცვლა, რომ ავტორი მათ ძნელად თუ იცნობდა.

ისეთი ლექსიკური ერთეულები, როგორიცაა: ,,კალმასობა”, ,,ყბადაღებული”, ,,ძალუმი”... ბროდსკის თარგმანისას სრულიად გამოუსადეგარია. ორიგინალში გამოყენებული ყველა სიტყვა ცოცხალი, სალაპარაკო ენის ნაწილია. სწორედ ესაა პოეტის ერთ-ერთი თავისებურება, ის  ერიდება მაღალფარდოვან სიტყვებს და არქაიზმებს, ,,სირთულესა” და ,,ელიტარულობას” კი დახვეწილი სინტაქსური კონსტრუქციების საშუალებით აღწევს.

ღიმილისმომგვრელია ტავტოლოგია: ,,სტუმრობს სტუმარი”, დედანის ლაკონურობის ნაცვლად მთარგმნელი უადგილო უხვსიტყვაობას იჩენს: ,,ესალმებიან ბედნიერნი უზომოდ ვითომ”, ,,ზოგს ისევ მისგან ენატრება დაფნით შემოსვა”, ,,კვერს დაუკრავდნენ, მის საქებრად ამღერდებოდნენ”... ამგვარი შეუსაბამობები და ხარვეზები იმდენად თვალშისაცემი არ იქნებოდა, სრულიად მთარგმნელის სინდისზე რომ არ იყოს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გრიგოლ ჯოხაძე ბროდსკის ,,შეცდომებს უსწორებს” და ცდილობს ისეთი აზრები ჩააქსოვოს თარგმანში, რომელიც ორიგინალში საერთოდ არ არის. შედეგად კი კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილ პასაჟებს ვიღებთ. ლექსის დედანში არსად წერია, რომ ტირანი სამაგიეროს იხდის იმისთვის, ,,მოწყენილი რომ იყო ღამით, მისთვის ბანქოში რომ წააგო ერთხელაც თავი”. ეს ფრაზა საერთოდ გაუგებარია და ლექსს ,,ჰორორის” პიკანტურ ნოტებს ჰმატებს: თითქოს ქალებში წარუმატებლობის შემდეგ ტირანმა წააგო ბანქოს საბედისწერო თამაში და ახლა, უთავო მხედარს დამსგავსებული, სამაგიეროს უხდის დროებას. ეს ფრაზა შესაძლოა, ახალი ჰოლივუდური ბლოკბასტერის რეკლამაში გამოიყენონ, ბროდსკის პოეზიის თარგმანში კი, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჟღერს.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას რითმების შესახებ. ორიგინალში ისინი თავიდან სადა, მარტივია და შემდეგ ეტაპობრივად რთულდება, ხოლო ლექსის დასასრულს, ბოლო სტრიქონებში ბროდსკი მთელ თავის ოსტატობას ავლენს. დახვეწილი წყვილები: “тогда” _ “о, да!”, “в кресле” _ “воскресли”, ჯვარედინი და, ამავდროულად, ევფონიის მიხედვით, არაზუსტი რითმების მონაცვლეობასთან ერთად უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია: მათი საშუალებით ავტორი ქმნის ბომონდური კაფეს პოეტურ ხატს, მკითხველი თითქოს ხედავს ინტერიერს, გრძნობს ყავისა და ფუნთუშის მომაჯადოებელ, მაგრამ სახიფათო გემოს. მთარგმნელმა მოახერხა ეს ეფექტიც გაეფუჭებინა. მჭახე, პრიმიტიული, AABB რითმები ლექსის მთელ მაგიას აქრობს, ბროდსკის ნატიფ, მშვენიერ რიტმიკას ანადგურებს, თარგმანს საბოლოოდ აშორებს ორიგინალს. ბატონ ჯოხაძეს ,,ბალახი-ტალახი” არ გაურითმავს, თორემ ,,წელში-ჭერში” და ,,აღდგებოდნენ-ამღერდებოდნენ” წყვილები არ დაუშურებია.

