საინტერესოა, შევძლებ თუ არა ამას.
პირველად სალვატორე მაშინ გავიცანი, როდესაც 15 წლის ბიჭი იყო, სასიამოვნო მომცინარი სახითა და უდარდელი თვალებით. დილაობით თითქმის შიშველი ნაპირზე იწვა ხოლმე, გარუჯული ტანი კი ჩხირივით თხელი ჰქონდა. იგი მოხდენილი ყმაწვილი გახლდათ. მთელ დღეებს ცურვაში ატარებდა. ცურავდა მეთევზე ბიჭივით, მოუქნელად. მკლავს ძალას არ ატანდა.
დაკოჟრილი ფეხებით მიცოცავდა დაკბილულ კლდეებზე, ფეხსაცმელს კვირის გარდა არასდროს ატარებდა. გადმოხტებოდა და აღტაცების შეძახილით ჩაეშვებოდა ხოლმე ღრმად წყალში. მამამისი მეთევზე იყო და პატარა ვენახს ფლობდა, სალვატორე კი ორი უმცროსი ძმისთვის ძიძის როლს ასრულებდა _ უყვიროდა მათ, როდესაც მეტისმეტდ შორს შეცურავდნენ; გამოაწყობდა ხოლმე,რათა ასულიყვნენ ვაზით დაფარულ გორაკზე და ეგემათ თავიანთი ღარიბული ვახშამი.
მაგრამ სამხრეთის იმ მხარეებში ბიჭები მალე იზრდებიან. სალვატორესაც მალევე შეუყვარდა თავდავიწყებით ერთი მშვენიერი გოგონა, რომელიც გრანდ მარინაზე ცხოვრობდა. მისი თვალის ფერი ტყის გუბეებს მოგაგონებდათ, ქცევით კი ისე იქცეოდა, თითქოს ცეზარის ქალიშვილი ყოფილიყოს. თუმცაღა დაინიშნნენ, ქორწინება იქამდე არ შეეძლოთ, სანამ სალვატორე სამხედრო სამსახურს არ მოიხდიდა და როდესაც იძულებული გახდა, ცხოვრებაში პირველად, მიეტოვებინა ირლანდია, რათა ემსახურა მეფე ვიქტორ ემანუელის საზღვაო ფლოტში, იგი ბავშვივით ქვითინებდა. ადამიანისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა ჩიტზე ნაკლებ თავისუფალი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა სხვისი ბრძანებების შესრულება. უფრო რთული კი, როგორც სჩანს, მისი მშვენიერი, ნათელი ვაზით გარსშემორტყმული კოტეჯის მაგიერ სამხედრო გემზე უცხოებთან ერთად ცხოვრება აღმოჩნდა. ჩამოდიოდა რა ნაპირზე,დაეხეტებოდა ხმაურიან ქალაქებში, სადაც სულაც არ ჰყავდა მეგობარი, რომელთა ქუჩებიც იმდენად იყო გადატვირთული, რომ ქუჩის გადაკვეთაც კი აშინებდა. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც იგი ასე ძლიერ იყო შეჩვეული ჩუმ ბილიკებს, მთებსა და ზღვას. მგონი, თავში არც არასდროს მოსვლია, რომ ისნიას (ზღაპრული კუნძული), რომელსაც ყოველ საღამოს უცქერდა ხვალინდელი ამინდის გასაგებად, ან მარგალიტისფერ განთიადს ვისუვიუსზე რაიმე საერთო ექნებოდა მასთან. მაგრამ როდესაც იგრძნო, რომ მათ ვეღარ ხედავდა, ბუნდოვნად გააცნობიერა, რომ ისინი ისევე იყვნენ მისი სხეულის ნაწილები, როგორც ხელები და ფეხები. საშინლად ენატრებოდა სახლი. ყველაზე რთული კი იმ გოგოსგან შორს ყოფნა