Monday, June 25, 2012

აგვისტოს ომის თემატიკა თანამედროვე ქართულ მწერლობაში

კრიტიკა ლევან ბებურიშვილისა

       2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ მრავალი ტექსტი შეიქმნა. ამჯერად განვიხილავთ სამ ნაწარმოებს, როელიც შედარებით ადრე გამოქვეყნდა. ესაა: ბასა ჯანიკაშვილის პიესა-რომანი ,,ომობანა”, ლაშა ბუღაძის ,,ლიტერატურული ექსპრესი” და ზაზა ბურჭულაძის ,,adibas”.


      სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრავენ ლიტერატურისა და ხელოვნების არსს ცნობილი მოაზროვნეები, რადგანაც დღეს ხელოვნებისადმი პოსტმოდერნისტული მიდგომა ერთადერთ მეთოდად აქცია თანამდეროვე ქართველ მწერალთა დიდმა ნაწილმა.

დიდად საყურადღებოა მალხაზ ხარბედიას, პაატა შამუგიასა და შოთა გაგარინის ესთეტიკური ნააზრევი, მაგრამ ამჯერად მათზე ოდნავ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს: შილერს, ჰეგელს, ბერდიაევს და სხვ. მივმართოთ.

ჰეგელი ბრძანებს: ,,ჭეშმარიტად ნამდვილი ხელოვნება თავის უმაღლეს ამოცანას მხოლოდ მაშინ წყვეტს, როდესაც იგი რელიგიასთან და ფილოსოფიასთან ერთ საერთო წრეში მოაქცევს თავის თავს და წარმოადგენს იმ საშუალებას, რომლითაც შეიცნობა და გამოითქმება ღვთაებრივი, ადამიანის სულის უღრმესი ინტერესები, გონის ყოვლისმომცველი, ფართო ჭეშმარიტებანი”.

ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდიაევის თქმით: ,,ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის კათარსისი, განწმედა, ფსიქიკურ-ხორციელი სტიქიიდან სულის დახსნაა, ან ფსიქიკურ-ხორციელი სტიქიის დაძლევაა სულით... თავისი ბუნებით შემოქმედება უხამსობას უპირისპირდება და უხამსობა სხვა არაფერია თუ არა შემოქმედების არქონა, შემოქმედების უუნარობა”.

მრავალი მოაზროვნის განსაზღვრებით, ჭეშმარიტად მხატვრული ნაწარმოები არის სინთეზი ეთიკურისა და ესთეტიკურისა. შილერის თქმით, მხატვრული შემოქმედება მაღალეთიკურ პათოსს მოითხოვს: ,,ვნებათა ხელოვნება არსებობს, მაგრამ ვნებიანი ხელოვნება უკვე წინააღმდეგობას შეიცავს, რადგან მშვენიერების გარდუვალი ეფექტი სწორედ ვნებათაგან გათავისუფლებაა”.   გერმანული ესთეტიკური აზრის უდიდესი წარმომადგენლის ნიკოლაი ჰარტმანის თქმით კი: ,,ნაყოფიერია ისეთი იდეალები, რომელიც, უპირველესად, ნამდვილად არსებულ ღირებულებათა სფეროს ეხება... იდეალური სახეები, რომელზედაც მიდის საუბარი, თავისი შინაარსით გვევლინებიან, საერთოდ რომ ვთქვათ, ეთიკურად”.

პოსტმოდერნიზმის ერთი მთავარი მახასიათებელი ისიც გახლავთ, რომ მან ერთმანეთისგან საბოლოოდ გათიშა ეთიკური და ესთეტიკური. ეს ძალზე ვრცელი თემაა და მასზე საგანგებოდ მომავალში ვისაუბრებთ.

დღეს თუ ვინმე კრიტიკულად უცქერს პოსტმოდერნიზმს, ის ან ფუნდამენტალისტია, ან ჩამორჩენილი, ანდა, უკეთეს შემთხვევაში, კომუნისტი. პოსტმოდერნის აპოლოგეტები კი კაცობრიობრიობის კულტურულ ავანგარდში ირიცხებიან. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, ითქვას მწარე სიმართლე.