ხსენებული ,,შეცოდებების” შედეგად მივიღეთ სრულიად, მთლიანად განსხვავებული ნაწარმოები, რომელსაც არაფერი არქვს საერთო დიდი რუსი პოეტის მიერ დაწერილ ლექსთან. მთარგმნელმა შესაშური პედანტურობით გაანადგურა ლექსის აურა, მოკლა ბროდსკისეული სტილი, განწყობა, რიტმი და რითმები, რიგ შემთხვევებში დაამახინჯა აზრი და სრულიად უადგილო ლექსიკური ერთეულებით შეცვალა ავტორის მიერ გადმოცემული განწყობა.

შესაძლოა,  ზემოთქმულიდან მკითხველმა დაასკვნას, რომ ამ წერილის ავტორისათვის ზოგადად მიუღებელია ე.წ. თავისუფალი თარგმანი და ის მთარგმნელს ზედმეტს სთხოვს: ბროდსკის პოეზიის ქართულად ზედმიწევნით ზუსტად გადმოტანა ხომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შევეცდები გავაქარწყლო ეს შთაბეჭდილება. რასაკვირველია, იოსიფ ბროდსკი ,,რთულად სათარგმნი” პოეტია და მისი უნიკალური სტილის შენარჩუნება სხვა ენაზე არც თუ ადვილი საქმეა; ასევე, ეჭვს არ იწვევს, რომ მთარგმნელი ვერ გაექცევა დედანის გარკვეულ ცვლილებას. ეს გარდაუვალია, ამდენად - მისაღებიც, მხოლოდ იმ პირობით, რომ გადახვევები უნდა ემსახურებოდეს ავტორისეული განწყობის, ნაწარმოებში ჩადებული აზრის სრულყოფილად გადმოცემას: როგორც ერთხელ უკვე ითქვა, ენის მიღმა ორიგინალი უნდა იკითხებოდეს. რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა დიდ ნიჭსა და ძალისხმევას მოითხოვს და სწორედ ეს განასხვავებს კარგ თარგმანს ცუდისაგან. მაგალითისათვის საკმარისია რამდენიმე სტრიქონი ვახუშტი კოტეტიშვლისეული თარგმანიდან ბროდსკის ლექსისა ,,ორი საათი რეზერვუარში”. ორიგინალი ასე გამოიყურება:

“И с опозданьем, гей, была открыта

им айне кляйне фройляйн Маргарита”.

მოვიყვანოთ ამ სტრიქონების თარგმანი:

,,ძალზე გვიან, მაგრამ მაინც: ჭიტა!

ვუნდერბარულ უცებ გაიჩითა

აინე ქლაინე ფროილაინ მაგრარიტა”.

აქ დედანში შეტანილი ცვლილებები დასაშვებად, ,,აუცილიბელ ბოროტებად” შეიძლება მივიჩნიოთ. ისინი გამართლებულია, რადგან მიღებულ ტექსტში გადმოცემულია როგორც აზრი, ასევე განწყობა და რითმა. ვახუშტი კოტეტიშვილი აჰყვა პოეტის მიერ წამოწყებულ ლიტერატურულ თამაშს და, ბროდსკის მსგავსად, გამოიყენა გერმანული სიტყვა wunderbar (მშვენიერი, სასწაულებრივი), ოღონდ ქართული სუფიქსი ,,-ულ” დაუმატა. გარდა ამისა, თავისუფლად მოიშველია ბავშვური ,,ჭიტა” და  ჟარგონული ,,გაიჩითა”, რითაც ბროდსკის უნიკალური სტილი შეინარჩუნა და მკითხველს აგრძნობინა ორიგინალის ,,გემო”. ჩვენ მიერ განსახილველ თარგმანებში კი ბატონი ჯოხაძე სწორედ ამ ,,გემოს” გადმოცემას ვერ ახერხებს. განვიხილოთ ორიოდე მაგალითი:

ზოგადად, ბროდსკის პოეზია თავისებური ირონიული ინტონაციით ხასიათდება: ზოგჯერ ავტორი მიზანს უწმაწური სიტყვების, სკაბრეზული იუმორის, უხეში და დახვეწილი ლიტერატურული სტილის შერევით აღწევს. ასე, ,,წერილი გენერალ ძ-სადმი” იწეყება სტრიქონებით:

“Генерал! Наши карты-дерьмо. Я пас.

