Wednesday, June 20, 2012

პოსტმოდერნისტული ტექნოკრატიის ფილოსოფობია

(დაიბეჭდა ,,ლიტერატურული სალონის" იანვრის ნომერში)

,,რა ბედნიერნი არიან ეს უბედურნი, რომ ვერ ხვდებიან, რომ უბედურნი არიან”.                                                                                                                     პასკალი

,,ჭეშმარიტი მომავლის მოპოვება ძალუძთ  არა სუსტებს, ახალი დროის ყველა სახარებისაგან გულაჩუყებულებს,არამედ – მხოლოდ ძლიერებს, ამავე დროს – წარსულზე მაგრად ხელჩაჭიდებულებს”.                                                                                                               შელინგი

(მკითხველს ვთავაზობთ ერთ-ერთ შემოკლებულ თავს)    ... ყოველივე ამან, ბუნებრივია, პირდაპირი ასახვა ჰპოვა ხელოვნებაზე, როგორც კაცობრიობის სულიერი მოღვაწეობის ყველაზე ამაღლებულ სფეროზე. შესაბამისად, პოსტმოდერნიზაციის გარდაუვალმა პროცესმა ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობა საკუთარი ესთეტიკურ-ინტელექტუალური მიმართულებების პარალელურად წარმართა და  წარმოქმნა ეგრეთწოდებული ,,ახალი ხელოვნება”, რომლის მიზანს, როგორც ჰანს ზედლმაირზე დაყრდნობით ტიტუს ბუკჰარდტი წერს, ,,ადამიანის დამახინჯება” წარმოადგენს...    აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პოსტმოდერნიზმის კვლევისას ჩვენ არაფრის  დიდებით არ უნდა დავემსგავსოთ ხელოვნების ისტორიკოსებს. თუმცა ეს, რასაკვირველია, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფიური გამოცდილება არ გავითვალისწინოთ. როგორც ორტეგა ი გასეტი ერთგან წერს: ,,ვისაც ნაწარმოებში ხუანის თუ მარიამის, ტრისტანისა თუ იზოლდას ბედი აღელვებს და სწორედ ამას უსადაგებს თავის სულიერ აღქმას, ვერასოდეს დაინახავს საკუთრივ მხატვრულ ნაწარმოებს”. აქედან გამომდინარე, ფილოსოფიას, ესთეტიკას მართებს არა კონკრეტული ფაქტების კონსტატაცია და ანალიზი, არამედ ამ პროცესის შინაგან თავისებურებათა მახასიათებლების კანონზომიერებების დადგენა და საჭიროების შემთხვევაში სიტუაციის რადიკალიზება. ამიტომაც სრულებითაც არ არის სავალდებულო, ვინმეს ,,ახალი”: პოეზიის, მხატვრობის, მუსიკის და ა.შ ჩვენეული შეფასება განსაკუთრებით აინტერესებდეს. ამიტომაც, საჭიროა, განსახილველი პრობლემის ზოგადი ასპექტების სიღრმისეული სისწორით ანალიზი და არა მისი კონკრეტული, კერძო, ფაქტობრივი გამოვლინებების აღწერა-შეფასების შედეგად მიღებული დასკვნების განზოგადება. ასე, რომ საკითხის მიმართ ინტერპოლაციური მიდგომაა საჭირო, რადგან პოსტმოდერნიზმს, როგორც ,,მთელსა” და მის კონკრეტულ ,,ნაწილებს” შორის არაადიტიური დამოკიდებულებაა.       ძირითადი თემის სრულყოფილი ანალიზისათვის (რამდენადაც ეს შესაძლებელია), პირველ რიგში, აუცილებლად მიგვაჩნია ორი ცნების - ,,პოსტმოდერნიზმისა” და ,,თანამედროვე ხელოვნების” ურთიერთმიმართების ანალიზი. დასადგენია, თუნდაც კონტექსტუალურად, რამდენად იგივეობრივი, ეკვივალენტურია ისინი და შეიძლება თუ არა მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა. ამ პრობლების გადაჭრა საშუალებას მოგვცემს, კონკრეტულ საგანს, ფენომენს მისი არსობრივი, იდეური, ესენციალური, ბუნებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ,,მოვარგოთ” შესაბამისი ცნება. კვლევა-ძიების ამ კუთხით წარმართვა, გარდა ენობრივი უზუსტობისა, თავიდან აგვაცილებს შესაძლო  დაუდევრობას - ერთმანეთთან საზრისული მდგომარეობით სრულიად განსხვავებული მოცემულობების იდენტიფიცირება, გაიგივება მოვახდინოთ.     