სამივე განსახილველი თხზულება ტიპური პოსტმოდერნისტული ტექსტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია: ფრაგმენტულობა, გამოკვეთილი სახის უქონლობა, ზედაპირულობა, ქაოსი და ა.შ.

2008 წლის აგვისტოს ომი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ნამდვილად გამაღიზიანებელია ფსევდო-პატრიოტული რიტორიკა, მაგრამ მაინც მოსალოდნელი იყო, რომ თანამედროვე ქართულ მწერლობაში აგვისტოს ომი მეტ-ნაკლებად მაინც მტკივნეულად იქნებოდა ასახული. მოხდა სრულიად საპირისპირო: ომმა ჩვენი ,,მწერლები” უფრო ,,საღადაოდ” განაწყო, ვიდრე სერიოზულ თემებზე სასაუბროდ.

ბასა ჯანიკაშვილის პიესა-რომანი ,,ომობანა”  ზეაბსურდული, ფანტასტიკური ხასიათის  თხზულებაა, რომელსაც არავითარი კავშირი არ გააჩნია სიტყვაკაზმულ მწერლობასთან გარდა იმისა, რომ წიგნის სახით არის გამოცემული. ავტორი მოგვითხრობს დარჩიების ოჯახის თავგადასავალს, თუ როგორ ჩამოაგდო ათი წლის გივიკომ შურდულით ხუთი რუსული თვითმფრინავი და როგორ აიყვანეს ტყვედ რუსი ჯარისკაცები გივიკოს მშობლებმა: გურამ დარჩიამ და ვერა კეკელიძემ.

თანამედროვე ქართველი მწერალი (ამჯერად ,,თანამედროვე ქართველ მწერლებში” ვგულისხმობთ არა ყველა თანამედროვე ქართველ შემოქმედს, არამედ ავტორთა ერთ კატეგორიას, ძირითადად, პოსტმოდერნიზმის მიმდევრებს, რომელთა  რეკლამირებასაც ეწევა პრესა, ტელევიზია თუ გამომცემლობები) ქართველი ქალის კდემამოსილებასა და სინაზეზე რომ არ ისაუბრებს ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ყურადღებას იქცევს სადისტი დიასახლისის - ვერა კეკელიძის მხატვრული სახე:

,,ჩამოვარდნილმა მფრინავმა დაიკვნესა: ’’Ой, как больно, вот здесь болит”- მფრინავმა წვივზე მიუთითა და დიასახლისს სიბრალულით სავსე თვალებით შესჩივლა: “Помогите!“... ,,ვერა კეკელიძემ ჩახმახი შეაყენა და ტყვეს პისტოლეტი პირში ჩაუდო”,  ვერამ ,,მტკივან წვივზე ფეხი დააბიჯა: “Говори, Сука, почему ты нас бомбил, говори а то зарежу!“, შემდგომ ქალბატონმა ,,მტერს მუცელში წიხლი უთავაზა. ტკივილი ჯარისკაცს ნეკნსა და ბრმა ნაწლავს შორის მოხვდა”, ამის შემდეგ ,,კიდევ ერთხელ ჩასჩარა პისტოლეტის ლულა” (თუმცა აქ დაკონკრეტებული აღარ არის, თუ სად ჩასჩარა პისტოლეტის ლულა ტყვეს ქალბატონმა ვერამ).

