Monday, June 25, 2012

,,ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი [ხორხი] გქონოდა”!

დაიბეჭდა ,,ლიტერატურული სალონის" ოქტომბრის ნომერში და ჟურნალის ,,ცისკარი" დეკემბრის ნომერში

ლექსო დორეული

,,ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი [ხორხი] გქონოდა”!

(ვაჟა ოთარაშვილის პოეზიის ანატომიური გარკვეულობისათვის)

ცნებამ - ,,თანამედროვე” - ქართულ პოეზიასთან მიმართებით დროით-სიტუაციური ორიენტირების მნიშვნელობა რომ დაკარგა და, რატომღაც, ინტელექტუალური ღირსების აღმნიშვნელ ეპითეტად მოდიფიცირდა, უკვე ყველა შეგვაჩვიეს. დღესდღეობით მწერალი, რომელზეც საკუთრივ ჩვენი გაგებით, ითქმის, რომ ,,თანამედროვეა”, სავარაუდოდ, არ ურითმავს ერთმანეთს ვარდისა და დარდის და, ამავე დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, აუცილებლობის წესით რომელიმე ტაჯიკი ან ყირგიზი ფილოსოფოსის უმნიშვნელოვანესი ფრაზაც უძღვის მის ლექსს ეპიგრაფად. ასევე გარდაუვალია,  სოციალური ქსელების მეშვეობით მკაცრად აფიქსირებდეს საკუთარ ძვირფას აზრს, რომ გალაკტიონ ტაბიძეს ,,ვეღარ უმუღამებს”. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ თანამედროვე მწერალი და, რატომღაც, მთლად ახლოს არ იცნობთ ტაჯიკურ-ყირგიზულ სიბრძნისმეტყველებას (ეს თქვენი ინტელექტუალური ,,დაბრაკვის” მიზეზი აუცილებლად გახდება) და დიდ ქართველ პოეტსაც ჯერ კიდევ ,,უმუღამებთ”, არ შედრკეთ; არსებობს სხვა ,,გზა ხსნისაც” - გამოათავისუფლეთ თქვენში დამწყვდეული სექსუალური მანიაკი, ლექსში თუ მოთხრობაში (არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა) დაანთეთ ვნების ხანძარი და აღგზნებული მიჰყევით საკუთარი ლიბიდოს აწყვეტილ ძახილს.

ავტორი, რომელზეც გავბედავ, ჩემი მოკრძალებული აზრი მოგახსენოთ, უფრო თანამედროვე მწერალთა მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ვაჟა ოთარაშვილის პოეზია თემატური თვალსაზრისით, ძირითადად, ორ: სატრფიალო და პატრიოტული ლირიკის ხაზს მიჰყვება.

სანამ საკუთარ აზრს მოგახსენებდეთ გალაკტიონ ტაბიძის, საქართველოს მწერალთა კავშირის, მწერალთა ასოციაცია ,,გულანის” და ალმა-ათის პოეზიის ფესტივალების პრემიების ლაურეატის შესახებ, მოდით, თავად ავტორს მოვუსმინოთ, ვნახოთ, რაოდენ მოკრძალებულ შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე საკუთარი ლექსები:

,,შენ მაწერინებ ლექსებს - შედევრებს”.

გვამცნობს ბატონი ვაჟა თავისი ერთ-ერთი ,,შედევრის” დასაწყისში. ვერაფერს იტყვი... ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ პოეტი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ამიტომაც მოდით, ერთად ვნახოთ, არის კი ჭეშმარიტების მარცვალი თვითშეფასების ესოდენ გულწრფელ ნიმუშში, თუ საქმე განდიდების მანიით შეპყრობილ ნარცისთან გვაქვს?!

ვაჟა ოთარაშვილი ეროტიკული პოეზიის წარმომადგენელია და, ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ ავტორი ხშირად აღწერს სასიყვარული სცენებს, თუმცა ის განსაკუთრებულ სიყვარულს კონკრეტულად კერტის, ე. წ. ძუძუს თავის, მიმართ ამჟღავნებს. ამიტომაც გირჩევთ, 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ნუ მისცემთ ვაჟა ოთარაშვილის სექსუალურ თავგადასავლებში ასე ცხადად გარკვევის უფლებას. არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ თქვენმა შვილებმა თეორიული სექსოლოგიის სრული კურსი სწორედ ბატონ ვაჟასთან გაიარონ...