აუცილებელია ითქვას, რომ ცნება - ,,თანამედროვე”, საზოგადოებაში გაბატონებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არ შეიძლება აღნიშნავდეს რაიმე მყარ ღირებულებას. ის არც ეპოქალურობასა და მის იდეოლოგიურ მრწამსს შორის მსოფლმხედველობრივ იდენტობაზე შეიძლება მიანიშნებდეს. ,,თანამედროვე” მეტად კონტექსტუალური ცნებაა დროის ფენომენთან მიმართებაში. სხვა საქმეა, თუ რა მნიშვნელობები შეიძინა ამ ცნებამ და რა შინაარსობრივი დატვირთვებით ფიქსირდება ამჟამად ენობრივ ველში. ჩვენ მისი პირველადი ლინგვისტური საზრისი გვაინტერესებს და ამიტომაც განვიხილავთ ყოველგვარი სოციო-ისტორიული გავლენებისაგან გამიჯვნით. ვფიქრობთ, დავას არ უნდა იწვევდეს, რომ მისი კონკრეტული საგნის ან მოვლენასთან მიმართებაში გამოყენება მცირედითაც ვერ ცვლის ამ უკანასკნელის (საგნის, მოვლენის) ბუნებას. ჰანს ზედლმაირი წიგნში ,,თანამედროვე ხელოვნების რევოლუცია” წერს: სიტყვებით - ,,თანამედროვე ხელოვნება”, საქებრად იქნებიან ისინი გამოყენებულნი, თუ საძაგებლად - გვეუფლება წარმოდგენა, რომ ოდესღაც ,,ჩვენს დროში”, ხელოვნებაში ან მისი მეშვეობით წარმოიქმნა ,,სრულიად ახალი” ისეთი რაღაც, რაც ამ “თანამედროვე ხელოვნებას” და მხოლოდ მას, ძირშივე განასხვავებს ,,ძველი ხელოვნებისაგან”. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, შეიძლება ითქვას, რომ ,,თანამედროვე” არ არის რაიმე თვისების მატარებელი ცნება; ის მხოლოდ გარკვეული მოვლენის, საგნის ისტორიული დროის მიმართ ეპოქალურ ,,დამთხვევაზე” მიუთითებს; მაშინაც კი, როდესაც რაიმე ვითარებასთან მიმართებაში, რომელიც წარსულში შეიქმნა, ვხმარობთ სიტყვა ,,თანამედროვეს”, ჩვენ სწორედაც იმ პერიოდში მყოფი ადამიანის პოზიციიდან ვაფასებთ მდგომარეობას. უფრო ზუსტად და კონკრეტულად რომ ვთქვათ, არსობრივად სიტყვა ,,თანამედროვეს” დროით-სიტუაციური დატვირთვა აქვს და მასთან იდეურად ახლოს მდგომ ტერმინად ,,თანადროული” უფრო სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე ნებისმიერი პრედიკატი, რომელიც საგნობრივ მოცემულობას თუნდაც მცირედით მაინც ცვლის. ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლებელი მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთებაა - ცნებების ,,პოსტმოდერნული” და ,,თანამედროვე” ნიველირება დაუშვებელია. მეტიც, ისინი ხელოვნებასთან უშუალო მიმართებაში მეტონიმიურიც კი არ არის და ერთ საგანზე შეიძლება არც ,,ლაპარაკობდეს”. მართლაც, დიდი იმედი მაქვს, რომ თანამედროვეობაში არიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც პოსტმოდერნისტულ მსოფლმხედველობასთან იდეოლოგიურად არაფერი აკავშირებთ და მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ისინი მაინც აწმყოს ,,საკუთრებად ითვლებიან”... თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ რამდენიმე განსაკუთრებულად ნიჭიერმა ერთეულმა შემოქმედმა კლასიკურ ესთეტიკურ ღირებულებებთან პოსტმოდერნისტული კომერციულობის საკმაოდ წარმატებული, საინტერესო ადაპტირება შემოგვთავაზა.                     