Monday, June 25, 2012

ერთი კარგი მოთხრობა

ნიკოლოზ აგლაძე

ორი ესე ლიტერატურაზე (გაგრძელება)

გამოქვეყნდა გაზეთ "ლიტერატურული სალონის" ნოემბრის ნომეში

2. ერთი კარგი მოთხრობა

შესავალში გაკვრით შევეხეთ ხარისხიანი ლიტერატურის დაფასების, ვიტყოდი, გურამიშვილისეულ პრობლემას. რიტორიკული შეკითხვები, მართალი გითხრათ, არ მიყვარს, რადგან როდესაც კითხვას ვსვამ, როგორც წესი, მიზნად პასუხის მიღებას ვისახავ. საერთოდაც, ოპონენტის არგუმენტის ან მოსაზრების, მისი ხედვის თავისებურებათა გაგება უფრო ფასეულად მიმაჩნია, ვიდრე საკუთარი, თუნდაც სამართლიანი, აღშფოთების დემონსტრირება. შესაბამისად, გულწრფელად მაინტერესებს და ყოველგვარი ირონიის გარეშე ვსვამ შემდეგ შეკითხვებს: 1. აუცილებელია კარგმა მწერალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს, რომ მას სამშობლოში ყურადღება მიაქციონ? 2. 2010 წლის ბოლომდე ზურაბ ლეჟავა ცუდი მწერალი იყო და შემდეგ გამოავლინა თავისი ნიჭი? მეორე შეკითხვზე პასუხის პოვნა საკმაოდ ადვილად მომეჩვენა. როგორც რამდენიმე ინტერენეტ-პუბლიკაციიდან შევიტყვე, ბატონი ზურაბი მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ნაწარმოებებს პერიოდიკაში. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კრებული _ „უხურდავებელი მონეტა“ _ კი 2001-2010 წლებში დაწერილ მოთხრობებს შეიცავს. ამ წიგნის განხილვა ჩვენს სასაუბრო თემას სცილდება, მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ წინა წლებში შექმნილი ტექსტები არაფრით ჩამოუვარდება (და, ჩემი აზრით, ზოგჯერ ჯობს კიდეც, თუმცა ეს, როგორც იტყვიან, გემოვნების საკითხია) კრებულში შეტანილ ყველაზე გვიან დაწერილ ნაწარმოებს. ამდენად, ჩვენ მიერ დასმულ მეორე შეკითხვას პასუხი მეტ-ნაკლებად გაეცა. რაც შეეხება  პირველ საკითხს, მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, მასზე პასუხი ვერსად ვიპოვე. გასაკვირია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი მრავალი წელია  წერს და აქვეყნებს ნაწარმოებებს, გამომცემლები კი მის კრებულებს არ ბეჭდავენ, მოდური სიტყვა რომ გამოვიყენოთ, არ „აპიარებენ“ და პრესტიჟული კონკურსების პატივცემული ჟიურის წევრები არ აჯილდოვებენ. სამწუხაროა, რომ ჩვენში უცხოურ კრებულში პუბლიკაცია მწერალს უფრო ცნობილს ხდის, ვიდრე კარგი ტექსტების შექმნა. გარდა ამისა, ვერაფრით ამოვხსენი, რა პრინციპით ხელმძღვანელობს გამომცემლობა „პალიტრა L“, როდესაც ახალი ქართული ლიტერატურის მე-8 ტომშიც ვერ მიუჩინა ადგილი თაობის ნამდვილად გამორჩეულ შემოქმედს მაშინ, როდესაც უკვე გამოქვეყნებულია ჩვენი წინა წერილის „გმირის“, თეონა დოლენჯაშვილისა და სერიის გამოცემის იდეის ავტორის, ბესო ხვედელიძის კრებულები (რომელმაც, თუ კიდევ არსებობს რაიმე ჯენტელმენობისმაგვარი, სერვანტესიც რომ იყოს, ვგონებ, საკუთარ შემოქმედებას სერიის უკანასკნელ ტომში უნდა მიუჩინოს ადგილი). თუმცა, ჩემნაირ უგუნურ ყმას სად შესწევს ძალა, მეფის ღვთიურ განზრახვას ჩასწვდეს.

