Monday, June 25, 2012

გორგიასი

ელენეს ქება

(1) ქალაქს სიმამაცე ამკობს, სხეულს - სილამაზე (=მშვენიერება), სულს - სიბრძნე, საქმეს - სათნოება, სიტყვას - სიმართლე, სხვა ყველაფერი კი მხოლოდ უსახურობაა (აკოსმია). ამიტომ საქებარ კაცსა თუ ქალს, სიტყვასა თუ საქმეს, ქალაქსა თუ ქმედებას ხოტბის შესხმა ეკუთვნის, ხოლო ის, ვინც ან რაც ქებას არ იმსახურებს, დაცინვის ღირსია. შეცდომა და უვიცობაა გაკიცხო ის, რაც შესაქებია და შეაქო ის, რაც დასაცინია. (2) ელენეს გამართლებაცა და მის განმაქიქებელთა მხილებაც ერთმა ადამიანმა უნდა იკისროს; ელენესი, რომლის შესახებაც პოეტთაგან მოსმენილისა და მისი სახელის ირგვლივ გავრცელებული ხმების მიხედვით ერთსულოვანი აზრი ჩამოყალიბდა; ამ სახელის გაგონებაზე ხომ მრავალი უბედურება გახსენდება კაცს.

ამ სიტყვით განზრახული მაქვს გონივრული საბუთები წარმოვადგინო  და ბოლო მოვუღო ჩემს ყურამდეც მოღწეულ ავ ბრალდებებს; მინდა დავამტკიცო აუგის მთქმელთა ცრუპენტელობა და სიმართლის წარმოჩენით ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრა ეს უმეცრება.

(3) მრავალთათვის ცხადია, რომ ქალი, რომელსაც ჩემი სიტყვა ეძღვნება, ბუნებითაც და წარმომავლობითაც პირველია პირველთა შორის - კაცთაგან თუ ქალთაგან. ყველასათვის ცნობილია, რომ დედამისი იყო ლედა, ხოლო მამა სინამდვილეში - ღმერთი, გადმოცემის მიხედვით კი - მოკვდავი: ზევსი და ტინდარევსი. ზევსი რეალურად იყო მამამისი, ტინდარევსს კი წილად ხვდა, ელენეს მამად ყოფილიყო წოდებული; ერთი მათგანი კაცთა შორის უძლიერესია, მეორე კი - ყოველთა ზედა მეუფე. (4) ასეთ მშობელთა პატრონს ღვთაებრივი სილამაზე დაჰყვა. არც მალავდა ამ სილამაზეს, პირიქით, ღიად წარმოაჩენდა. არაერთს აღუძრა სიყვარულის დიდი ვნება. მან, ერთმა, მრავალი მამაკაცი შემოიკრიბა - ამაყთა შორის ამაყნი: ვინ უზარმაზარ ქონებას ფლობდა, ვინ ძველი, კეთილშობილი წარმომავლობით გამოირჩეოდა, ვინ თანდაყოლილ ძალასა და სიმამაცეს ატარებდა, ვინ შეძენილი სიბრძნით მძლავრობდა. უკლებლივ ყველანი ძლეულ-იქმნენ გამარჯვებასნაჩვევი სიყვარულისა და უძლეველი პატივმოყვარეობის მიერ. (5) თუ ვინ, რითი და როგორ დაიოკა სიყვარული (დაიცხრო ჟინი)  ელენეს დაუფლებით, მე ამაზე არ ვისაუბრებ; ვინაიდან თქმა იმისა, რაც მცოდნეებმა ისეც იციან, მათ ნდობას კი მოიპოვებს, მაგრამ დიდ სიამოვნებას არავის მიანიჭებს. ამიტომ ახლა ძველ დროზე აღარაფერს ვიტყვი, იმ ამბებს გვერდს ავუვლი და უშუალოდ ჩემი განზრახული სიტყვის საწყისს მივადგები: წინ წამოვწევ ელენეს ტროაში გამგზავრების გამამართლებელ მიზეზებს.