ახლა კი, როდესაც უკვე დავიზღვიეთ თავი გაუგებრობისაგან - მსჯელობისას ვიგულისხმოთ ერთი საგანი, ფენომენი და სინამდვილეში ვაანალიზებდეთ მეორეს, თამამად შეგვიძლია, ,,პოსტმოდერნიზმის” არსის განხილვაზეც გადავიდეთ.     პირველ რიგში, აუცილებელია, გავარკვიოთ, თუ რა წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების მაინ სტრეამ-ს. ორტეგა ი გასეტი ერთგან წერდა: ,,ახალი ხელოვნება არახალხურია თვით თავისი არსით. მეტიც, ის ანტიხალხურია. მისი ნებისმიერი ქმნილება ავტომატურად იწვევს საზოგადოებაში კურიოზულ სოციოლოგიურ ეფექტს. პუბლიკა ორად იყოფა; ერთი ნაწილი, უფრო მცირე, კეთილმოსურნედაა განწყობილი, მეორე, გაცილებით უფრო დიდი, მტრული თვალით უყურებს მას”! აქვე აუნდა ითქვას, რომ თუ იმდროინდელი ეპოქის ხელოვნების ამ ,,დახასიათებას” ,,გადმოვიტანთ” და ,,მოვარგებთ” თანამედროვეობას, აღმოვაჩენთ, რომ ,,ახალი ხელოვნების”, რაშიც იმ პრინციპული, თვისებრივი ნიშნების ერთობლიობა იგულისხმება, რაზეც გასეტი საუბრობს, ანალოგს, დღევანდელობაში არა პოსტმოდერნისტული, არამედ კლასიკური ხელოვნება წარმოადგენს. ეს ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად შემზარავი პარადოქსია, მაგრამ ცხადია, რომ თუ ორტეგა ი გასეტის დროს ხელოვნების მაინ სტრეამ-ს კლასიკური ხელოვნება წარმოადგენდა, ხოლო ,,ახალ ხელოვნებას” საზოგადოების დიდი ნაწილი უპირისპირდებოდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მეტიც, დემონსტრაციულად ,,გაუკუღმართდა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ლოგიკური გამომდინარეობა, რომლის მიხედვით, მოვლენათა პერმანენტული განვითარების შემთხვევაში, აუცილებლობის წესით, პოსტმოდერნისტული ხელოვნება,  სიახლის, ნოვაციურობის (ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა სახის სიახლეზეა საუბარი) თვალსაზრისით, ორტეგა ი გასეტის მიერ კლასიფიცირებული ,,ახალი ხელოვნების” ანალოგად სავსებით სამართლიანად უნდა მიგვეჩნია, ხოლო კლასიკური ხელოვნება  ,,არახალხური ხელოვნების” ანტიპოდად, მთლიანად დაირღვა. შესაბამისად, შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვით, გასეტის მიერ ,,ახალი ხელოვნებისათვის” ,,მინიჭებული” ნიშნები, თანამედროვე ეპოქის მსოფლხედვის მიხედვით, არა პოსტმოდერნისტული, არამედ კლასიკური ხელოვნებისათვის არის დამახასიათებელი. მართლაც, საზოგადოების ძალზე დიდი ნაწილი კი არ ეწინააღმდეგება, არამედ სიამოვნებით ღებულობს პოსტმოდერნისტულ ხელოვნებას. ეს სიტუაცია, მეცნიერული სიზუსტით, სამი სიტყვით შეგვიძლია, დავახასიათოთ, როგორც ,,ღირებულებათა გრძელი როქი”. ამის ფონზე კი მოდერნიზმის, განსაკუთრებით კი პოსტმოდერნიზმის მიმდევრები არასოდეს ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ზიზღი იმ ესთეტიკური ღირებულებების მიმართ, რომლის მატარებელიც კლასიკური ხელოვნებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტმოდერნისტული ტალღა, მართალია, ჯერჯერობით, ვერ ,,ბედავს” უკვე კლასიკად ქცეული ხელოვნების ნიმუშები დაბალი დონის მხატვრულ პროდუქტად გამოაცხადოს (თუმცა ამის დიდი სურვილი აქვს), მაგრამ უკვე პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ხელოვნების ქმნილებებს, რომელიც კლასიკური სტილისა და ესთეტიკის დაცვით არის შექმნილი, ,,არქაულს”, ,,მოძველებულს”, ,,შესაბამისად” კი ,,დრომოჭმულსა” და ,,ამაზრზენსაც” კი უწოდებს; ეს კი, რასაკვირველია, კლასიკური ხელოვნების ანუ ხელოვნების ზიზღსა და სიძულვილს ნიშნავს. ასე, რომ ხოსე ორტეგა ი გასეტის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყოველგვარი მორიდებისა და კრძალვის გარეშე, უნდა ითქვას, რომ მისმა წინასწარმეტყველებამ, თითქოს - ,,ახალ ხელოვნებას (,,ახალი” - ამ სიტყვის დროული მნიშვნელობით) საქმე აქვს მისდამი მტრულად განწყობილ მასასთან, და ასე იქნება მუდამ” - რამდენიმე ათწლეულსაც კი ვერ გაუძლო.     ახლა კი, როდესაც განვსაზღვრეთ თუ რა წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების მაინ სტრეამ-ს და, შესაბამისად, ვიცით, თუ რა არის ჩვენი კვლევა-ძიების მთავარი საგანი, შეგვიძლია, უფრო დეტალურად ჩავუღრმავდეთ საკითხს. პირველ რიგში, აუცილებლად მიგვაჩნია თანამედროვე შემოქმედის, ხელოვანის სულიერ, ესთეტიკურ მოთხოვნილებებზე, მიზნებსა და ხელოვნების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მსჯელობა. ობიექტრობისათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემოქმედებითობის, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების, პოსტმოდერნისტი ხელოვანის ტიპთან კოლიზიაში განხილვა.     ჭეშმარიტი ხელოვნებისა და სუბიექტური (და არავითარ შემთხვევაში ობიექტური) რეალობის ურთიერთმიმართების საკითხი იმ მარადიულ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება, რომელიც ისტორიულობის პარალელურად სულ უფრო და უფრო მეტ სიმწვავეს იძენს. მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ფილიპ ლერში მიიჩნევს, რომ მათ შორის დამოკიდებულება ურთიერთმოქმედი არ შეიძლება იყოს. მართლაც, სინამდვილე, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ყოფიერების ეპოქალურ განაზრებას წარმოადგენს,  საკუთარ ღირებულებათა გავლენის გაზრდას, რაც, როგორც წესი, წმინდა შემოქმედების (ამ შემთხვევაში, არ იგულისხმება ,,…….. პურე”-ის პრინციპი)  ფიზიკური არსებობის  ,,მიჩქმალვასთან”, არცნობასთანაც კი შეიძლება გავატოლოთ, ისე ახერხებს, რომ ამ ,,ბუნებრივი” პროცესიდან თავად ,,მშრალად ამოდის” და მცირედითაც კი არ ტრანსფორმირდება. ეს ყოველივე ზოგს შეიძლება პარადოქსულადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ თანადროულობის მხრიდან ,,ტექსტთა დაჩაგვრის” მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა ,,ჩვეულებრივს” ხდის ამ ფაქტს, რომ თითქოს, ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა სხვას რას უნდა ელოდო ,,ხელოვნებისაგან”, რომელიც სიმბოლიზმის თეორეტიკოსის ვიაჩესლავ ივანოვის სიტყვებით რომ ვთქვათ ,,პროგრესის ფატალისტურ მოძღვრებაზეა დამყარებული”. ამ გაგებით, პოსტმოდერნიზმი ამორალური მოვლენაა. მაგრამ ის იმიტომ კი არ არის ამორალური, რომ ამორალურია, არამედ იმიტომ რომ მორალური არ არის.      