წინა წერილის შესავალში აღვნიშნეთ, რომ ზოგჯერ ნამდვილი, „ტანსაცმლიანად“ მწერლის მცირე მოთხრობას შეუძლია მკითხველზე მეტი გავლენა, უფრო წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს, ვიდრე ურიგო პროზაიკოსის მთელ კრებულს. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება ვთქვა, რომ ზურაბ ლეჟავას „ერთი კრუშკა სისხლი“ სწორედ ამგვარ მომაჯადოვებელ მოთხრობათა რიცხვს მიეკუთვნება. ჩემი აზრით, სასურველი ეფექტი: დამაჯერებლობა, მკითხველის ინტერესი (მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით იკითხება), ემოციური გავლენა ამ ნაწარმოებში მიიღწევა სამი კომპონენტის _ თავისებური სტილის, ტექსტის სტრუქტურისა და „გულწრფელი მთხრობელის“ კონცეფციის _ წყალობით.

ძალიან საინტერესოა, რომ ზურაბ ლეჟავას ენა ერთდროულად უშუალოცაა და, შეიძლება ითქვას, აკადემიურიც. არანორმატიულ ლექსიკასა და ბარბარიზმებს ავტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, როდესაც ეს აუცილებელია. მართლაც, ძნელად წარმოსადგენია, პატიმრები ერთურთს დახვეწილი ქართულით ესაუბრებოდნენ და ბილწსიტყვაობასაც არ მიმართავდნენ. ამიტომაც გაღიზიანებული ინჟინერ-კაპიტანი ვოვკი დამნაშავეს „კარცერში“ „კ იობანიმ ბაბუშკამ“ აგზავნის, ამბის თხრობისას პატიმარი „ბარანსაც“ ახსენებს, „ჩილავეჩინასაც“ და „პაბეგსაც“, მალოი კი გოგოებზე საუბრისას თავის ეროტიულ ფანტაზიებს უხეშად, ნატურალისტურად გადმოსცემს. აღსანიშნავი და, ალბათ, შესანიშნავი ისაა, რომ ლეჟავას ოქროს შუალედი აქვს ნაპოვნი. ერთი მხრივ, როდესაც აუცილებელია, ის არ ერიდება არანორმატიულ ლექსიკას. მეორე მხრივ, უცხოური სიტყვები, ჟარგონი და გინება ავტორისთვის თვითმიზანი კი არაა, არამედ მხოლოდ საშუალება  _ უფრო დამაჯერებელი გახადოს თხრობა. ეს ის აუცილებელი ბოროტებაა, რომლის გარეშეც მწერალი-დემიურგოსი თავის სამყაროს ვერ შექმნიდა, ხელშესახებს ვერ გახდიდა და სულს ვერ შთაბერავდა მის ბინადართ. მკითხველთან მთხრობელის პირით საუბრისას ავტორი არც ერთ უადგილო სიტყვას არ იყენებს, ამბავს ზომიერ ტემპში, მუსიკალური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მოდერატოში გადმოსცემს, თან საკუთარ მოსაზრებებსა და განმარტებებს ურთავს. ასე, მკითხველი ვერ ხვდება, თავად არის აღწერილი ამბების მონაწილე, თუ სადღაც მატარებელში გადაეყარა პატიმარ-ინტელიგენტს, რომელმაც მოუთხრო მრავალი წლის წინ „ზონაში“ დატრიალებული ისტორია.

მეორე მნიშვნელოვანი და, ჩემი აზრით, მოთხრობის ცენტრალური ფაქტორი არის მისი გამართული და ამავე დროს ორიგინალური სტრუქტურა. სქემატურად ის შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

1. შესავალი, სადაც უცხოური ლექსიკისა და თანხმოვნების გაორმაგებაზეაა საუბარი;

2. ჩართული ნოველა N1 ინჟინერ-კაპიტან ვოვკისა და მთხრობელის „აბრეზჩიკად“ გადაყვანის შესახებ;

3. გარემო პირობები და მთავარი გმირის, მატილის სახე;

4. ბრაგიდან არყის გამოხდის მეთოდის აღწერა;

5. მალოისა და მატილის თამაშის სცენა;

6. ჩართული ნოველა N2 ჭილყვავების ჭამის შესახებ;

7. კონფლიქტური სიტუაცია (ძირითადი ხაზის კულმინაცია);

8. პატიმრების საერთო ტრაპეზი;

9. საუბარი ასკილის ბუჩქის შესახებ.