აღმოჩნდა, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა მის ახალგაზრდა გულს. გადაწყვიტა მიეწერა მისთვი გრძელი, ბავშვური ხელით ნაწერი წერილი, რომელიც სავსე იყო ორთოგრაფიული შეცდომებით, სადაც უხსნიდა, თუ რაოდენ ენატრებოდა იგი და რაოდენ დიდი იყო მისი შინ დაბრუნების სურვილი. მას კი ხან სად აგზავნიდნენ,ხან სად : სპენცია, ვენეცია, ბენი, საბოლოოდ კი ჩინეთი. ჩინეთში მისთვის ამუცნობი ავადმყოფობა შეეყარა, რის გამოც საავადმყოფიში რამოდენიმე თვე იწვა. ამ ყველაფერს კი მუნჯი, გაუგებარი, ძაღლური სიმშვიდით იტანდა. მალევე შეიტყო, რომ რევმატიზმით იყო დაავადებული, რის გამოც იგი ვეღარ გააგრძელებდა სამხედრო სამსახურს. თუმცა იმის მაგიერ, რომ ჯანმრთელობაზე ედარდა, სულაც არ უსმენდა ექიმს, ფიქრობდა რა, როდის დაბრუნდებოდა თავის პატარა კუნძულზე, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა და ნახავდა გოგოს, რომელიც ასე ძლიერ ელოდა მას.
როდესაც სალვატორე ჩაჯდა ნავში, რომელიც მის გემს ნეაპოლში დახვდა და მისცურა ნაპირამდე, თვალი მოჰკრა მის მშობლებსა და ორ ძმას, რომლებიც უკვე დიდი ბიჭები იყვნენ და ხელის ქნევით მიესალმა მათ. თვალებით კი საცოლეს ეძებდა ბრბოში, მაგრამ ვერაფრით წააწყდა. როდესაც გადმოსცდა კიბეებს, დაიწყო გაუთავებელი კოცნა-ხვევნა, ისმოდა მისალმების შეძახილები. ბოლოს დედას ჰკითხა გოგონას შესახებ , მან კი მიუგო, რომ არაფერი იცოდნენ, რადგან ორი თუ სამი კვირაა აღარ ენახათ იგი. ამგვარად, საღამოს, როდესაც მთვარის შუქი ანათებდა მშვიდ ზღვას, შორიდან კი მოსჩანდა ნეაპოლის რამპების ციმციმი, იგი მისეირნობდა გრანდ მარინის ქუჩაზე მის სახლთან, გოგონა კი დედასთან ერთად კარის კიბესთან ჩამომჯდარიყო. ამდენი ხნის შემდეგ ერიდებოდა კიდეც მასთან მისვლა. ბოლოს ჰკითხა მიეღო თუ არა წერილი, რომელიც მის შინ დაბრუნებას იუწყებოდა. დიახ, მათ მიეღოთ წერილი და გაეგოთ ერთ-ერთი მენავისგან მისი დაბრუნების მიზეზი, ავადმყოფობა. განა ეს არ იყო იღბალი? თუმცა უკვე ისიც შეეტყოთ, რომ ვეღარასდროს გამოჯანმრთელდებოდა. მართალია ექიმებმა ბევრი სისულელე ელაპარაკეს, მაგრამ სალვატორემ ხომ მაინც იცოდა, რომ ახლა, როდესაც სახლშია, აუცილებლად შეძლებდა კარგად ყოფნას. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, სანამ დედამ ხელი არ ჰკრა გოგონას, გოგონამ კი ანგარიშგაუწევლად, მისი წრისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით მიახალა, რომ ვერაფრით გაყვებოდა ცოლად მამაკაცს, რომელიც ვერასდროს იმუშავებდა დაუღლელად. მის ოჯახს ყველაფერი გადაეწყვიტა, მამიმისი კი არასდროს მისცემდა თანხმობას.
