ჰორიზონტს მიღმა
რუბრიკის სტუმარი შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიხეილ გოგუაძეა. ბატონმა მიხეილმა ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა...
- ჰემინგუეი ამბობდა: “მწერლისათვის საუკეთესო აკადემია მძიმე ბავშვობააო”. თქვენს შემთხვევაში რა როლი ითამაშა ცხოვრების ახალგაზრდულმა წლებმა ლიტერატურულ მოღვაწეობაში. რამდენად პროდუქტიული იყო თქვენთვის ეს პერიოდი შემოქმედებითი თვალსაზრისით. რა არის მიზეზი თქვენი პოეზიის ესოდენ მძაფრი დრამატულობისა?
- მართლაც, ასეა... მძიმე ბავშვობა აზროვნების ბევრ იმპულსს ბადებს და გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს.
ცხოვრების ის პერიოდი სულში ჩამრჩა, როგორც დაკარგული ბავშვობის რექვიემი...
ბავშვობა ჩაქვში გავატარე. მამა რკინიგზელი მყავდა. ის მივლინებით ბათუმიდან ჩაქვში გაგზავნეს. ვცხოვრობდით საუწყებო სახლში, რომელიც ზღვის პირას იდგა; იქვე ახლოს რკინიგზა გადიოდა. გამუდმებით მოდიოდნენ ეშელონები, მიჰქონდათ სამხედრო ტექნიკა (ტანკები, ზარბაზნები...). სახლი ზანზარებდა, - როგორც დღისით, ისე ღამით. წყვდიადში ყვითელ ხელებს პროჟექტორები აფათურებდნენ. ახლო ზეცის დახშულ სივრცეში გამანადგურებლების გუგუნში ნორჩ ტვინს შავი ქარები ჭოლავდა...
შიმშილი და სიცივე, სიბნელე და ხმაური, - ასეთი დაძაბული ვითარება იყო ჩაქვის იმ ზონაში.
რამდენ რამეს ვნახულობდი იმ წლებში - კრეისერებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, წყალქვეშანავებს. ჩემთვის ამ მეტად უჩვეულო სანახაობასთან ერთად იმ სივრცეში სიკვდილმა დაისადგურა. სულ პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი თვალით ვნახე მკვდარი ბიჭები... ერთს - ულუფა პური მიჰქონდა ხოლმე მატარებლით სახლში, მაგრამ იმ დღეს ახტომისას მატარებელს შეუვარდა...
მეორე კი - მშიერი, მდინარის პირას, ბოსტანში ვაშლის მოწყვეტას აპირებდა. პატრონი გამოეკიდა. ბიჭი გაიქცა, ფეხი გაუსრიალდა და მდინარეში ჩავარდა. ლოდზე დაეცა... რამოდენიმე დღის შემდეგ ზღვამ გამორიყა...
მათი სიკვდილის შემდეგ ჩვენს ირგვლივ გამეფებული სიცარიელე კიდევ უფრო უსასრულო გახდა.
ეს ყველაფერი ჩემს მეხსიერებაში ჩაიწერა. შურვილი გამიჩნდა, ქაღალდისთვის გამენდო ნანახი და განცდილი, და უკვე მე-4 კლასიდან ლექსების წერა დავიწყე.
ჩემმა მძიმე ბავშვობამ ბევრი რამ მომცა. რაც მთავარია - სულის სიმტკიცე და სიბრალულის გრძნობა ადამიანის მიმართ.
- როგორც ხოსე ორტეგა-ი-გასეტი წერს “როცა მწერალი საყვედურს გამოთქვამს ფილოსოფიაში მეტაფორის გამოყენების გამო, ამით იგი მხოლოდ იმას ამჟღავნებს, რომ არც ის იცის, რა არის ფილოსოფია, და არც ის - რა არის მეტაფორა”. ბატონო მიხეილ, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც მეტაფორული და მეცნიერული აზროვნების გზაჯვარედინზე დგას. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ თქვენი პოეზია ქართველი მკითხველისათვის “ეგზოტიკური”, უჩვეულო და ამავე დროს გასაოცარია. საინტერესოა თქვენი აზრი, რა საერთო აქვს პოეზიასა და ფილოსოფიას და როგორ უნდა ვითარდებოდეს ისინი ერთმანეთის პარალელურად. და საერთოდ, არის თუ არა მათი ერთმანეთთან კავშირი ურთიერთმოქმედი და სინთეზური.
- ეს საკმაოდ დიდი თემაა და შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ.
ფილოსოფია, როგორც ჭეშმარიტების ძიების აზრობრივი პრაქტიკა, არის საფუძველი, ღერძი ნებისმიერი მსოფლმხედველობის, და ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხატვრული შემოქმედების პროცესშიც.
ჩემი აზრით, მეცნიერული შემეცნების მეთოდებში, უფრო და უფრო იჭრება დიალექტიკა; ხოლო ხოლო ფილოსოფია ინტუიტიური შემეცნების ყველა შრეში შედის - როგორც მეცნიერებაში, აგრეთვე - ხელოვნებაში.