თავიდან, ტრადიციულად, ის თავისი ვერაგული სექსუალური ფანტაზიების მსხვერპლის შეცდენის გზებზე იწყებს ფიქრს:

,,იქნებ, როგორმე შეგაცდინო,

იქნებ, ლოგინში ჩაგიგორო”.

შემდეგ კი, როდესაც მიზანს აღწევს, ძირითად საქმეზეც გადადის, - ლექსების აბსოლუტურ უმრავლესობაში აქტიურად ეფერება და კოცნის ძუძუს თავებსა და მის მიმდებარე ტერიტორიას:

,,მკვრივი მკერდი - დაცვარული ოფლით

მოხვრეპილი ცხელი კოცნის პეშვით”.

დამეთანხმებით, ესთეტიკური თვალსაზრისით ამ საკმაოდ მდაბიოდ აღწერილი სურათის პრობლემა მხოლოდ მის პროვინციალურობასა და ვულგარულ ნატურალიზმში არ მდგომარეობს. დიახ, მართალია, სრულებითაც არ არის სავალდებულო, პოეტმა საკუთარი სექსუალური გამოცდილება ასე დეტალურად გაგვიზიაროს, მითუმეტეს, თუ ეს უკანასკნელი, არც მეტი, არც ნაკლები, ვიღაცის მკერდის ოფლის ხვრეპას ითვალისწინებს, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. საქმე ისაა, რომ გონების მაქსიმალური დაძაბვის მიუხედავად, მაპატიეთ, მაგრამ ვერ გამოვიცანი, თუ რას უნდა ნიშნავდეს შესიტყვება ,,კოცნის პეშვი”, რომელიც ოფლით დაცვარული მკვრივი მკერდის მოხვრეპას ასე თავგამოდებით ცდილობს. თუმცა აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ავტორი ფრიად გულუხვია და მსგავსი სპეციფიკის რებუსებს სხვა ლექსებშიც მრავლად სთავაზობს მკითხველს.

როგორც ვთქვი, ვაჟა ოთარაშვილი საკუთარ ესთეტიკურ აღქმას, ძირითადად, მკერდს ,,უმიზნებს” და არტყამს კიდეც. ყველა ამობურცული ადგილი მის წარმოდგენაში ასოციაციურად, მექანიკურად სწორედ მკერდს უკავშირდება (საქართველოს რელიეფს თუ გავითვალისწინებთ, პოეტს ამ მხრივ საკმაოდ გაუმართლა)... ასე მაგალითად, ავტორს ,,სასაფლაოს მყუდრო მინდორთან ბორცვი“, უცილობლად, ყოველ მიზეზგარეშე, მშობლის მკერდთან სათუთს ახსენებს. ფრიად დასაფასებელია, რომ ერთგან ვაჟა ოთარაშვილის პოეზიის ლირიკული გმირის ალერსის ადრესატს კერტზე ენძელის სუნიც კი ასდის. სხვაგან კი ავტორი გაწბილებული წინასწარმეტყველებს:

,,ამოშანთავენ სხვისი ტუჩები,

ჩემი კოცნებით დათრთვილულ კერტებს”...

,,კოცნები” რა ენობრივი წარმონაქმნია, ალბათ, ავტორმა თავად უკეთ უწყის...

სხვაგან კი ფანტაზიორობს:

,,ნეტა, როგორი იყავი სხვასთან,

როგორ წვებოდი, როგორ იხდიდი”.

. . . . . . . . . .

იქვე, პასუხობს:

,,და ძუძუ-მკერდზე გწვდებოდნენ ურცხვად”.

. . . . . . . . .

,,ძუძუს ვინ ჩამოგიხოკებს“ (თუ მაინც და მაინც ძუძუ უნდა ჩამოხოკოლიქნას, მწამს - ,,ჩამოგიხოკავს“ - შედარებით გამართული ქართულია).

ავტორი გადაუჭრელი დილემის წინაშე დგას, დაუსვას თუ არა წერტილი ,,კოცნის პეშვით” თუ სხვა ორგანული საშუალებებით ოფლით დაცვარული ძუძუების ხვრეპას და რიტორიკულად ეკითხება კიდეც საკუთარ თავს:

,,არ დაიქანცე ტრფობით, ვნებებით”?…

მრავალხნიანი ბჭობის შემდეგ კი ასკვნის:

,,მე ყველა ერთად უნდა დაგტოვოთ,

ჩემო ძმებო და ჩემო ქალებო”.