(6) რატომ გააკეთა მან ის, რაც გააკეთა: ბედისწერის ნებით, ღმერთების განჩინებით, აუცილებლობის კარნახით, თუ ძალა დაატანეს და  მოიტაცეს, ან სიტყვებით აცდუნეს, ან გარეგნობით მოიხიბლა და შეუყვარდა? თუკი მივიღებთ, რომ მან ეს გააკეთა პირველი მიზეზის გამო, მაშინ ბრალდების ღირსი  მხოლოდ მიზეზია; ადამიანურ მოწადინებას ღმერთის ნება-სურვილის  შეფერხება არ ძალუძს. ბუნებრივია, რომ ძლიერი კი არ ბრკოლდება სუსტის ზეგავლენით, არამედ სუსტი იმართვის ძლიერის მიერ და მორჩილებს მას; ძლიერი წინამძღოლია, სუსტი კი მხოლოდ მიმდევარი. ღმერთი კი ძალითაც, სიბრძნითაც და ნებისმიერი სხვა თვალსაზრისითაც ადამიანზე ძლიერია. და თუ დანაშაული ან ბედისწერას  უნდა დავაბრალოთ, ან ღმერთს, მაშინ ეს სირცხვილი ელენეს უნდა ჩამოშორდეს.

(7) თუკი ის  ძალდატანებით  მოიტაცეს, მასზე უკანონოდ ძალა იხმარეს და უსამართლოდ შეურაცხყვეს, მაშინ ცხადია, რომ დამნაშავე არის მომტაცებელი, როგორც  შეურაცხმყოფელი, ხოლო მოტაცებული, როგორც შეურაცხყოფილი, მხოლოდ უბედურია. ბარბაროსი, რომელმაც ეს ბარბაროსული ქმედება ჩაიდინა, ღირსია სამაგიერო მიეზღოს სიტყვით, კანონით და საქმით: სიტყვით - ბრალდება, კანონით - პატივის აყრა, საქმით - სასჯელი. ხოლო ის, ვინც ძალმომრეობა იწვნია, ვინც სამშობლო დაკარგა და ვინც საყვარელ ადამიანებს მოაშორეს, განა უფრო გონივრული არ იქნება, გვებრალებოდეს, ვიდრე ვაძაგებდეთ? ერთმა ჩაიდინა საშინელებანი, მეორემ კი - გადაიტანა; მაშ, სამართლიანობა ისაა, ერთი შევიზიზღოთ და მეორეს თანავუგრძნოთ. (8) მისი დაცვა და ბრალდებისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაშიც იოლია, თუ ის მიენდო სიტყვას, რომელმაც მისი სული ცდუნებაში ჩააგდო. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს; ეს გარეგნულად უმცირესი და უჩინარი რამ სასწაულებრივ საქმეებს ჩადის: შეუძლია შიში ალაგმოს და მწუხარება გააქარწყლოს, სიხარული შთააგონოს ადამიანს და თანაგრძნობა გააძლიეროს. (9) მსმენელებს საბუთიანი მტკიცებულება სჭირდებათ, ამიტომ ახლა მე დავამტკიცებ, რომ ეს მართლაც ასეა. საერთოდ, პოეზიას საზომიან სიტყვად მივიჩნევ და ასედაც სახელვდებ მას. პოეტური სიტყვა მსმენელში საშინელი შიშით აღძრულ ცახცახსაც იწვევს, ცრემლიან თანაგრძნობასაც და სევდისამშლელ ვნებასაც; სწორედ სიტყვების ძალით განიცდის სული იმ ბედნიერებებსა და უბედურებებს როგორც საკუთარ ვნებას, რომლებიც სხვა ადამიანთა ქმედებას მოჰყვა და სხვათა მიერ არის ფიზიკურად გადატანილი. (10) ახლა კი სხვაგვარ სიტყვაზე გადავინაცვლებ. ღვთივშთაგონებული შელოცვებიც სწორედ სიტყვის ძალით იწვევენ სიხარულს და განაქარვებენ მწუხარებას. სულის წარმოსახვასთან შერწყმული შელოცვის ძალა  რაღაც გრძნების მეშვეობით აჯადოვებს, არწმუნებს და გარდასახავს სულს. ჯადოქრობა და მისნობა ორი რამის წყალობით აღწევს მიზანს; ესენია სულის ცდომილებები და წარმოსახვის მცდარობები. (11) რამდენი ვინმე დაუჯერებია და კვლავაც დააჯერებს რამდენ ვინმეს რამდენ რამეში სიტყვის ტყუილზე აგებით. ყველას რომ ყველაფერი ახსოვდეს, რაც უკვე წარსულია, ყველამ რომ  ყველაფერი იცოდეს, რაც აწმყოში ხდება და ყველა რომ ყველაფერს წინასწარ ჭვრეტდეს, რაც მომავალში მოხდება, მაშინ მსგავსი სიტყვა მსგავსი ხერხით ვეღარ მოგვატყუებდა. ახლა კი, როცა ძნელია გვახსოვდეს წარსულიც, ვჭვრეტდეთ აწმყოსაც და წინასწარ ვხედავდეთ მომავალსაც, მრავალნი მეტწილად საკუთარი სულისთვის მრჩევლად წარმოსახვას  იყენებენ.  წარმოსახვა კი იმდენად არასანდო და მერყევია, რომ მასზე მინდობილთ ასეთსავე არაკეთილსაიმედო და ცვალებად ხვედრს უმზადებს.