პოსტმოდერნიზმი ყოველგვარი ზნეობრივი, ესთეტიკური ნორმების ,,გარღვევით” არის წარმოშობილი. ზოგი შეიძლება შემოგვედაოს, აკი-ღა გოეთე და კანტიც იმას აღნიშნავდნენ, ტალანტი უკვე არსებულ წესებს კი არ იყენებს, არამედ თავად არის კანონმდებელი, თავად უდგენს ხელოვნებას წესებს და ამიტომაც რეზულტატი სრულიად ახალი ხელოვნებააო. მაგრამ, როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ და დავასაბუთეთ, ,,პოსტმოდერნისტული ესთტიკა” და, შესაბამისად, ,,პოსტმოდერნისტული ხელოვნება” მეტად წინააღმდეგობრივი ცნებებია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წესებსაც აქვს შექმნის უზოგადესი წესები, კანონზომიერება, რომელიც ხელოვნებას ხელოვნებად აქცევს...    როგორც მარქსი წერდა: ,,ადამიანი გარდაქმნის სამყაროს სილამაზის, მშვენიერების კანონების შესაბამისად”. პოსტმოდერნიზმში ეს ,,წესი” აბსოლუტურად ,,გაუკუღმართდა” და ახლა ადამიანი ,,სილამაზის კანონებს” გარდაქმნის სამყაროს შესაბამისად; ხელოვნება გარე ძალებზეა ორიენტირებული და ამდენად, ის სპეციფიკურ, ინდივიდუალურ ღირებულებებს კარგავს. სწორედ ამიტომ აზრი, რომლის მიხედვითაც პოსტმოდერნიზმში ქრება ინდივიდუალიზმი და ავტორი აღარ არის ლიდერი, ის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მოკვდავია, ნამდვილად არ არის გონიერებას მოკლებული. ამ ,,ღირსების” ,,დამსახურებაა”, რომ პოსტმოდერნიზმი მასობრივი კულტურის პროდუქტად ჩამოყალიბდა. როგორც კანტი წერს: ,,ხელოვნება გენიის ქმნილებაა, გენიის გარეშე ის არ არის ჭეშმარიტი ხელოვნება”. კანტი იმასაც ამბობს, რომ ,,გენია მოქმედებს როგორც ბუნება, მან რაღაც უნდა გამოიგონოს და არა აღმოაჩინოს”!  ახალი დროის შემოქმედი კი  კონსტრუქტორს ჰგავს, რომელიც მხატრული პროდუქტის შესაქმნელად მზა მასალას იყენებს. სწორედ პოსტმოდერნიზმისათვის დამახასიათებელი ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ის უნიჭოთათვის იდეალურ პირობებს ქმნის - ადვილად გაასაღონ ყველაფერი ხელოვნებად.     გოეთე ავტონომიას უქმნის შემოქმედს ხელოვნების სამყაროში და მთავარ მოთხოვნად ხელოვნების მიმართ კეთილსინდისიერებას უყენებს. სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში ამბობს კანტი: ,,ოსტატი, რომელიც ხელფასისათვის ქმნის, ხელოსანია და არა ხელოვანი”.  სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პოსტმოდერნიზმს, როგორც კომერციულ ინტერესებზე აგებულ მიმართულებას, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან არაფერი აკავშირებს. შესაბამისად, მისი მიმდევრების დიდი ნაწილი სრულიად სამართლიანად შეიძლება მოინათლონ უბრალო ხელოსნებად, მუშებად, რომელთათვისაც უმთავრესი მატერიალური კეთილდღეობაა და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად აწვალებენ კალამს, ფუნჯს და ა.შ.       თუმცა, ეს სრულად როდი ამოწურავს პოსტმოდერნიზმის ჩრდილოვან მხარეებს. მეორე, მეტად მტკივნეულ უკიდურესობას ის წარმოადგენს, რომ ამ საყოველთაო უსამართლობით იმედგაცრუებული ჭეშმარიტი ხელოვნები ხშირად ,,ტოვებენ” ლიტერატურას და აბსოლუტური გულწრფელობით ათქმევინებენ საკუთარ პერსონაჟებს: ,,ნეტავ არც ერთი პოეტი ახლოს არ გამეცნო”! (საუბარია თანამედროვე ქართველი მწერლის, რამაზ ბერაძის, ფილოსოფიურ-მისტიკურ რომანზე - ,,მარადისობის მარადიული მისტერია”, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - ,,ელი” წარმოთქვამს ამ სიტყვებს).   