ამ ფრაზის შემდეგ ესოდენ გაბედნიერებული მკითხველი იმით, რომ აღარ მოუწევს ვიღაცის ,,ჯიქნებზე” (ტავტალოგიის თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ ბატონი ვაჟა ,,ძუძუს” ,,ჯიქნით” ანაცვლებს) გაუთავაბელი მსჯელობების მოსმენა, ავტორი თითქოს ეშმაკურად ჩაიქირქილებს, ხომ გაგაცურეთო, იტყვის და ნათელი ხდება, რომ კერტების მიტოვება არ ყოფილა მისი საბოლოო გადაწყვეტილება. მალევე გვამცნობს:

,,ვერ ჩავიკალი ცხელი ვნებები“.

ანდა:

,,ვის დარჩა მკვრივი ძუძუს კერტები,

ანაკვერცხლება ნეტა ტუჩების...

დასავიწყებლად არ მემეტება,

(ვით ნაკოცნებით დანალურჯები)...

მოკლედ, ვაჟა ოთარაშვილის პოეზიის ერთ-ერთი (იქნებ ერთადერთიც) უძირითადესი მიზანი იმ ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრაა, ბოლოს და ბოლოს, შეეშვას თუ არა ,,კოცნის პეშვით” ,,ნაკოცნებით დანალურჯები” ,,ძუძუს კერტების” ოფლის ხვრეპას. ის ამ ურთულეს მისიას წარმატებით ართმევს თავს და გამოუტანს კიდეც საბედისწერო განაჩენს თავისი მიჯნურის, რა თქმა უნდა, კერტებს:

,,აგიკივლდება ტკივილით კერტი”.

ტკივილით აკივლებული კერტის შთამბეჭდავ გაპიროვნებას მოსდევს ის, რომ იმის შემდეგ, რაც ვაჟა ოთარაშვილი, ბოლოს და ბოლოს, დაგვაყენებს საშველს და შეასრულებს საკუთარ მამაკაცურ ვალდებულებას, სამწუხაროდ, ამართლებს ფრაზას - ,,ყველა კაცი ერთნაირია” - და საკუთარი მსხვერპლის ვინაობას სრულებით ივიწყებს:

,,ეს მერამდენედ ვერ გავიხსენე -

შენი სახელი”...

თუმცა, აღმოჩნდება, რომ აკივლებული კერტის (საწყალი კერტი ვაჟა ოთარაშვილის ხელში!) მფლობელის კლანჭებს ასე ადვილად ვერ დააღწევს თავს და იმკის კიდეც დამყარებული სექსუალური აქტის მოულოდნელ შედეგს:

,,შენ ჩემითა ხარ ვიცი, ორსულად”.

,,ჩემითა ხარ ორსულად” ქართულად არაფერს ნიშნავს და სტილისტურად გაუმართავი ფრაზაა, თუმცა მსგავს გრამატიკულ ,,გადახვევებზე” მკითხველი ყურადღებას ნუ გაამახვილებს, რადგან, როგორც მისი ლექსებიდან ირკვევა, ბატონი ვაჟა დიდ უთანხმოებაშია ქართული ენის ელემენტარულ ნორმებთან. ასე რომ, ლინგვისტური თუ გრამატიკული ხარვეზების აღნუსხვას აზრი არა აქვს - ამ მხრივ, კერტების რისხვა და ამკივლებელი ოთარაშვილი დიდსულოვნად ადასტურებს, რომ ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე მართლაც უსასრულოა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქავს, რომ ავტორის ერთ-ერთ ლექსში მოხმობილი ფრაზა:

,,და აუღებელ ციხესიმაგრედ

დამიხვდა მკერდი განალაღები”.

ზემოთ დადგმული კოლუმბიური ტელესერიალის ფონზე ნამდვილად რეალობას მოკლებულია...