ერთი სიტყვით, დარჩიები ჩამოვარდნილ მფრინავებს აქეიფებენ, საშობაოდ დასაკლავი ღორებივით დააძღობენ და ამის შემდეგ... დახვრეტენ, - ,,ვერამ ჩახმახი შეაყენა და მეორე მფრინავს კეფაზე მიადო: “Спасибо, что зашли“ - ღიმილით უთხრა და ჩახმახს გამოჰკრა. დიმიტრი იურკევიჩმა ტვინი ღობეს მიასხა”. მსგავსი სისასტიკით გაუსწორდნენ დანარჩენ ოთხსაც. ამ ეპიზოდში ცხადდება ავტორის ერთი ფარული გულისთქმა: საწყალობელმა ავტორმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ამგვარად იძია შური ოკუპანტებზე, - თავის პერსონაჟებს გააჟლეტინა რუსი ჯარისკაცები. ამით დიდად აამა იმ სუბიექტებს, რომელნიც ტელეეკრანებიდან გვარწმუნებდნენ, რომ ომი თითქმის მოვიგეთ. ასე არასერიოზულად არის წარმოდგენილი აგვისტოს ომი ,,ომობანაში”.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ტექსტის ,,მხატვრულ ღირსებებზე”. ტროპის სახეებიდან ყველაზე ხშირად ავტორი პერსონიფიკაციას მიმართავს. ჯერ კიდევ მოქმედ პირთა ჩამონათვალში სხვა უსიცოცხლო და უფერული პერსონაჟების გვერდით ვხვდებით: სიონის წყალსაცავს, შიშს და ტუალეტს. ტექსტიდან ვიგებთ, რომ სიონის წყალსაცავი უაღრესად პოეტური და ფაქიზი სულის წყალსაცავი ყოფილა: ,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, - ამბობდა სიონის წყალსაცავი რამდენიმე დღის შემდეგ, - რომ სილამაზეს თითქოს დროდ ქცევა და ცაზე საუკუნოდ დარჩენა უნდოდა, თითქოს რკინის ღმერთი თავად დანებდა  განგებას”.  ავტორი გვთავაზობს  რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-25-ის ფიქრებსაც: ,,როდესაც საქართველოს გადავუფრენ ხოლმე, სულ მინდა, ხელები მოვხვიო და ჩავეხუტო... ყველაფერი ერთჯერადია და ისიც პირობითი, როგორც ერთჯერადი ჩაის პაკეტები – გახსნი ყუთს, ამოიღებ ერთ ოცნებას, დაასხამ ცხელ წყალს, გემოვნების მიხედვით შეურევ შაქარსა და ლიმონს და სვი ოცნება”.

გაპიროვნება უაღრესად მაღალმხატვრული, პოეტური ხერხია, მაგრამ ფილოსოფიურად მოაზროვნე წყალსაცავის და ლიმნიანი ჩაის მოყვარული თვითმფრინავის მხატვრული სახეები ცოტა გადაჭარბებად გვეჩვენება.

სიონის წყალსაცავთან ერთად ხანდახან ავტორიც გვიზიარებს თავის ფილოსოფიურ დაკვირვებებს. მაგ: ,,მეზობლები დადიან, დადიან, დადიან... და ერთ მშვენიერ დღეს ხვდები, რომ შენც სხვა მეზობლის თვალში დადიხარ, დადიხარ, დადიხარ”... ამ შეუდარებელი მსჯელობისგან განსხვავებით ნაკლებ დამაჯერებელი ჩანს ავტორის სიტყვები: ,,რუსები რუსთავში არ შევიდოდნენ. იქ არც სამხედრო ბაზა იყო და არც შეძლებული მოსახლეობა ცხოვრობდა. რამდენიმე ქარხნისაგან დარჩენილი მოგონება და ერთიც ,,ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზია იყო. ამის გასაძარცვად იქ არ ჩამოვიდოდნენ”. ვინც ტელეეთერით ნახა კადრები, თუ როგორ ეზიდებოდნენ რუსი სამხედროები ღამის ქოთნებსა და უნიტაზებს, არ დაეჭვდება იმაში, რომ რუსული არმიის შემოსვლის შემთხვევაში გაძარცვას ვერც რუსთავი გადაურჩებოდა.

