Monday, June 25, 2012

ესე ამბავი ყვარლისა... (ნიკოლოზ აგლაძე / კრიტიკა)

დაიბეჭდა "ლიტერატურული სალონში"

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“. თავიდანვე ძალიან დამაინტერესა ამ პოზიტიურმა მოვლენამ, რომელიც მიზნად უნივერსიტეტის ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ახალი ავტორებისა და საინტერესო ტექსტების აღმოჩენას ისახავდა. მსგავსი ღონისძიებები, მართალია, ყოველთვის, გარკვეულწილად, პირობითია, - შეჯიბრება ლიტერატურაში, ზოგადად, გაუმართლებლად მიმაჩნია, - სამაგიეროდ, ის ახალგაზრდა მწერალს უბიძგებს მეტი აქტიურობისაკენ და ხელს უწყობს მკითხველის პოვნაში. სანამ კერძოდ ნაწარმოებების შეფასებაზე გადავალ, მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ საშუალება არ მომეცა ყველა კონკურსანტის ნაშრომს გავცნობოდი. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ასზე მეტი ტექსტი ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისათვის. ძალიან მინდოდა, კონკურსის შეფასებისას ინფორმაცია მქონოდა ყველა მონაწილის შესახებ, თუმცა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ქსელში მხოლოდ პირველი ეტაპის გამარჯვებულთა ნაშრომები აღომჩნდა. იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ ეს ხარვეზი გამოსწორდება. ახლა კი გთავაზობთ, ყვარლის მთებს მივაშუროთ, სადაც ლიტერატურული მარათონის დასკვნითი, ფინალური ტური გაიმართა და იქ შექმნილ ნაწარმოებებზე ვისაუბროთ.

მაღალი ცა, კამკამა ჰაერი, მყუდრო სასტურმო, ვერანდა, რბილი პუფები, ტბა, ნავები - თითქოს რა არის კიდევ საჭირო მშვენიერი განწყობის შესაქმნელად. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯადოსნურმა გარემომ სრულიად საპირისპირო გავლენა მოახდინა კონკურსანტ მარიკა არევაძევზე. გამიჭირდება სამედიცინო ტერმინების გამოყენების გარეშე დავახასიათო მისი ნაშრომი. იმ შეგრძნების საილუსტრაციოდ, რომელიც ტექსტის კითხვისას გამიჩნდა, ერთ ციტატას შემოგთავაზებთ მისი შემოქმედებიდან: „გუშინ შენს მეგობრებთან ვიყავით ვახშამზე. ჭამისას კბილი მომძვრა და სუფრაზე დავარდა. საშინელი სანახავი იყო. შენმა მეგობრებმა პატარა რბოლა მოაწყვეს უნიტაზისკენ მიმავალ გზაზე. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ შენ მგონი ნიჟარა გამოიყენე ჩემი სისხლიანი კბილის დანახვით გამოწვეული ემოციებისგან განსათავისუფლებლად.“ ჩემი ღრმა რწმენით, ლიტერატურა ნამდვილად არ არის კუჭის გამორეცხვის საუკეთესო საშუალება. მეტიც, ადამიანებისათვის აღნიშნული პროცედურის ჩატარება  მის კომპეტენციას სცილდება. თუ ავტორი ნებას მომცემს, ვურჩევდი მეტი ეფიქრა იმაზე, რასაც წერს და ნაკლები ეწერა იმაზე, რასაც ფიქრობს. ერთი სიტყვით, მოთხრობა “Mon Ange” ლიტერატურის დარგს არ მიეკუთვნება და მასზე მსჯელობაც შესაბამისი სპეციალობის სამედიცინო პერსონალს მივანდოთ.