Север вовсе не здесь, но в Полярном Круге”.

ამ დროს მნიშვნელოვანია აღნიშნული კონტრასტულობის შენარჩუნება. ჯოხაძე კი, რატომღაც, ბროდსკის ლექსების

,,გაკეთილშობილებას” ცდილობს, რის შედეგადაც სრულიად სახეცვლილ, უგემურ, მტკნარ, ,,უმარილო” სტრიქონებს ვიღებთ:

,,ო, გენერალო ამ კარტს ახლა გროში აქვს ფასი.

ჩრდილოეთს ეძებთ? პოლუსისკენ მოგიწევთ გაცლა”...

ჩემი აზრით, ამ თარგმანის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯოხაძეს შეეშინდა სიტყვისა ,,дерьмо" (რომელსაც, შევნიშნავ, ქართულში არაერთი შესატყვისი აქვს – ზედმეტად უხეშიM,,მძღნერიდან” ამ სიტუაციაში სრულიად გამოსადეგი ,,ნეხვის” ჩათვლით). შედეგად, ლექსი არა განწყობის შემქმნელი, ძლიერი შეძახილით დაიწყო, არამედ უსახური კურტუაზიული სიტყვაუხვობით, რამაც ნაწარმოების სტილი, ინტონაცია შეცვალა, დაუკარგა მას მთელი ხიბლი და ერთ უსახურ რამედ აქცია.

ზემოთ განხილულ შემთხვევაში იმის ვარაუდი მაინცაა შესაძლებელი, თუ რატომ გადაასხვაფერა მთარგმნელმა ტექსტი. სამწუხაროდ, არაერთი ლექსის თარგმანში ცვლილებების მიზეზის დადგენა ადამიანურ ძალას აღემატება. კერძოდ, მოვიყვან რამდენიმე სტროფს ლექსიდან ,,გორაკები” და გია ჯოხაძისეულ თარგმანს:

“Вместе они любили

сидеть на склоне холма.

Оттуда видны им были

церковь, сады, тюрьма.

Оттуда они видали

заросший травой водоем.

Сбросив в песок сандалии,

сидели они вдвоем.

Руками обняв колени,

смотрели они в облака.

Внизу у кино калеки

ждали грузовика.

...

სანამ თარგმანს მოვიყვანდეთ, შევთანხმდეთ - ხაზგასმა ჩემია და გამოჰყოფს იმ მონაკვეთებს (სიტყვებს, ფრაზებს, სტრიქონებს...), რომელიც ორიგინალის ტექსტში საერთოდ არ მოგვეპოვება და ბატონი ჯოხაძის მიერ არის შეთხზული:

“გორაკზე ერთად უყვარდათ ჯდომა,

სულს ახელებდა სიმაღლის წვდომა

და ახლობელი სიშორე რიყის –

ეკლესიების, ბაღების, ციხის,

დაატყვევებდნენ ხელებით მუხლებს,

თვალს აყოლებდნენ ზოზინა ღრუბლებს.

კინოსთან კრძალვით იდგნენ ლოთები,

ვით - ცარიელი ღვინის ბოთლები.

...

