Wednesday, June 20, 2012

ტოპოსი

რევოლუციური გარდაქმნა ფიგურატიულ პლასტიკაში ჯერ კიდევ ანტიკურობაში მოხდა, რასაც შემორჩენილი თეორიული მემკვიდრეობა მომწმობს. ფეოდალურ სამყაროში, მაგალითად ბიზანტიური ხელოვნება რამდენიმე საუკუნით კვლავ უბრუნდება ფრონტალურობას, ფიგურის სქემატურ, არამოცულობით ხასიათს, რაც რელიგიის სპირიტუალურმა ხასიათმა განაპირობა. გამოსახულება ღვთაებრივი სამყაროს ნაწილად იყო მიჩნეული, ამიტომ ფიგურა-სხეული და ფონი დაცილებული იყო სხეულებრივ წონას, რეალობას და მის ბუნებრივ მომენტებს.

დასავლეთ ევროპაში XIII საუკუნის მიწურულს იცვლება ვითარება.  ფლორენციაში ჯოტოს და უფროსი პიზაროს ხელოვნება, ქრისტიანულ ხელოვნებაზეა დაფუძნებული და შინაარსიც რელიგიურია. რელიეფების, ფრესკების შესრულებისას - ფიგურატიული პლასტიკის და სივრცის პლანობრივი ამოცანების გააზრება ხდება. ეს ნაბიჯები თამამია თავისი დროისთვის თუმცა ანტიკურ დონეს ვერ აჭარბებს, მაგრამ კომპოზიციურ-სივრცობლივი ანუ ტოპოლოგიური კუთხით აქ დამაჯერებელი ნაბიჯები გადაიდგა ანტიკასთან შედარებით. ამის მაგალითი ჯოტოს ფრესკათა ციკლია.

ასი წლის შემდეგ, აღორძინების ეპოქაში, სივრცისა და ფიგურის, სხეულთა პლასტიკისა და ფონის არქიტექტონიკის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯები გადაიდგა.  მაგალითად ცნობილი ლეონარდო და ვინჩის ,,ჯოკონდა”  გამოსახულებისა და ფონის (კლდოვანი პეიზაჟის) მხატვრულ მთლიანობას წარმოადგენს. აღორძინების მხატვრებში ტოპოსის გააზრებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ხელოვანები გარდა მხატვრისა, არქიტექტორებიც იყვნენ. იმ პერიოდში აგებული არქიტექტურული ძეგლები, იმავდროულად, სივრცისა და ნაგებობის მთლიანობას გამოხატავენ.  იმ პერიოდში იწყება უკვე გუმბათოვანი გადახურვები. გუმბათის ფორმა სივრცის ერთ წერტილში შეკრების გააზრებასთანაა დაკავშირებული.


            ბაროკოს ფერწერაში უკვე ტოპოსი პეიზაჟის სახითაც გვევლინება, ის ცალკე ჟანრად ყალიბდება. პირველი მათგანი ელ გრეკოს ტოლედოს ხედია რომელიც XVII საუკუნით თარიღდება. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო სურათის ზედაპირის სრული ათვისება, ანუ გააზრებული, წარმოდგენილი იყო სრულად და თანაბრად იყო განაწილებული ფერი, ფორმა, ხაზი და განათება. აგრეთვე თანაბარი ძალით აჩენს ფერწერაში რემბრანდტისა და ველასკესის შემოქმედება ტოპოლოგიურ საწყისს. მათ შემოქმედებაში ბინდი, ნისლი ისეთივე შემადგენელი ნაწილია ნახატში, როგორც ფიგურა. მაგალიტად რემბრანდტის ,,ღამის მზირი” და სხვა.


            დასავლური ტოპოლოგიის ხედვას იმიტომ გავუსვით ხაზი რომ ტოპოსის აღმოსავლური გაგებაც არსებობს. ჩინური და იაპონური ხედვა როგორც ფიგურის პლასტიკით, ასევე ტოპოლოგიურადაც განსხვავებულია. აქ მხატვრის ხედვა არ არის ფოკუსირებული, ანუ არ არის მისი  ხედვის კუთხე განსაზღვრული.  ამ კულტურაში მხატვარი დაბლა დამხობილი ხატავს, თვალი გამოსახულ ფორმებს დაჰყვება როგორც ხალიჩას.  დასავლურში სივრცეს მხატვარი მართავს, აღმოსავლურში: სივრცე - სივრცეს.

მხატვრული ფორმისა და ადამიანის გრძნობის დამაკავშირებელი ელემენტები ყველა შედევრში გვხვდება. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: ელ გრეკოს ”ტოლედოს ხედი” - ამ ნახატში ყველა მხატვრული ფორმა ლოგიკურ კავშირში მოდის ერთმანეთთან იგივეობის პრინციპით: ანუ ღრუბლის, ბალახისა თუ ხეების ფორმები ერთი სტილითაა დაკლაკნილი, ყველაზე მძაფრ ემოციას კი უკიდეგანოდ მიხვეულ-მოხვეული ბილიკები იწვევს, რომლებიც ღრუბელთა ბაროკოულ სტრუქტურას ეხმიანებიან.


        მეორე მაგალითი: მუნკის ”კივილი” - ამ ნახატში გარემო და პერსონაჟი ორივე დაკლაკნილი ფორმებითაა შესრულებული და მნახველში სწორედ ამიტომ იწვევს კივილის ემოციას, გზა კი, რომელიც წრფივი, სწორი, პერსპექტიული ხაზებითაა აგებული ამ კონტექსტში უსასრულობისა და სისწრაფის განცდას ბადებს. ამ ნახატის ყველაზე დიდი მიგნება სწორედ მსგავსი მიმართულებით მოდელირებული მონასმებია, რომლებიც კივილის, ყვირილის შეგრძებას ბადებს.


       თვალსაჩინოებისთვის ვან გოგის ”ვარსკვლავიანი ღამეც” შეგვიძლია მოვიყვანოთ: ნახატის სტრუქტურის დაახლოებით 90% პასტოზური, ჩახვეული ფორმის მონასმებია, რომლებიც ერთ მთლიან ლოგიკურ ფორმაშია თავმოყრილი. აქ ვარსკვლავიანი ცის ფორმები მეორდება მთებში, გაწოლილ ღრუბლებში, ხეებში და კვიპაროსშიც კი, რომელიც კომპოზიციის წინა პლანზეა. ასეთი დაკლაკნილი, დახვეული მონასმებით ნამუშევრის შესრულება უდავოდ მძიმე სულიერ მდგომარეობაზე მიანიშნებს, რომლის დაძლევასა და ცხოვრების ჰორიზონტის გახსნას, გამონათებას ემსახურება ვან გოგის ფერწერა. ყოველივე ეს, კი ფორმების გავლით მნახველზე პირდაპირ აისახება.



თანამედროვე ხელოვნებაში ფორმების მსგავსი ლოგიკური ურთიერთობები უკანა პლანზე გადადის თუმცა მაინც არსებობს. მაგალითად მარკ როტკოს ფერწერა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ: ,,ტოპოსი არის სივრცის, მასის, მისი ადგილის ჩვენი ინდივიდუალური მიმართების სტრუქტურული მთლიანობის ამსახველი ტერმინი”.

No comments:

Post a Comment