საერთოდ, ლიტერატურული კონკურსის ჟიური, ვფიქრობ, ზედმეტად ლმობიერად მოეპყრო იმ ავტორებს, რომელთა ნაწარმოებებში სადისტური ნატურალიზმით იყო აღწერილი ათასი უკუღმართობა და საზიზღრობა. მეტიც, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, ერთ-ერთი ამგვარი მოთხრობებიდან, დავით ჩიხლაძის „Exchange”, გამარჯვებულთა სამეულში მოხვდა. პატივცემული ლიტერატორების გადაწყვეტილება გულწრფელ გაკვირვებას იწვევს. იმედია, მკითხველი მომიტევებს მოთხრობის რამდენიმე სახასიათო პასაჟის აქ გადმოცემას: „ამ დროს კი წელს ზემოთ შიშველი ჯენისი გამომეცხადა, რომელიც ძაღლის სამყოფელიდან გამოდიოდა. მთელი ტანი დასერილი ქონდა და თან ტუჩებს იწმენდდა“, ანდა კიდევ: „ჯენისი გიჟდებოდა ძაღლის წვალებაზე. განსაკუთრებით მისთვის საჭმელში ინგლისური მარილის ჩაყრა უყვარდა. საბოლოოდ პეკინესი სწორედ ამ მარილმა შეიწირა. ჯენისს ერთხელ იმდენი მოუვიდა, რომ მოსაქმებისას ძაღლი უბრალოდ შუაზე გასკდა.“ ნიშანდობლივია, რომ მოთხრობაში ამგვარი მონაკვეთების სიუხვე როდია მისი ყველაზე შესამჩნევი ნაკლი. საქმე ისაა, რომ ნაწარმოები, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, “მკვდარი”, “მკვდარშობილია”. კიდევ ერთ დიდი ადამიანს, სტანისლავსკის, დავესესხები და ვიტყვი, რომ „არ მჯერა“. არ მჯერა, როდესაც თბილისში მცხოვრები ჩემი თანატოლი მესაუბრება მასების ამბოხზე ამერიკაში; არ მჯერა, რომ პალანიკისა და ბერჯესის აშკარა და უნიათო მიბაძვით შექმნილი ნაწარმოები რეალურ პრობლემებს ასახავს; და ბოლოს, ვერაფრით დავიჯერებ, რომ ავტორი საკუთარ ორიგინალურ ხედვას მთავაზობს და არა უნიჭო ჰოლივუდურ ფილმებში პოპულარიზებული სიმბოლოების დახვავებას. ამდენად, გაუგებარია, რა პრინციპით ხელმძღვანელობდა პატივცემულ კაცთა საკრებულო, როდესაც ლაურეატის თუნდაც მცირე გვირგვინს ადგამდა მოთხრობა “Exchange”-ის ავტორს.

სამწუხაროდ, პროტესტის გრძნობას იწვევს ჟიურის კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მართალია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ მოქალაქეს დემოკრატიულ საზოგადოებაში  საკუთარი აზრის გამოთქმასაც ხომ ვერავინ დაუშლის?! მეც ვიტყვი... რამდენჯერმე დაკვირვებით, გულდასმით წავიკითხე თამარ ფოლადაშვილის მოთხრობა „როგორც ჩემი ძმა ანიკი“: პირველად ოდენ ის მომხვდა თვალში, რომ ვიღაცას გაუთავებლად ლოკავდნენ. შემდეგ საკუთარ თავზე მივიღე სოციალურ ქსელში დატოვებული კომენტარი და დიდი ხნის განმავლობაში ბწკარებს შორის ვეძებდი ნაწარმოების აზრს. გამოგიტყდებით, ვერაფერი ვიპოვე; ერთადერთი, რამაც დამაინტერესა, გამოხატვის უჩვეულო ფორმა იყო. ავტორმა ორიგინალური გზა იპოვა მკითხველთან სასაუბროდ: მოთხრობა მცირე მონაკვეთებადაა დაყოფილი, რომელთაგან ერთიანი სურათი უნდა შეიქმნას. მაგრამ მოზაიკა წუნდებული აღმოჩნდა, სახეები უფერული, აზრი კი ბუნდოვანი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ავტორი თავად ვერ გაერკვა საკუთარ იდეაში და ვერ თქვა ის, რაც სურდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ფოლადაშვილი დახვეწს თავის მეთოდს და შეძლებს, უკეთ გადმოსცეს სათქმელი. იმ სახით კი, როგორც ტექსტი ჟიურის წარედგინა ის, ჩემი აზრით, დასრულებულ ლიტერატურულ ნაწარმოებად არ შეიძლება იქნას აღქმული და, შესაბამისად, დიდი ჯილდოსაც არ იმსახურებს, რომელიც, გაუგებარი მიზეზით, ხვდა წილად.

ნებისმიერ კონკურსში გამოკვეთილ აუტსაიდერებსა და ლიდერებს შორის „განსაწმენდელია“ მოქცეული. უნდა აღინიშნოს, რომ საინტერესო წასაკითხი იყო ნუკა ჩოხელის, სალომე მხეიძის და ბექა ბაღაშვილის მოთხრობები. ამ უკანასკნელის ნაწარმოებმა სასიამოვნოდ გამაკვირვა.  ისტორია სახელწოდებით „ელის“ მოწმობს, რომ ავტორი სწრაფად პროგრესირებს.  კონკურსის პირველ ეტაპზე მის მიერ წარმოდგენილი ტექსტი უფრო სასწრაფო დახმარების ექიმის ჩანაწერს ჰგავდა, ვიდრე ლიტერატურულ ნაწარმოებს. ამიტომ ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ფინალში ახალგაზრდა მწერალმა ბევრად უკეთ შეძლო თავის წარმოჩენა და, თუ არა შესანიშნავი, აღსანიშნავი მოთხრობა ნამდვილად შექმნა.

„ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის გონება ყმათა ვერა მიხვდების“-ნათქვამია. მართლაც, მომიტევეთ უგნურება, არ მესმის, როგორ შეეძლო ჟიურის ყურადღება არ მიექცია ორი ძალიან კარგი ნაწარმოებისათვის, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა, როგორც მინიმუმ ინტერესს. მარიამ ბექაურის „კედლები“ და ნინო ტეფნაძის „ლიტერატურისათვის“ ის მარგალიტებია, რომელთა გაფლანგვა დაუშვებელია. განზრახ ვიკავებ თავს ბიბლიური ალუზიისაგან, მაგრამ, ზოლას სიტყვებს კი ნაღდად გავიხსენებ: „მე ბრალს ვდებ!“ სულ მცირე, დაუშვებელ უგულისყურობად მიმაჩნია ამ ორი უაღრესად საინტერესო ტექსტის კონკურსის გამარჯვებულთა სამეულს მიღმა დარჩენა. „კედლები“ თინეიჯერი გოგონას განცდებს გადმოსცემს და სოციუმისგან იზოლირებული ადამიანის შინაგან სამყაროს გვიხატავს. საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტრავმა, ნარკომანია და რთული ურთიერთობა მშობლებთან მოთხრობის გმირის გარემოსაგან გამიჯვნას, უხილავი კედლით განცალკევებას იწვევს. შესაძლოა, ნაწარმოებში ასახული პრობლემა ძალიან აქტუალური არ არის, მაგრამ ის ნამდვილად რეალურია და ძალიან ახლო მომავალში ბევრად მწვავე გახდება. ამდენად, მიუხედავად რამდენიმე აშკარა ხარვეზისა, ჩემი აზრით,  მოთხრობა ბევრად მეტს იმსახურებდა და უსამართლოდ დარჩა „სწავლულ კაცთა“ ყურადღების მიღმა.

დარწმუნებული ვარ, ლიტერატურაში არსებობს ერთი წაკითხვით სიყვარული. თუ ასეა, უნდა გამოვტდე: მოთხრობამ „ლიტერატურისათვის“ სწრაფად და სამუდამოდ მომხიბლა. მწერალი ნინო ტეფნაძე არასდროს მომწონდა, ბლოგერი ანინა კი ერთი საშუალოსტატისტიკური, „გულახდილი გოგონა“ მგონია დღემდე. მით უფრო საოცარი იყო ჩემთვის ამ მშვენიერი ტექსტის აღმოჩენა. ნაწარმოებში ოსტატურად არის წარმოჩენილი ჩვენ ირგვლივ, ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებაში არსებული ურთიერთობები და წინააღმდეგობები: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ, ერთ დროს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ვმუშაობდი, „შეფს“ ვიცნობდი და ყავაში შაქრის ჩაყრაც სწორედ მე ამიკრძალეს. თხრობის სადა მანერა, მოვლენების თანამიმდევრული გადმოცემა და მშვენიერი, ჰაეროვანი სტილი მკითხველს აძლევს საშუალებას  არა იმაზე იფიქროს, თუ რისი თქმა სურდა მწერალს, არამედ კარგად გაიაზროს ის, რაც ავტორმა თქვა. უსუსურად მეჩვენება მოთხრობისადმი წაყენებული ბრალდება, თითქოს კონკურსის თემასთან მისი კავშირი ზედმეტად პირდაპირი და ბანალურია.  პირიქით, მწერალმა უარი თქვა ფსევდოორიგინალურ მიდგომაზე, რითაც მხოლოდ ხიბლი შეჰმატა თავის ნაშრომს. მისი უნიკალურობა სწორედ მოჩვენებით უბრალოებაშია. ჩემს ათეულში მოთხრობა „ლიტერატურისთვის“ უდაოდ პირველ ადგილზეა. ერთი ფრაზა ამ ნაწარმოებიდან კი, ალბათ, დიდი ხანი მემახსოვრება: „ის, როგორც ყველა მწერალი, საწოლშიც ეგოცენტრული იყო, მე კი, როგორც ყველა რედაქტორი – მწერალზე ორიენტირებული.“

ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ პირადი მეგობრობა არ მაძლევს საშუალებას ობიექტურად შევაფასო კიდევ ერთი კონკურსანტის, დავით გორგილაძის, ნაწარმოები, ამიტომ მასზე საუბარს განზრახ თავი ავარიდე.

ყველაფერი ზემოთქმული ერთი რიგითი მკითხველისა და ლიტერატურის მოყვარულის სუბიექტური აზრია, რომელიც ვცადე, შეძლებისდაგვარად, დამესაბუთებინა. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიტერატურული კონკურსი ფრიად პირობითი რამაა. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, დასანანია დაფიქსირებული შედეგები, მაგრამ ყველა ჩვენგანს თავად შეუძლია წაიკითხოს კონკურსანტთა ნაშრომები და საკუთარი რეიტინგ-სია შეადგინოს. იმათ კი, ვინც ჩემსავით არ დაეთანხმება ჟიურის გადაწყვეტილებას, შევახსენებ: ჭეშმარიტი მოყვარული რას არ იზამს ლიტერატურისათვის!

No comments:

Post a Comment