(12) რა მიზეზია, რაც ხელს გვიშლის, ვიფიქროთ, რომ სხვათა მსგავსად ელენეც მაცდურ სიტყვებს დაემორჩილა და გაემგზავრა ვითომც ძალმომრეთაგან ძალდატანებით მოტაცებული? ვინაიდან ელენეს დაყოლიებას იძულების სახე არა აქვს, მაგრამ ზემოქმედებით მას არ ჩამოუვარდება. სიტყვამ დაარწმუნა ელენეს სული, რამაც იგი დააჯერა და აიძულა, რომ  მინდობოდა დამრწმუნებლის ნათქვამს და დასთანხმებოდა მის ნაბიჯს. მაშ, დამნაშავეა დამრწმუნებელი, როგორც მაიძულებელი, ხოლო მიმნდობი, როგორც სიტყვის ძალით იძულებული, ტყუილად ისმენს მისდამი მიმართულ ავსიტყვაობას. (13) სიტყვასთან შეუღლებული (=სიტყვით გამყარებული) დარწმუნება სულს რომ იქეთ მიდრეკს (ისეთ ფორმას მისცემს), საითაც ინებებს, ამის დანახვა უპირველესად ვარსკვლავთმრიცხველთა  (=ციური მოვლენების შემსწავლელ მეცნიერთა) სიტყვების მაგალითზე შეიძლება; ისინი აზრებს სწრაფ-სწრაფად ცვლიან: ერთს უკუაგდებენ, მეორეს შემოიტანენ და ყოვლად არასარწმუნოსა და არაცხადს აშკარადაც კი მოგვაჩვენებენ. შემდეგ: ამის დანახვა შეიძლება სასამართლო დავების თანმხლები  სიტყვების მაგალითზეც. აქ ერთი სიტყვა მთელ მასას ხიბლავს და აჯერებს, მაგრამ არა იმით, რომ შიგ რაიმე სიმართლეა თქმული, არამედ  ოსტატური წერის მანერის წყალობით. მესამეც:  - ფილოსოფოსთა კამათის დროს. მათ სიტყვებში აზროვნების სისხარტე ჩანს; ისინი მარჯვედ ახერხებენ, დაგაკარგვინონ ნდობა რაიმე აზრისადმი. (14) სიტყვის ძალას ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს სულის მდგომარეობისათვის, რაც წამლის შემადგენლობას სხეულის ფიზიკური მდგომარეობისათვის. როგორც სხვადასხვა წამალი სხვადასხვა სითხეებს გამოდევნის სხეულიდან და ზოგი ავადმყოფობის დასრულებას იწვევს, ზოგი კი - სიცოცხლისას, ასევეა სიტყვებიც: ზოგნი ამწუხრებენ მსმენელებს, ზოგნი ახარებენ, ზოგნი აშინებენ, ზოგნი სამამაცოდ განაწყობენ, ზოგნი კი, ვინმეს დასარწმუნებლად გამიზნულნი, ავი ზემოქმედებით ადამიანის სულს გრძნებით კრავენ და აჯადოვებენ. (15) ამდენად, ამით იმის თქმა მინდა, რომ, თუ ელენე სიტყვებს მიენდო, მაშინ მან კი არ სცოდა (დამნაშავე კი არ არის), არამედ ბედშავია (სვეგამწარებულია).