ნაწარმოების ბოლოს გურამ დარჩია თავის ვაჟს მიმართავს: ,,შვილო, მოდი ფარანი მოიტანე, მოვფსათ და დავიძინოთ”. სრულიადაც არ იქნება გასაკვირი, თუ მსგავსი რჩევის მიცემის სურვილი მკითხველსაც გაუჩნდება ზოგიერთი პირისადმი ამ თხზულების წაკითხვის შემდეგ.

გადავიდეთ მხატვრობიდან მწერლობაში მოსული ნიჭიერი მომღერლის ლაშა ბუღაძის შემოქმედებაზე. ,,რუსულმა ბომბებმა ძალა გამომაცალეს” - აცხადებს ..ლიტერატურული ექსპრესის” მთავარი პერსონაჟი რომანის პირველსავე გვერდზე. ,,რუსულმა ბომბებმა ძალა გამომაცალეს”, - ალბათ, შეუძლებელია, უფრო სიღრმისეულად გადმოიცეს პერსონაჟის შეძრწუნებული მდგომარეობა. რომანის ანოტაციაშიც ვკითხულობთ, რომ ,,ლიტერატურული ექსპრესი” ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს... წიგნი ამ ექსტრავაგანტური ექსპრესის მგზავრების ჩანაწერებია, თუმცა, რადგან მთავარი გმირი ქართველი მწერალია, ძირითადი ამბავი მაინც მისი პირადი ისტორიაა – 2008   წლის აგვისტოს შოკი და ლიტერატურულ-მწერლური ფიქრები”. დავანებოთ თავი ანოტაციას და ვნახოთ ტექსტში, თუ როგორ შოკში იყო მთავარი პერსონაჟი აგვისტოს ომის დროს: ,,მაკა აგვისტოს ომის დროს გავიცანი სკაიპში. ძაან ეშინოდა და თან რაღაც იდიოტურ-ისტერიკულად იპრანჭებოდა. ასეთი არაფერი მენახა დღემდე... ერთი სიტყვით, მცირედ თერაპიული და სევდიანი სექსი მქონდა ამ საწყალ მაკასთან, მართლა სულ ეტირებოდა”... აი, ასეთ შოკში იყო მთავარი გმირი აგვისტოს ომის დროს. თავიდან კი გვიმტკიცებდა, ,,რუსულმა ბობმბებმა ძალა გამომაცალესო”, მაგრამ უძლურება ნამდვილად არ ეტყობა ისეთ დღეში ჩააგდო საწყალი მაკა.

ნაწარმოების პერსონაჟთაგან არავის ადარდებს აგვისტოს ომი. თვით მთავარი გმირი იმას ცდილობს, რომ თავისი ფარისევლური მონოლოგით აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებზე საკუთარი საქმე გაიკეთოს და  ამით მოაწონოს თავი გამომცემლებს: ,,...თუკი ქართულ პრობლემებზე ვილაპარაკებდი, მეტი შანსი მექნებოდა ჩემით დაინტერესებულიყვნენ... მითუმეტეს, თითქოს ბედად, ჩემთან ერთად დიდი რუსიც იღებდა მონაწილეობას დისკუსიაში და მივხვდი, რომ ეხლა სწორედ რუსეთ-საქართველოს ომზე უნდა მელაპარაკა”. ამ ფსევდო-პატრიოტულ რიტორიკას მეორე განზრახვაც ედო საფუძვლად: ,,მე ჰელენასკენ გავიხედე – მინდოდა რაღაცით მიმექცია მისი ყურადღება... ჩემი მოთხრობებით ამას ნაკლებად მოვახერხებდი. ,,დღესვე მოგცემს თუ ივაჟკაცებ” - გამიელვა თავში”.

ერთი სიტყვით, ბუღაძე ომის გარდა ყველაფერზე მოგვითხრობს: თუ როგორ მოგზაურობს ასი იდიოტი მწერალი ევროპაში, დაწვრილებით აგვიღწერს მათ  ორგიებს და წარმოგვიდგენს მათ უშინაარსო ჩანაწერებს.