პოეზიისა და ფილოსოფიის კავშირი სინთეზურია. Aაქ უნდა მოვიშველიოთ მ. მამარდაშვილის სიტყვები, რომ “აზრის დაჭერა მეტაფორის საშუალებით ხდება”.
ის თავისთავად არ ჩერდება ტვინში. აზრი, ჩადებული მეტაფორაში, აგრძელებს არსებობას თავისივე ანალიტიკური განვითარებისას ყოველგვარი ლოგიკური ექსპლიკაციის გამოვლენით.
როგორც პოეტი, ფილოსოფოსიც გადის უხილავ ზღვარს, ეძებს სივრცეში აზრს (სიტყვას) ამ უხილავის გამოსახატავად და ეს ძიების პროცესი ყველაზე რთულია - როგორც პოეზიაში, ისე ფილოსოფიაში.
- ბატონო მიხეილ, თქვენი წიგნის - “ლურჯი სარკე” - წინასიტყვაობაში დათო ბარბაქაძე წერს: “მე არ აქვს იმედი, რომ ქართულ ნიადაგზე ეს პოემები მალე დამკვიდრდება და დაიძლევა შემოქმედებითად”. თქვენი პოეზია ქართველი მკითხველისათვის მართლაც რომ უჩვეულოა თავისი მასშტაბურობითა და აზროვნების სისტემით. საინტერესოა, საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მსგავს შემოქმედებას პირდაპირ დევნიდნენ, ვინ იყვნენ თქვენი პოეზიის ქომაგები, მეგზურები საზოგადოების წინაშე.
- ბლოკს ასეთი გამოთქმა აქვს: “პოეტის საქმე სრულიადაც არ არის ის, რომ ყველა ბრიყვის გონებამდე მიაღწიოს”.
ფილოსოფიური მომზადება მკითხველისათვის აუცილებელია. რომ უფრო ღრმად ჩაწვდეს დიდი მწერლების და პოეტების ნაწარმოებებს. აი, მაშინ კი აღარ გაუკვირდებათ დანტეს სიტყვები: “მე დავიძაბე, როგორც გეომეტრი”. მან ხომ სივრცე გახსნა და ჰტალომეუსის ასტრონომიის სისტემაზე ააგო თავისი “ღვთაებრივი კომედია”.
სამწუხაროდ, მიჭირს იმ მძიმე პერიოდის გახსენება...
საბჭოთა კავშირის დროს გაბატონებულ სტანდარტული აზროვნება ვერ ღებულობდა და მკაცრად დევნიდა აზროვნების ახალ ფორმებს.
პირველად, მიკროპოემა “კაცთა ნაკრძალი” დაბეჭდა რევაზ მიშველაძემ თსუ-ს ჟურნალში - “სხივი”, ხოლო “მემორიალი” - განთიადში რეზო ჭეიშვილმა.
ყველაზე მწვავე დებატები პოემამ, “სფინქსი”, გამოიწვია. იმ წლებში ის დადებითად მიიღეს: მ. მაჭავარიანმა, ვ. ეგრისელმა, ი. აბაშიძემ, სოსო სიგუამ...
ხოლო არ მიიღეს: ო. ჭილაძემ და გ. ფანჯიკიძემ.
- თქვენი მეტაფორები მეცნიერული სიზუსტით აზროვნებს. როგორ შეძელით ესთეტიკური ჭვრეტისა და რაციონალური აზროვნების ერთმანეთთან მორიგება.
- ეს დიდი შრომის შედეგია... საერთოდაც, მიმაჩნია, რომ დლობალურად უნდა ხედავდე პოეზიისა და მეცნიერების მსგავსებასა და განსხვავებას.
მათ შორის კავშირი მართლაც არსებობს. პოეზია მეცნიერებას იმლულსებს (და არა ცოდნას) აძლევს. ეს იმპულსები და მათი ხასიათი უფრო პოეტის მხატვრული შემოქმედების თავისებურებაზეა დამოკიდებული;
ხოლო მეცნიერება, თავის მხრივ, იმპულსების წყაროა.
მეცნიერებისა და პოეზიის კავშირი ელექტრული და მაგნიტური ველების ურთიერთგავლენას მოგვაგონებს.
- თქვენი პოემების კითხვისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მართლაც ოქროს კვეთის პრინციპის დაცვით შესრულებული სამუშაოა. აქ არცეთი სიტყვაარ არის აზრდაკარგული, უფუნქციო; ყოველ მათგანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ტექსტის სიუჟეტური, საზრისული გამთლიანებისათვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოემების შექმნას წინ ხანგრძლივი ინტელექტუალური სამზადისი უძღოდა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოემები...
- ლექსო, შენ სწორად შენიშნე, რომ ამ პოემების დაწერას წინ დიდი სამზადისი უძღოდა.