მავანი შეიძლება შემოგვედავოს, ეროტიკული სცენების აღწერას, სჯობდა, მხატვრული ტექსტის უფრო მნიშვნელოვანი მახასიათებლები გაგეანალიზებინაო და იმ არგუმენტსაც მოიყვანს, რომ სატრფიალო ლირიკა კარგად ადაპტირებული ხაზია ქართულ პოეზიაში. ამ მოსაზრებების საწინააღმდეგოდ გავიხსენებ გოლი თარაყის ერთ ცნობილ გამონათქვამს: ,,ტექსტი ის არის, რა საშუალებასაც თავად იძლევა”. ვაჟა ოთარაშვილის ლექსების მინიმუმ 85 % კი თავიანთი შემქმნელის დაუკმაყოფილებელი, თუ დაკმაყოფილებული სექსუალური ფანტაზიების შესახებ მთელი გატაცებით მოგვითხრობს. ასე რომ, როგორც ერთი ძველი ქართული ანდაზა გვეუბნება, ძალიანაც რომ ეცადო, ,,ოქროს სანეხვეზე ვერ იპოვი”. გარდა ამისა, არ შეიძლება 50 წელს გადაცილებული, უმაღლესდამთავრებული ადამიანი გაუთავებლად წერდეს საკუთარი სექსუალური ცხოვრების, თუ ოცნებების შესახებ და ამქვეყნად სხვა არაფერი ჰქონდეს საფიქრალი და სადარდებელი. ნუთუ პოეზია ერთადერთი საშუალებაა საკუთარი ვნებების დასაოკებლად?! რამდენად ნორმალურია, ზრდასრული ჰომოსაპიენსი წიგნის 30 გვერდში 100-ზე მეტჯერ რომ ახსენებს კერტს, რიგ შემთხვევაში, აკივლებულს?! ესეც რომ არა, როგორც ვნახეთ, ვაჟა ოთარაშვილს არც ეროტიკულ პოეზიაში უჭრის კალამი: ვნებიანი სცენების აღწერისას ის ვერაფრით აღწევს თავს უსაშველო ვულგარულობას და, როგორც განხილულმა მაგალითებმა ცხადყო, ხშირ შემთხვევაში მდაბიოდ, გულისამრევად გადმოგვცემს საკუთარი ლირიკული გმირის სექსუალურ თავგადასავლებს.

მკითხველს, ზემოდახატულიდან გამომდინარე, უეჭველად შეექმნებოდა ურყევი, საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ვაჟა ოთარაშვილი საკმაოდ ახლოს იცნობს ადამიანის ფიზიოლოგიურ, ანატომიურ აგებულებას. თუმცა, თქვენც არ მომიკვდეთ! გაგიკვირდებათ და ერთ-ერთ ლექსში ავტორი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მას ერთზე მეტი ხორხი აქვს:

,,წუთისოფელი დარდებს დამახვევს,

ამოღადრულა ოხვრით ხორხები...

მე გრიგალივით ვგლიჯავ არტახებს

და შენ მოგძახი: ნუ გათხოვდები”!

თუმცა, სწორედ აქ არის ,,ძაღლის თავი დამარხული”. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ბატონი ვაჟა სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილებს ქრონიკულად აცდენდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, იკვეთება პოეტის ფარული ჩანაფიქრი; ის არად აგდებს ადამიანის ანატომიურ აგებულებას და დიდსულოვნად მზად არის, იქონიოს ერთზე მეტი (ალბათ, ბევრად მეტი) ამოღადრული ხორხი, რადგან მიიღოს ,,გათხოვდები”-ს რითმი. ბუნებრივია, ასეთი გენიალური სარითმო წყვილის - ხორხები-გათხოვდები - წარმოებისათვის სავსებით დასაშვები შეცოდებაა და ღირს კიდეც პოლიხორხიანობა. ისე კი, ვაჟა ოთარაშვილის აზრის ლოგიკურ მსვლელობას თუ მივყვებით, ალბათ, ზედმეტი არაფერია ცუდი, მითუმეტეს - ხორხი. პოეტები სარითმო კეთილხმოვანების მისაღწევად ხშირად ,,გადაუხვევენ” ხოლმე ენობრივ ნორმებს ბოლო მარცვლის ,,დაგრძელებითა” და სხვა პოეტური ხერხებით, მაგრამ ამ შედეგის მიღწევა საკუთარი ხორხის რაოდენობის გაზრდით არავის უცდია... ამ მხრივ, ბატონი ვაჟა მართლაც რომ ნოვატორია. საინტერესოა, რა ბედი ელის ავტორის ხელში სხვა შინაგან, თუ გარეგან ორგანოებს...