კიდევ ერთი გარემოება, რითაც თხზულება იქცევს ყურაღებას, გახლავთ ავტორის პათოლოგიური ზიზღი თავისი უფროსი კოლეგებისადმი. თავისი პერსონაჟის მაკეტს ამოფარებული ბუღაძე მოიხსენიებს მათ, როგორც ,,ბებერ იდიოტებს”, ,,პენისებს”, ,,პროვინციალ ვირეშმაკებს” და ა.შ. ავტორი გატაცებით აგვიწერს თუ როგორ მიიტანეს მოთუხთუხე განავლით სავსე ღამის ქოთნები მწერალთა კავშირში: ,,მძღნერები ხართ და მძღნერი მოგიტანეთო”.

ზიზღს არც თანამემამულეთადმი იშურებს ბუღაძე: ,,ჩემი ქართველები მეც მეზიზღებიან, კითხვა არ იციან”. სხვაგან კი ქართველებს მოიხსენიებს როგორც ,,საყოველთაო ეროვნული იდიოტიზმისგან გამოლენჩებულ ხალხს”.

რაც შეეხება ტექსტის მხატვრულ მხარეს, უპირველესად უნდა აღინიშნოს თხრობის ერთფეროვანი, უსიციცხლო სტილი, რაც აუტანელ წასაკითხს ხდის რომანს.  რიგ   ეპიზოდებში   თვალშისაცემია  ავტორის  არადამაჯერებელი  მსჯელობა. მაგალითად, ერთი უცხოელის შესახებ ბუღაძე ამბობს: ,,უცხოელი რომ იყო, ეს არაბუნებრივად დაქაჩულ თვალებზე და ნაძალადევ ღიმილზე ეტყობოდაო”. მე, პირადად, ისევე როგორც მკითხველი, ალბათ, იმდენ ნაძალადევღიმილიან და თვალებდაქაჩულ ქართველს ვიცნობ, რომ ეს ორი ნიშანი არ მგონია, უცხოელთა მთავარ განმასხვავებელ თვისებად ჩაითვალოს.

ავტორის მწერლური ტალანტის სისუსტე განსაკუთრებით ცხადად ჩანს მაშინ, როდესაც იგი აგვიღწერს ამა თუ იმ საგანსა და მოვლენას. ბუღაძე ვერ ახერხებს გამოკვეთოს საგნის ძირეული ნიშანი, მთავარი მახასიათებელი და ვერ თავისუფლდება ზედაპირულობისაგან. მაგ.: ვნახოთ, როგორ აგვიღწერს ბუღაძე მადრიდს: ,,მარდიდი – ეს არის მოედნების და მოკოცნავე წყვილების ქალაქი. სხვაგან ვერსად ნახავთ ამდენ მოზასავე გოგოს და ბიჭს”. ჩავსვათ მადრიდის მაგიერ რომი: ,,რომი - ეს არის მოედნების და მოკოცნავე წყვილების ქალაქი”, ანდაც - პარიზი: ,,პარიზი – ეს არის მოედნების და მოკოცნავე წყვილების ქალაქი”. ამ ფორმულით ნებისმიერი ქალაქის აღწერა შეიძლება. ე.ი. მწერალმა ვერ გამოკვეთა ქალაქის მთავარი მახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშანი და მოგვცა სრულიად სქემატური, ზერელე აღწერა (ისე, ,,მოზასავე” გოგო-ბიჭების სიმრავლით თუ დავიწყეთ ქალაქების დახასიათება, თბილისი, ალბათ, ერთ-ერთ საპატიო ადგილს დაიკავებს ჩამოთვლილ ქალაქთა შორის). სხვაგან ბუღაძე წერს: ,,მალბორკში ყველას აუდგა”. ეს სიტყვები მალბორკის შესახებ არაფერს გვეუბნება, იმაზე კი ცხადად მიგვითითებს, რომ ავტორს ფანტაზია გამოლევია.

ერთი სიტყვით, აგვისტოს ომი ბუღაძის რომანში ერთი უაზრო და უშინაარსო ფრაზით ამოიწურება: ,,რუსულმა ბომბებმა ძალა გამომაცალეს”.