მართლაც, გაუგებარია საიდან გაჩნდა ბროდსკის მარტივ, სადა ტექსტში მოუქნელი, სრულიად ზედმეტი ფრაზა: ,,სულს ახელებდა სიმაღლის წვდომა”, ან რომელი რიყის ,,ახლობელ სიშორეზე” საუბრობს ჯოხაძე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბატონ გიას, უბრალოდ, არ ესმის, რას თარგმნის. საუბარი არაა ენობრივი ერთეულების მნიშვნელობის ვერ გაგებაზე. მთარგმნელი ,,მუღამს ვერ უჭერს” ლექსს, ვერ ხვდება, რა არის მასში მთავარი და, ამდენად, რა უნდა შეინარჩუნოს აუცილებლად. ,,გორაკების” ხიბლი მათი სიმარტივეა - პოეტი იყენებს ძალიან უბრალო სიტყვებს და სადა, მოკლე და ზუსტ სინტაქსურ კონსტრუქციებს. ყველა ფრაზა ამ ლექსში ცალსახაა და ზედმიწევნით კონკრეტული: ბროდსკი აღწერს, რას ხედავენ გმირები, როგორ სხედან, რა ხდება დაბაში (ან, იქნებ, ქალაქში), რომელსაც ისინი გასცქერიან. ამ მომაჯადოვებელ სიმარტივესა და სიზუსტეს მთარგმნელი პირველი ბწკარებიდან მოყოლებული მეთოდურად ანადგურებს და მის ნაცვლად ,,ფსევდოპოეტური” ენით გადმოსცემს სათქმელს. შედეგად ვიღებთ სრულიად სხვა, მდარე ტექსტს, რომლიც, ჰოლივუდური ფილმების ენით რომ ვთქვათ, ბროდკის ლექსის მოტივებზეა შექმნილი, რიმეიქს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა მიუღებელია და კონკრეტული ლექსის თარგმანზე საუბრის გაგრძელება აზრს იქნებოდა მოკლებული, რომ არა გარემოება, რომელიც აუცილებლად ცალკე უნდა აღინიშნოს. მოყვანილი მონაკვეთის ბოლო სტრიქონში, როგორც ვთქვით, ჯოხაძე წერს:

,,კინოსთან კრძალვით იდგნენ ლოთები,

ვით - ცარიელი ღვინის ბოთლები.”

გაგახსენდათ, ძველი საბავშვო სალაღობო ლექსი:

,,შემოვიდნენ ლოთები

დაგვიმტვრიეს ბოთლები?”

დიახ, რითმა ,,ლოთები-ბოთლები” იმდენად გაცვდა (შევნიშნოთ, არც მისი თავდაპირველი გამოყენება იქნებოდა ინტელექტუალური გმირობა), რომ თანამედროვე სახუმარო ფოლკლორში გადმოინაცვლა, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ბევრად მნიშვნელოვანი და ცალსახად აღმაშფოთებელი კი ისაა, რომ ქართულ პოეზიაში დამკვიდრებული შედარება (რომელიც, რაღა შორს წავიდეთ, თუნდაც ლაშა გახარიასა და ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში შეგხვდებათ) პოეტურსახეგამოლეულმა მთარგმნელმა იოსიფ ბროდსკის მიაწერა. შედეგად, სატვირთო მანქანის მომლოდინე ხეიბრები ბოთლებივით მდგომ ლოთებად იქცნენ. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია მთარგმნელს უტიფარი მინის ტარა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა, ვიტყოდი, სურრეალისტური საუბრის თემაა.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ რამდენადაც საფუძვლიანი, საინტერესო და დადებითი შეფასების ღირსია ჩვენ მიერ განხილულ კრებულში მოყვანილი ესეები, ინტერვიუები და ბიოგრაფიული გამოკვლევა, იმდენად უსახური და უგემურია ნათარგმნი ლექსები. როგორც გამოჩნდა, ბროდსკის ლექსების თარგმნა აშკარად აღემატება ბატონი გრიგოლ ჯოხაძის ძალებს. როგორც იტალიელი მთარგმნელი, მარგერიტა გვიდაჩი იტყოდა, ლექსს არ სურს, რომ იგი თარგმნოს კონკრეტულმა მთარგმნელმა. შესაბამისად, ალბათ, უპრიანი იქნებოდა სამნაწილიანი წიგნის გამოცემა, რაც ორმაგ დადებით შედეგს გამოიღებდა: მთარგმნელი კრიტიკას აიცილებდა თავიდან და მხოლოდ მოიმადლიერებდა მკითხველ საზოგადოებას, ეს უკანასკნელი კი უქმად არ დახარჯავდა დროს, რომელიც ბროდსკის პოეზიის ჯოხაძისეული თარგმანის წასაკითხადაა საჭირო.

პოსტ სკრიპტუმის ნაცვლად, თუ ნებას მიბოძებთ, ჩემს ერთ ოცნებას გაგიმხელთ: ნეტავ, მთარმნელებმა ექიმებს მიბაძონ და მისდიონ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ჰიპოკრატეს მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპს - ,,არ ავნო”!

ნიკოლოზ აგლაძე

No comments:

Post a Comment