გამომადგა ფიზიკის, ქიმიის, გეომეტრიის ცოდნა... ამასთან ერთად, წლების მანძილზე ვეცნობოდი ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას და ხელოვნების სხვადასხვა დარგს.
ჩემს შემოქმედებაში მასწავლებლად მიმაჩნია: ნ. ბარათაშვილი, გრ. რობაქიძე, ე. ჰემინგუეი, რილკე, როდენი, ბეთჰოვენი და აინშტაინი.
ხელოვნებაში ყოველთვის “სიახლე” მაინტერესებდა და ახალი ფორმა-შინაარსის ძიებაში ვიყავი.
- ცალკე საუბრის თემაა თქვენი მართლაც ეპოქალური ნაწარმოები “სფინქსი”... როგორ შეძელით ერთ პოემაში ჩაგეტიათ სამყაროს შექმნა-წარმოშობის საიდუმლო?...
აბსოლუტურად ვიზიარებ ბლოკის აზრს, რომ ხელოვნების ნაწარმოების შესაქმნელად საჭიროა, მისი გაკეთება იცოდე.
ჩემს პოემაში გამოყენებულია სივრცის ექსპანსია: დაჭიმულია სიმები დროით წარსულსა და მომავალს შორის, პოეტის ხედვა არ ჩერდება მუზეუმის ექსპონატზე, არამედ ცოცხალზე და მარადიულზე.
მასალის დამუშავების დროს გამოყენებული მაქვს: პარადოქსები, მეტაფორები, სიმბოლოების კონფიგურაცია და პოლიფონია და რიტმი...
- ბატონო მიხეილ, თქვენ ახლო ურთიერთობა გაკავშირებდათ “მეოცე საუკუნის სოკრატედ” წოდებულ, ცნობილ ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილთან. როგორ გაიხსნებთ თქვენს ურთიერთობას და რა გავლენა განიცადა თქვენმა აზროვნებამ, ცნობიერებამ მერაბ მამარდაშვილთან საუბრების შემდეგ.
- დავიწყებ იმით, რომ 1969 წელს ილენკოვის წიგნი - “კერპებზე და იდეალებზე” შევიძინე. ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემი აზროვნების პირველი “ტრამპლინი” გახდა.
1978 წელს, თბილისში არაცნობიერის თემის ირგვლივ საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდებოდა.
მოსკოვიდან მერაბ მამარდაშვილი იყო მოწვეული და სწორედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობაც.
შემდეგ ვესწრებოდი მის ლექციებს თსუ-ში; ხშირად ჩვენი საუბრები ფილოსოფიის ინსტიტუტში გრძელდებოდა. უნდა ვთქვა, რომ მერაბ მამარდაშვილმა, როგორც ფილოსოფოსმა და პიროვნებამ, ჩემზე დიდი გავლენა იქონია.
ეს იყო მეორე “ტრამპლინი” ჩემს ცნობიერებაში, აზროვნებაში.
როგორც მერე აღმოვაჩინე, მერაბ მამარდაშვილი ილენკოვის თანამოაზროვნე და მასწავლებელი იყო. ამით წრე შეიკრა.
მასში განსაკუთრებით ის მომწონდა, რომ შემეცნების ისარი ყოველთვის თამამად ჰქონდა მიმართული, რათა ნათლად და მკაფიოდ გამოევლინა ზუსტი აზრი.
- ბატონო მიხეილ, თქვენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგად მუშაობთ და ამდენად, უშუალო შეხება გაქვთ ახალაგზრდობასთან. თქვენს ხელში უამრავ თაობას გაუვლია. როგორ ფიქრობთ, რა განსხვაევბული ღირებულებების მატარებელნი ვართ ჩვენ, ახალაგზრდები და რისი სწავლა, გათავისება გვჭირდება, რათა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოვყალიბდეთ. როგორ მიმართავთ ჩვენი გაზეთის ახალგაზრდა მკითხველებს..
- ამ თაობის ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან, უფრო თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ აზრს. მაგრამ, ამასთან, აუცილებელია, გლობალურად აზროვნება ისწავლონ.
ამისათვის წიგნების კითხვა აუცილებელია. კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის. წიგნს თავისი დანიშნულება აქვს.
ახალგაზრდა შემოქმედებს ვუსურვებ: რაც შეიძლება მეტი იშრომონ, უყვარდეთ თავისი საქმე. “შრომა, სიყვარული და რწმენა - აი, რა გადაგვარჩენს...
- ბატონო მიხეილ, ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის შემდეგ, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?..
- რამდენად სრულად შევძელი იმ დიდი სიყვარულის გამოვლენა, რასაც ადამიანების მიმართ ვგრძნობ?..
ამ კითხვას ნაწილობრივ ვუპასუხე ლექსით “ანგელოზი”...
ესაუბრა ლექსო დორეული
დაიბეჭდა "ლიტერატურული სალონის" ივლისის ნომერში
No comments:
Post a Comment