რაც შეეხება სხვა რითმულ სასწაულებს, ამ საქმეში ბატონი ვაჟა მართლაც რომ ,,ვირტუოზია”. მის პოეზიაში, რატომღაც, სარითმო წყვილებადაა მიჩნეული, მაგალითად: გზაზე-თვალზე, წარსულში-სულში, მალე-ქალებს, აფეთქებები-ვნებები, ღამეს-ქარებს, მონატრებები-მტრედები, ქალიც-თვალი, დარდი-ლანდი-ხარბი, მხიბლავს და-მიყვარს და, ველზე-ჩვენზე, თმები-მთები, ვალია-თვალია, ერთი-ღმერთი და ა.შ. და ა.შ. (თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოთარაშვილს რამდენიმე ლექსში კანტი-კუნტად ,,არაზუსტი”, დისონანსური პოლინდრომებიც კი ,,აქვს წარმოებული”, მაგრამ, ამის შესახებ, ალბათ, ავტორი არც მგონია, ინფორმირებული იყოს)...

ასე რომ, რითმის სამსხვერპლოზე დამწვარი ადამიანის ანატომია იშვიათი ,,ბედნიერი” შემთხვევაა.

ბატონი ვაჟა ერთგან სასოწარკვეთილი წერს:

,,ხანჯლით რითმში მივარდებიან”.

არ ვიცი, ვინ ,,გივარდებათ” (ისე, სწორი ფორმა ,,მიცვივდებიან” არის, მაგრამ თუ ავტორს მაინც და მაინც უვარდებიან, ვერაფერს ვიზამთ) ხანჯლით რითმში, მაგრამ მერწმუნეთ, ნუ დარდობთ, ახალსა და საინტერესოს ვერაფერს იპოვიან ყაჩაღები და ისეთივე ხელმოცარულნი ,,გავარდებიან“ უკან, როგორებიც ,,შემოგივარდნენ“.

ვაჟა ოთარაშვილს ვერც მეტაფორული კლიშეებისაგან თავის დაღწევის დიდ სურვილსა და შესაძლებლობას ვატყობთ. ავტორი, ძირითადად, გაცვეთილი (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ნახმარი) მეტაფორების კომბინირებითა და მათი უნიჭო ინტერპრეტაციით ცდილობს ლექსების მხატვრული დონის შექმნას. მაგალითად, კარგა ხანია დამთავრდა ,,სოფლის გუბეში ჩაძირული მთვარისა” და ,,შენი თვალები - სამაყვალეს” დრო და არც ლექსების ლოცვებთან შედარებაა ახალი ხილი... ნიკო სამადაშვილის შემდეგ კი ლექსების ,,გამოყრა“, მათი გამონაყართან შედარება ცოტა უხერხულიცაა, თუნდაც ამ მეტაფორის ასე გადამუშავების შემთხვევაში: ,,ფურცლებს ლექსად გამოვაყარო“. საქმე ისაა, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამადაშვილის მეტაფორის ანტიციპაცია ავტორმა აბსოლუტურად ,,ხელუხლები დატოვა“ და მისი მხატვრული ხორცშესხმის ოდნავ მოდიფიცირებული ვარიანტი შემოგვთავაზა.

ზოგჯერ ბატონი ვაჟა მხატვრულ სახეებს საკუთარი პოეზიიდანაც კი ,,ისესხებს” ხოლმე. ასე მაგალითად, შედარების - ,,შენი თითები - კლავიშები” - სხვა ოდნავ სახეცვლილი ვარიანტებიც მრავლად გვხვდება ოთარაშვილის ლექსებში. მოვიყვანთ ერთ მაგალითს:

,,თოვლისფერ თითებს,

როგორც კლავიშებს”...