მოცემული 9 სტრუქტურული ერთეული უჩვეულო სისტემას ქმნის. მათი მონაცვლეობა თხრობას საინტერესოს ხდის: მკითხველს ხან ინფორმაციით ტვირთავს, ხანაც ასვენებს და, ამავე დროს, მოდუნების, ტექსტისაგან აბსტრაჰირების საშუალებას არ აძლევს. ასე მაგალითად, შესავალს, რომელშიც მოქმედება საერთოდ არ არის და უფრო ავტორის ლინგვისტური შეხედულებებია გადმოცემული, მოჰყვება ეპიზოდი გაფუჭებული და ქალის უკანალს დამსგავსებული ბურთის შესახებ. ამ დამოუკიდებელ ნოველას, რომელსაც ძირითად ამბავთან არაფერი აქვს საერთო, შევყავართ მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, ავტორის მშვენიერი იუმორი კი მკითხველის ინიციაციის პროცესს ამარტივებს. საერთოდაც, ამ სევდიანი მოთხრობის ფურცლებზე მრავლადაა სასაცილო ფრაზები თუ გამონათქვამები. ისინი უფრო მეტად აღწერილობით „ნაწილებშია“ (მე-3 და მე-4) კონცენტრირებული, ტროპს ამსუბუქებს და კითხვისაგან მიღებულ სიამოვნებას ერთიორად ზრდის. მეხუთე სტრუქტურული ელემენტი _ მალოისა და მატილის ლაზღანდარობა საერთო ფუსფუსის ფონზე _ ერთგვარი შესვენებაა, პრაქტიკულად, სიმშვიდე ჭექაქუხილის წინ. მეექვსე ნაწილი _ უაზრო, არცთუ სასაცილო ნოველა ჭილყვავის ხორცის ჭამაზე _ თითქოს უხერხულობას ქმნის: გაუგებარია, რა უნდა მოხდეს, მაგრამ  პატიმრების სამუშაო ოთახში ჰაერი იმუხტება. დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, როდესაც მალოი კრუშკა სისხლზე თამაშს სთავაზობს მატილს. ის ვითომ თანხმდება, გარშემო მყოფთ და განსაკუთრებით მთხრობელს ეკითხება აზრს ამ სანაძლეოს შესახებ, მერე მალოის ცხვირ-პირს ულამაზებს და თავის მონოლოგს წარმოთქვამს. ამის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება, ჯერ საზოგადოება ირიგებს მატილს, მერე ეს უკანასკნელი მალოის მოიპატიჟებს სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან და ბოლოს, ფანჯარასთან განმარტოვებული, ასკილის ბუჩქის თვალიერებით იქცევს თავს. აქ მას მთხრობელი მიეახლება და ბოდიშს მოუხდის ურიგო პასუხისა და  საქციელისათვის. ციხის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. როგორც ვნახეთ, ტექსტი კონტრასტული მონაკვეთებითაა აგებული: მძიმე, ინფორმაციულად დატვირთულ ეპიზოდებს სასაცილო ნაწილები ენაცვლება, „ჩვეულებრივ“, ნეიტრალურ თხრობას _ დაძაბული მომენტები,  პატიმრების, ერთი შეხედვით, უაზრო ლაყბობას _ გმირის საკმაოდ პათეტიკური დიალოგი. ეპიზოდები  ფერადი ძაფებივით ენასკვება ერთმანეთს და ერთიან გობელენს ქმნის, რომელსაც ძნელია, თვალი მოწყვიტო.