ახლა კი ამ მეოთხე სიტყვით ელენეს მეოთხე ბრალდებას გამოვიძიებ საგულდაგულოდ. თუკი ამ ყველაფრის ჩამდენი სიყვარულია, მაშინ მას იოლად ასცდება ბრალდება იმ შეცოდებასთან დაკავშირებით, რაც, როგორც ამბობენ, თითქოსდა მის კისერზეა. მართლაც, ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ისეთი ბუნება კი არა აქვს, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით, არამედ ისეთი, რასაც თითოეულ მათგანს ბედი უბოძებს. გარეგნული სურათის მიხედვით სული სხვადასხვა გეზს (სახეს, ხასიათს) იღებს. (16) როგორც კი მეომრები საბრძოლველად აღიჭურვებიან, აისხამენ სპილენძის ან რკინის იარაღს, რათა თავი დაიცვან, ან მტერს აძგერონ, და თვალი ასეთ საომარ აღკაზმულობას იხილავს, თავადაც შფოთავს და სულსაც აშფოთებს; მოსალოდნელი  საფრთხის შიშით შეძრწუნებული ადამიანები ხშირად გარბიან კიდეც. თვალით ნანახის საფუძველზე აღძრული შიშის გამო მათ რეალური ტანჯვის სიმწარე მსჭვალავს. ის, რაც თვალით იხილეს, აიძულებს მათ, უგულებელყონ მშვენიერებაც, წესით და კანონით ასე ანგარიშგასაწევი, და გამარჯვების თანმხლები ღირსებაც. (17) ზოგიერთები საშინელების დანახვისას სწორედ საჭირო მომენტში საღ აზრს კარგავენ. ასე რომ, შიში გონებას აჩლუნგებს და ფანტავს. იმდენად  ღრმად ჩაბეჭდავს მხედველობა ნანახის სახებას გონებაში, რომ ბევრი ტყუილ ტანჯვას ეძლევა და საშინელ განცდებში ვარდება, ბევრი კი სამუდამოდ გადადის ჭკუიდან. კიდევ ბევრი რამ დარჩა  უთქმელი, რასაც შიში მოჰგვრის ხოლმე ადამიანს, მაგრამ ისინიც დაახლოებით ისეთივეა, რაც უკვე გიამბეთ. (18) რაოდენ ატკბობს ჩვენს მზერას, როცა მხატვრები სხვადასხვა ფერების გამოყენებითა და მრავალი  სხეულის წარმოსახვით ერთ სრულყოფილ სხეულს შექმნიან ხოლმე. ახლა ქანდაკებათა ჩამოქნა ნახე, რა სიამოვნებაა თვალთათვის. მაშ, თვალია (მზერაა) ყველაფერი: ხან მწუხარებას შობს, ხან კი სიყვარულის ვნებას აღძრავს. მას  არაერთხელ შთაუგონებია არაერთი სიყვარული და ვნება არაერთი რამისა თუ ადამიანის მიმართ. (19) თუკი ალექსანდრეს სხეულით მოხიბლულმა ელენეს თვალმა მისი სული ძლიერი სურვილითა და სასიყვარულო ლტოლვით გამსჭვალა, რა არის აქ გასაკვირი? თუ ეროსი - ღმერთთა ღმერთი - ღვთაებრივ ძალას ფლობს, როგორ შეძლებდა მასთან გამკლავებას და მისგან თავის დაცვას ის, ვინც მასზე ბევრად სუსტია? თუ სიყვარული ადამიანისთვის სნეულება და სულის დაბნელებაა, მაშინ ის ბრალეულობად კი არ უნდა ვცნოთ და გავკიცხოთ, არამედ უმალ უბედურებად უნდა მივიჩნიოთ. მართლაც, ის მოდის ბედის მიერ დაგებული მახეებით და არა გააზრებული გადაწყვეტილებებით, ეროსის ძალმომრეობით და არა შეგნებულად რაღაც ხერხების გამოყენებით.

(20) მაშ, როგორ შეიძლება სამართლიანად მივიჩნიოთ ელენეს კიცხვა? მან ხომ ის, რაც გააკეთა, გააკეთა თუ სიყვარულის მარწუხებში მყოფმა, თუ  მაცდურ სიტყვას მინდობილმა, თუ ძალდატანებით მოტაცებულმა, თუ ღვთაებრივი იძულებით იძულებულმა. აქ არსად ჩანს დანაშაული.

(21) მე ამ სიტყვით სირცხვილი ჩამოვრეცხე ქალს. შევასრულე სიტყვა, რაც დასაწყისში დავთქვი: შევეცადე დამესაბუთებინა ელენეს კიცხვის უსამართლობა  და მასზე გავრცელებული აზრის სიბეცე.

ამ სიტყვის დაწერა ელენეს შესაქებად და ჩემდა გასართობად მომინდა.

თარგმანი ადა ტრაპაიძისა

დაიბეჭდა "ლიტერატურული სალონის" ივლისის ნომერში

No comments:

Post a Comment