გარდა ამისა, ამ ავტორის პოეზიაში ხშირად წააწყდებით ყოვლადბუნდოვან, არაფრისმთქმელ და ,,მკვდარ”, ,,უხილვად” მხატვრული სახეებსაც. მაგალითად, ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რას უნდა ნიშნავდეს ,,ქეიფების კოცონი”, რა შესახედაობისაა ,,ვარსკვლავების კვნესა“, ან ,,ქოსა ქაოსის ქაფი“ (!). როგორ და როგორი წარმოუდგენია ბატონ ვაჟას ,,კეთილი სევდა”, ანდა რა სავალდებულო კაუზალურ მიმართებას ხედავს ,,სიჭაბუკის დღეებსა” და ,,ტრფობით სავსე ყოჩებს” შორის (მოკალით და ამ კაცს ყველგან ტრფობა ელანდება!). ჩვენი გონება ვერც იმას სწვდება, რატომ ,,მიათრევს კასპიის ზღვისკენ მტკვარი გაზეპირებულ ტელესერიალს”. ასევე გაუგებარია, რითი სჯობს ,,ტალღებით დაღლილი თოლია” ,,ლექსებით ავსილ რვეულს” (,,შენა ხარ ტალღებით დაღლილი თოლია / მე მხოლოდ ლექსებით ავსილი რვეული”). აქვე, შევნიშნავთ, რომ ,,ავსილი” ქართულ სასიტყვეთში არ მოიძებნება. ასევე გაუგებარია, ილია ჭავჭავაძემ როგორ მოახერხა, რომ ,,გამოსროლილი მტრისაგან ტყვია ქართლის ველების ტრფობით დაახრჩო“ (!). ბატონმა ვაჟამ ან ,,ტყვიის“ მნიშვნელობა არ იცის, ანდა - ,,დაახრჩოსი“. ერთ ლექსში კი ავტორი გაუგონრად ზეაბსურდულ მეტაფორებს ახვავებს და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ზაფხული ნარდს თამაშობს, ხოლო წყარო კამათელს აგორებს. ყოველივე ამის ფონზე, ნამდვილად არ უნდა წუწუნებდეს ავტორი:

,,კვლავ მარტო ვარ

და ვერ მიგებს ვერავინ”!



მკითხველის არ იყოს, ესთეტი პოეტი ზოგჯერ თავადაც იბნევა საკუთარი მხატვრული წარმოდგენების გადამკიდე. ასე მაგალითად, მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში ვკითხულობთ: ,,დილას ნისლი ავახიე უფსკრულებზე გასული”. ერთი წუთით თავი დავანებოთ იმას, რომ სიტყვა ,,ავახიე” კონტექსტუალურად მოუხეშავი და ,,არასწორია” და არც იმაზე ვიჭყლიტოთ ტვინი, როგორ დამართა ოთარაშვილმა საბრალო დილის ნისლს ეს. საქმე ისაა, რომ იქვე ბატონი ვაჟა წერს: ,,ნისლის ერთი ფთილა ვარ”. აქ კი, ვგონებ, სავლე წერეთლის დიალექტიკური ლოგიკაც კი უძლურია და, ალბათ, თავად ავტორსაც  გაუჭირდება იმის ახსნა, როგორ, რა ეშმაკის მანქანებით აახია საკუთარი თავი, ანუ ნისლი დილას...

ანდა, ნუთუ წარმოსადგენია უფრო მეტი უგემოვნობა და ფანტაზიის სიღატაკე:

,,მთვარე - ციკლოპის ყვითელი თვალი”...

ვგონებ, ეს შედარება ვაჟა ოთარაშვილის მხატვრული აზროვნების თვისებრივი დახასიათებისათვის საკმაოდ ნათელ სურათს იძლევა და მის ესთეტიკურ დონესაც მკაფიოდ წარმოაჩენს... ამ ლექსშივე სრულიად მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე ვაწყდებით მსგავს მეტაფორასაც:

,,ბნელში გართხმულა შიშის ნიანგი”.

ასე რომ ბატონ ჭაბუა ამირეჯიბისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის წინასიტყვაობაში ვაჟა ოთარაშვილს მადლობას უხდის დახვეწილი გემოვნებისათვის (!), ჩვენ ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მავანს ესთეტიკური შეფასების ამ უნარს... ისე, პატივცემულ ჭაბუას ჩემზე კარგად მოეხსენება, რომ გემოვნება სხვადასხვაგვარი არსებობს... ბატონი ამირეჯიბის არ იყოს, მეც მსმენია, რომ ღირს ვაჟა ოთარაშვილის გემოვნების ნდობა, მაგალითად, ღვინის შერჩევისას.

რაც შეეხება მისი შემოქმედების აზრობრივ სიღრმეს, ოთარაშვილის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მკითხველს არ სტანჯავს, ამაოდ ეძიოს მის ლექსებში დიდი იდეები და ჩახლართული ფილოსოფიური წიაღსვლები. პოეტი გულწრფელად წერს ერთგან საკუთარი ლექსების შესახებ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით:

,,კაცთა მოდგმის შეცნობას

არ ჰგავს ეს ნააზრევი”.