მესამე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც მკითხველზე ემოციურ ზეგავლენას უზრუნველყოფს, პირობითად შეიძლება გულწრფელი მთხრობელის კონცეფცია ვუწოდოთ. როგორც გორგიასი აღნიშნავს „ელენეს ქების“ პირველ აბზაცში: სიტყვას სიმართლე ამკობს. როგორც ჩანს, სწორედ ამ მარტივ და ჭეშმარიტ დებულებას იზიარებს ზურაბ ლეჟავა. ჯერ ერთი, ის საუბრობს იმ გარემოზე, რომელსაც კარგად იცნობს. ტექსტიდან ჩანს, რომ პატიმართა ფსიქოლოგია ავტორს ესმის და სწორად ხატავს პერსონაჟებს. გმირები ცოცხლდებიან: მათი საქციელი მკითხველისათვის საინტერესო ხდება. მატილი თანაგრძნობასა და აღტაცებას იწვევს, მალოი _ ზიზღს, მთხრობელი კი _ ნდობას. ამას ხელს ავტორისეული კონცეფციის მეორე მნიშველოვანი ასპექტი უწყობს: ლეჟავა მოდურობასა და მცდარად გაგებულ პროგრესულობას არ ისახავს მიზნად. მისი ღირებულებათა შკალა უაღრესად მარტივია, მკითხველისათვის გასაგები და მისაღები: დაბეზღება და კარცერში ჩასასმელი პატაკის დაწერა არაკაცობაა, კაცის სისხლის სმა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) _ მიუღებელი, კეთილსინდისიერება და მეგობრობა _ ფასეული. ლეჟავა, ალბათ, თავადაც ასე ფიქრობს და სათქმელსაც პირდაპირ ამბობს. შედეგად, მკითხველი მისდამი ნდობით იმსჭვალება: მწერალი ხომ იმაზე საუბრობს, რაც კარგად ესმის და რთულ კონსტრუქციებითაც არ ნიღბავს საკუთარ მოსაზრებებს.

რა თქმა უნდა, ამქვეყნად არაფერია სრულყოფილი და ზურაბ ლეჟავას განხილულ მოთხრობასაც აქვს გარკვეული ნაკლი. ჩემი აზრით, ოდნავ უფრო მოხდენილად შეიძლებოდა ბრუტუსის სახის გამოყენება მოთხრობაში. ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება მთხრობელის მიერ ამ ისტორიული პერსონაჟის ხსენება შექმნილ დაძაბულ სიტუაციაში. თუმცა ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც ნაკლი მოთხრობას ვერ აფუჭებს, არამედ მხოლოდ ეჭვს აჩენს. შემდგომი პასაჟი, რომელიც ნაწარმოების კონტექსტში მშვენივრად ჯდება, ამ ეჭვს აქარწყლებს და მხოლოდ ვინმე ზედმეტად პრეტენზიული სუბიექტი თუ უსაყვედურებს ავტორს, რომ ხსენებული ეპიზოდი თხრობის ტემპსა და საერთო მიმდინარეობას აფერხებს. მე კი სურვილი არ მაქვს, ამ შარიანი კაცის როლი შევასრულო, ამიტომაც ზურაბ ლეჟავას მივბაძავ და სათქმელს პირდაპირ, უადგილო ბუნდოვანებისა და ზედმეტი ორაზროვნების გარეშე ჩამოვაყალიბებ: ჩემი აზრით, მოთხრობა „ერთი კრუშკა სისხლი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის მარგალიტია.

დასკვნა, რომლითაც, როგორც გვასწავლიან, ყოველივე უნდა დავასრულოთ

წინამდებარე წერილებში შევეცადე, განმეხილა თანამედროვე ქართული პროზის ორი ცნობილი წარმომადგენლის ნაწარმოებები, რომლებიც, განგების ნებით, პოლიეთილენის ერთ პარკში აღმოჩნდა შეფუთული წიგნისა და ჟურნალში გამოქვეყნებული ერთი მოთხრობის სახით. ალბათ, მართალი იყო ვოლანდი: შემთხვევით არაფერი ხდება და ქუჩაშიც აგური არავის ეცემა თავზე. ქალბატონი თეონა დოლენჯაშვილის კრებული და ბატონი ზურაბ ლეჟავას ნაწარმოები არსებითად წარმოადგენს ერთი წარმართული ღვთაების საპირისპიროდ მიმართულ ორ სახეს. პირველი ყალბ, „ნასესხებ“, გაცვეთილ გრძნობებსა და იდეებს განასახიერებს, რომელთა „თანამედროვე ლიტერატურის“ ბურუსით შემოსვას ცდილობს. თავსაც იტყუებს და ჩვენ მოტყუებასაც ლამობს. მეორეს ფერუმარილი არ სჭირდება. საინტერესო ამბავს ოსტატურად მოგვითხრობს და საკუთარი, ნამდვილი, წრფელი გრძნობებისაც არ ეშინია. მე მეორე უფრო მომწონს და მიყვარს, ხოლო რომლისას ირწმუნებს მკითხველი, რა თქმა უნდა, მისი საქმეა.

No comments:

Post a Comment