მიუხედავად ამისა, როგორც გამორჩეული პოეტი და მოაზროვნე - მიხეილ გოგუაძე  ერთგან წერს: ,,მიწის ფიალას მოთმენა ავსებს, სინათლისაკენ იძვრის ყოველი”.  სხვა რა დაგვრჩენია! ჩვენც დაველოდოთ წინასწარმეტყველების აღსრულებას - “ჭეშმარიტების ექსპერტიზაზე გულაღმა წვანან გაფატრული საუკუნენი” (მ. გოგუაძე).    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოსტმოდერნი საერთო მენტალური მდგომარეობაა და კაცობრიობის ევოლუციური, ტექნოკრატიული, განვითარების ანუ დეკადანსის ერთ-ერთ ბოლო ფაზას წარმოადგენს.  ყოველივე ამის შედეგი კი ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის იდეური ზღვარის წაშლაა. როგორც მარტინ ჰაიდეგერი წერდა: ,,ხელოვნება და მეცნიერება ეს ის ორი უდიდესი მწვერვალია, რომელსაც უფსკრული ჰყოფს”. პოსტმოდერნისტული ხელოვნება კი ორი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ესთეტიკურის (და არა ესთეტიკური) ნიჰილიზმი. რაც თავისთავად გულისხმობს ესთეტიზმის დასასრულს ყოფიერებაში. ესთეტიზმი კი ხელოვნებას იცავდა ,,ყოფიერების სულიერი სიმდაბლისაგან” და მეცნიერული, გეომეტრული, არითმეტიკული სიზუსტისაგან. შესიტყვება ,,პოსტმოდერნისტული ესთეტიკა”, არსობრივად იგივეა, რაც ორი ცნების - ,,ტექნოკრატიისა” და ,,ესთეტიკურის” სინთეზი. ტერმინი ,,ტექნიცისტურ-ესთეტიკური” კი თავისივე თავშივეა წინააღმდეგობრივი და ორი არსობრივად დაპირისპირებულ ღირებულებათა პოლუსის სინთეზს გულისხმობს. პოსტმოდერნისტულ ხელოვნებაში სიტყვები კი არ მნიშვნელობენ, არამედ მნიშვნელობები მნიშვნელობენ, საგნებიდან მათი საზრისული ,,მარადიული ამწყოს” ,,გატანა” კი ისე ხდება, რომ საგანი იგივე რჩება. ყოველივე ეს საკმაოდ დიდ საფრთხეს ბადებს, რომ თეორიული მეცნიერება ხელოვნებისათვის იმპულსთა წარმომქმნელ ფაბრიკად გადაიქცეს. ამის შედეგია კითხვა, რომელიც უკვე საკმაოდ აქტუალურია: ,,შეუძლია კი მეცნიერებას მეცნიერული სახით წარმოსდგეს”?.. აქვე თავს ბუნებრივად იჩენს მეორე უკიდურესობა - ხელოვნებას, რასაკვირველია, არ ძალუძს მთლიანად კონსტრუირდეს წმინდა თეორიულ მეცნიერებად და ვიღებთ შემდეგ სურათს: თეორიული მეცნიერება ეძლევა ლეთარგიულ ძილს, ხოლო ხელოვნება კვაზი-მეცნიერული ხდება.    შესაბამისად, ხელოვნებამ დაკარგა სამყაროს სუბიექტურ-ობიექტური აღქმის უნარი. მას რეალობის მხატვრულად ასახვის ძალა აღარ შესწევს და საკუთარ დანიშნულებად სინამდვლის კოპირება გაიხადა. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ “ახალი ხელოვნების” პერსონაჟებს ადამიანებისათვის რომ ,,გაეცვალათ” ადგილი არსებითად არაფერი შეიცვლებოდა. როგორც ორტეგა ი გასეტი წერს: ,,რელობა ჩასაფრებულია და გამუდმებით უთვალთვალებს მხატვარს, რომ გაქცევის საშუალება არ მისცეს”... ასე, რომ ხელოვნების იდეურ-არსობრივი დეგრადირება იმ მხატვრის, ხელოვანის სინდისზეა, რომელსაც რეალობისაგან თავის დაღწევისათვის ნიჭი არ ყოფნის. არადა ხელოვნების ძირზე კი არ უნდა აღმოცენდეს ადამიანი, არამედ პირიქით, ადამიანზე უნდა აღმოცენდეს ხელოვნება...    საბოლოოდ, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ის, რაც მხოლოდ არსებობდა, აღარ შეიძლება დაბრუნდეს..

ავტორები:

ლექსო დორეული    ბაქარ როსტიაშვილი

No comments:

Post a Comment