რაოდენ ტრაგიკული და სამწუხაროც უნდა იყოს, ,,ბედნიერება მხოლოდ წამია”-ს, ,,ჩემამდეც დარდობდნენ / ჩემამდეც უყვარდათ”-ს, ,,სიკვდილი არაფერია, / ძნელი სიკვდილის შიშია”-სა და ,,ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი”-ს (ეს უკანასკნელი ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე გვხვდება ლექსში) თუ არ ჩავთვლით, ვაჟა ოთარაშვილის ეს ფრაზაა (,,კაცთა მოდგმის შეცნობას არ ჰგავს ეს ნააზრევი”) ყველაზე მეტად ფილოსოფიური სხვა დანარჩენთან შედარებით და მისი ,,მეტაფიზიკის” მწვერვალსაც სავსებით დამსახურებულად წარმოადგენს.

როგორც არისტოტელე წერდა, ფილოსოფია, ფილოსოფოსობა გაკვირვებით იწყება. მოდით, ვნახოთ, თუ რა უკვირს და აცვიფრებს ბატონ ვაჟას:

,,არ გავჩენილვარ ამქვეყნად ჯერაც

და დედაჩემი კვლავ ცოცხალია

ამ სასწაულის მე თვითონ მჯერა”...

ასეთი კი მართლაც არაფერი წამიკითხავს არსად. ვგონებ, კომენტარი აუცილებლად ზედმეტია... უბრალოდ, წარმოიდგინეთ ოთარაშვილის გაოგნებისაგან შეშლილი სახე, როდესაც გაიგებს, რომ ადამიანები ,,გაჩენამდე” ლექსებს არ წერენ (ისე, ბატონო ვაჟა, არც დაბადების შემდეგ არის აუცილებელი). ასევე, გულწრფელად გვიხარია ფილოსოფოსი პოეტის სიხარული: ,,ნულს პლუს ნული იქნება ნული / და მიხარია, რომ პასუხს ვიღებ”...

ავტორისათვის ყველაზე უარესი და საგანგაშო ის არის, რომ ზემომოყვანილი მაგალითები მისი შემოქმედებიდან ძლივსძლივობით ამოკრეფილი და შეკოწიწებული კი არ არის, არამედ, ძირითადად, მისი ერთი მომცრო წიგნის, ,,მწუხარე ბედნიერება” (ესეც უპოვია რა პარადოქსი!), ერთი მცირე ნაწილის (2003-2006 წლებში დაწერილი ლექსები) კუთვნილებაა და, შესაბამისად, დიდი შანსია, დანარჩენი 12 წიგნის (დაახლოებით) განხილვამ ბევრად უარესი სურათი მოგვცეს...

ზოგადად ამ წიგნზე, ისევე, როგორც მთლიანად ვაჟა ოთარაშვილის შემოქმედებაზე შეიძლება ითქვას, რომ ლექსების ძირითადი ნაწილი, იდეურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად ,,მკვდარია”, მათ არ გააჩნია არანაირი მხატვრული საზრისის სიცოცხლე და, ხშირ შემთხვევაში, ნაძალადევი პათეტიკისა და პროვინციალიზმისაგან გათავისუფლებას ვერ ახერხებს. წარუმატებელია ავტორის მცდელობები საკუთარი ლექსების, თუნდაც ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, არქაულობისაგან თავის დაღწევისა. მისი პოეზია ვერც თემატური მრავალფეროვნებით დაიკვეხნის; მიუხედავად იმისა, რომ არც მხატვრული სახეების სიჭარბით გამოირჩევა, არც ისე იშვიათად გვხვდება ყურით მოთრეული მეტაფორები, აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი შედარებები, ლოტოტრონის პრინციპით შექმნილი სინტაქსური შესიტყვებები... ხშირია ელემენტარული სალიტერატურო ნორმების დარღვევის მაგალითებიც.

და ბოლოს, აუცილებლად ვეთანხმები ავტორს:

,,და უკანასკნელ პოეტურ პწკარებს,

უკანასკნელი ეჭვების წყებას,

საკუთარ თავში ისე ვაწვალებ,

როგორც ჯალათი... და ბინდი წვება”...

მართლაც, როგორც ბატონი რამაზ ჭილაია ამბობს ხოლმე, - ზოგს ლექსი აწვალებს, ზოგი კი პირიქით!..

No comments:

Post a Comment