როდესაც სალვატორე შინ დაბრუნდა, მიხვდა, რომ ყველამ იცოდა ამის შესახებ. მამამისს უკვე მოეხსენებინა მათთვის მისი გადაწყვეტილება. თუმცა გამბედაობა არ ეყოთ, თავად ეთქვათ მისთვის. იგი ქვითინებდა დედის მკერდზე, საშინლად უბედურად გრძნობდა თავს, თუმცა გოგონას სულაც არ ადანაშაულებდა. მეთევზის ცხოვრება ხომ მძიმეა, ძალა და გამძლეობა სჭირდება. კარგად ესმოდა, რომ გოგონა ვერ გაყვებოდა ცოლად იმგვარ მამაკაცს, რომელსაც მისი რჩენა არ შეეძლო. ნაცემი ძაღლივით დადიოდა და იღიმებოდა უკიდურესად სევდიანი ღიმილით, თუმცა არც ერთხელ დაუჩივლია და გოგონას მიმართ არც ცუდად წამოსცდენია სიტყვა.
როდესაც რამოდნიმე თვეში იქვე დასახლდა, დაიწყო მუშაობა მეთევზედ და ვენახის მოვლასაც შეუდგა, დედამ უთხრა, რომ სოფელში ერთ გოგოს სურდა მასზე ქორწინება. მას ასუნტა ერქვა.
-იგი ეშმაკივით უშნოა-თქვა სალვატორემ.
ასუნტა სალვატორეზე უფროსი იყო, 24 თუ 25 წლისა. იგი დანიშნული ყოფილა ბიჭზე, რომელიც სამხედრო სამსახურის დროს დაღუპულა აფრიკაში. მას გააჩნდა ცოტაოდენი ფული და თუ სალვატორე დათანხმდებოდა მის შემოთავაზებას, იგი უყიდდა ტივს. ამგვარად, მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა ეპატრონათ ვენახისთვის რომელიც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ჯერჯერობით თავისუფალი იყო. დედამ მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ შეამჩნია ასუნტამ სალვატორე რომელიღაცა დღესასწაულზე, მას მაშინვე შეჰყვარებია ბიჭი. სალვატორემ ყოველივეზე ტკბილად გაიღიმა და დედას დაპირდა, დავფიქრდებიო. შემდეგ კვირას სალვატორე გახამებულ შავ კოსტიუში გამოეწყო, რომელშიც იგი ბევრად უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე ყოველდღიურ შარვალსა და მაისურში. გაემართა ეკლესიისკენ მესაზე და სპეციალურად მოკალათდა ისეთ ადგილას, საიდანაც უკეთ ადევნებდა თვალს ახალგაზრდა გოგონას. როდესაც დაბრუნდა, დედას თანხმობა განუცხადა.
ამგვარად დაქორწინდნენ ისინი და ვენახის შუაგულში მდგარ პატარა თეთრ სახლში დასახლდნენ. სალვატორე ახლა უკვე საკმაოდ შეცვლილიყო _ მაღალი, დიდი, მოუხეშო ტიპის, ფართო მხრებით, მაგრამ მაინც ძველებურად კეთილი მიმდობი თვალებით. მას ჰწონდა ყველაზე ლამაზი ქცევები. ასუნტა გაცილებით უფროსად გამოიყურებოდა, ვიდრე იგი სინამდვილეში იყო, მოღუშული სახით, გამოკვეთიი ნაკვთებით, თუმცა კეთილი გული ჰქონდა და სულელი არ იყო. მე კი მართობდა ის ერთგული ღიმილი, რომელიც მას ესახებოდა ხოლმე ხედავდა რა, თუ როგორ მუშაობდა სალვატორე სახლში. იგი ვერასდროს წყვეტდა აღფრთვანებას მისი მშვიდი გულკეთილობით, მაგრამ ვერ იტანდა იმ გოგოს, რომელმაც უარჰყო იგი და მიუხედავად სალვატორეს წინააღმდეგობისა, უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. მათ ეყოლათ ბავშვები.
საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. სალვატორე მთელი სათევზაო სეზონის განმავლობაში ყოველ საღამოს, ერთ-ერთ ძმასთან ერთად ტივში იჯდა და თევზაობდა. იმ ადგილამდე მისასვლელად 6 თუ 7 მილის გავლა იყო საჭირო, რაც საკმაოდ დიდი მანძილი გამოდიოდა. ღამეებს ათევდნენ, რათა როგორმე საჭირო თევზი დაეჭირათ. შემდეგ კი იწყებოდა გრძელი გზა, რომ როგორმე მოესწრო ნადავლის ჩაბარება ნეაპოლში მიმავალი პირველივე გემისათვის. სხვა დროს კი გათენებიდან იწყებდა ვენახში მუშაობას, იქამდე, სანამ მწველი მზე არ შეაწუხებდა. შემდეგ ცოტას ისვენებდა; აგრილდებოდა თუ არა, შეუდგებოდა საქმეს დაღამებამდე. ხდებოდა ისეც, რომ რევმატიზმი ხელს უშლიდა მუშაობაში. მაშინ ნაპირზე წამოწვებოდა, სიგარეტს აბოლებდა და მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, ყველას ტკბილ სიტყვას სთავაზობდა. ის უცხოელები კი, რომლებიც საბანაოდ ჩამოდიოდნენ, სალვატორეს შემხედვარე ფიქრობდნენ, რომ იტალიელი მეთევზეები საშინლად ზარმაცები იყვნენ.
ხანდახან ბავშვებიც მოჰყავდა ხოლმე საბანაოდ. ორი ბიჭი ჰყავდა უფროსი 3 წლისა იყო, უმცროსს კი 2 წელიც არ შესრულებოდა. ისინი ნაპირთან დახოხავდნენ, სალვატორე კი ქვაზე მდგარი დროდადრო აყურყუმალავებდა წყალში. უფროსი ამ ყველაფერს ვაჟკაცურად უმკლავდებოდა, პატარა კი განწირული ხმით ყვიროდა. სალვატორეს უზარმაზარი ხელები ჰქონდა, ცხვრის ფეხების ხელა,მუდმივი შრომისგან გამაგრებული და გაუხეშებული, თუმცა როდესაც საქმე ბავშვების ბანაობას ეხებოდა, ისეთი სინაზითა და მზურნველობით ეხებოდა მათ, ვფიცავ, ყვავილებივით ნაზი ხდებოდნენ ისინი. ხელის გულზე ადებინებდა ბავშვს თავს, მაღლა სწევდა და ეცინებოდა თუ რა პატარა იყო იგი, მისი სიცილი კი გავდა ანგელოზის სიცილს. იმ მომენტში თვალები ისეთივე გულწრფელობით ჰქონდა სავსე, როგორიც ბავშვს აქვს ხოლმე.
არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა ამას, წერა ასე დავიწყე, ახლა კი უნდა მოგითხროთ, რის გაკეთებას ვცდილობდი. მაინტერესებდა, თუ შევძლებდი თქვენი ყურადღება რამოდენიმე წუთით დამეპყრო, მანამ სანამ ამ რამოდნიმე ფურცელზე უბრალოდ ჩვეულებრივი მეთევზის სურათს ვხატავდი, რომელსაც არაფერი გააჩნდა ქვეყნად, გარდა იმ ნიჭისა, რომელიც ყველაზე ძვირფასი, გასაფრთხილებელი და იშვითია. ერთმა ღმერთმა იცის, თუ რატომ იყო მაინცდამაინც სალვატორე ამ ნიჭით დაჯილდოებული. ერთი კი ვიცი, რომ მასში ეს ნიჭი მთელი თავისი ბრწყინვალებით ანათებდა, ყოველივეს კი იგი სრულიად გაუცნობიერებლად და თავმდაბლურად იყენებდა. ეს რომ არა, ალბათ, ბევრისთვის მისი ნიჭი გაუგებარი და აუტანელი იქნებოდა და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯერაც ვერ მიხვდით რა ნიჭზე გესაუბრებით, მე მიგახვედრებთ. სიკეთე, უბრალოდ სიკეთე.
სოფიო ჟღენტი
No comments:
Post a Comment