საგანგებოდ არ ვეხებით განხილული ტექსტების ენობრივ მხარეს, რადგან სრული სიზუსტით რომ აღგვეწერა გრამატიკული შეცდომები, ალბათ, ასტრონომიულ ციფრს მივიღებდით, ამიტომაც ამაზე თავი გრამატიკოსებმა და მათემატიკოსებმა იმტვრიონ.

გადავიდეთ უსამა ბინ-ლადენთან სექსზე მეოცნებე ზაზა ბურჭულაძის რომანზე. როდესაც ამ სიტყვებს ვამბობთ, სრულიადაც არ ვაყენებთ ავტორს შეურაცხყოფას. ეს ბურჭულაძემ თვითონ განაცხადა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, შეკითხვაზე: “რა არის თქვენი ოცნება”? ბურჭულაძემ უპასუხა: “ბინ-ლადენთან სექსი”.

რა თქმა უნდა, ბირჭულაძეს სრულიადაც არ სურს ბინ-ლადენთან ინტიმური კავშირი. მან ეს მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ გაეღიზიანებინა მასა, მიეპყრო საზოგადოების ყურადღება და უფრო მეტი სკანდალურობა  შეემატებინა  საკუთარი  სახელისათვის, მაგრამ, თუ ჩვენ ვცდებით და ბურჭულაძეს გულწრფელად სურს ბინ-ლადენთან ინტიმი, ამ შემთხვევაში, ასევე სრული გულწრფელობით ვუსურვებთ ოცნების ახდენას. (როდესაც ეს წერილი დაიწერა, ბინ-ლადენი ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ. ამერიკის სპეც-სამსახურებს თუ დავუჯერებთ, ბურჭულაძე თავის ოცნებას ვეღარ აიხდენს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უვნებლები რჩებიან ისეთი სანდომიანი ტერორისტები, როგორებიც არიან:

აიმან  ალ-ზავაჰირი, მუქთადა ალ-სადრი და ა.შ.).

        სანამ რომანის განხილვაზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, თუ რას წერენ ,,ადიბას”-ის შესახებ ე.წ. ,,კრიტიკოსები”:

ნინო ძანძავა: ,,იმიჯები რიტმულად იძერწებიან და ხავერდოვნად ერწყმიან ერთმანეთს (თუ ვინმე ოდესმე მიხვდებით, რისი თქმა უნდა ნინო ძანძავას, უმორჩილესად გთხოვთ, დამიკავშირდით და მეც გამაგებინეთ. ჩემი ტელეფონის ნომერია 893 16-20-44. ლ.ბ.). ისტორიები და ადამიანები ირევიან – განაგრძობს ნინო ძანძავა – ზავდებიან და ისევ შორდებიან, როგორც ნელი და ხანგრძლივი სექსი, როგორც ბურუსით მოცული ომი, რომელიც რომანში ჩანს და თან არ ჩანს”.

მალხაზ ხარბედია: ,,ზაზამ შექმნა ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის დამაგვირგვინებელი, ძალზე ზუსტი და დასრულებული ტექსტი, რომელიც მისი ძველი ნაწერებისგან განსხვავებით, სრულყოფილია”.

ზოგიერთებმა კი ბურჭულაძის შემოქმედება ზედროულად მიიჩნიეს და იგი იმ მწერალთა კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებიც დროს უსწრებენ. მაგალითად ლევან ბერძენიშვილი წერს: ,,ზაზა ბურჭულაძე არ ენდობა ადიბას მკითხველს. ამიტომ მან უნდა დაუღეჭოს, დიდი პირი დააღებინოს და ჩაუტენოს ლუკმა.” გოჩა გაბოძე კი დასძენს, რომ ,,არსებობენ მწერლები, რომლებიც დროს უსწრებენ და მათი არ ესმით. ჩათვალეთ, რომ ზაზა ბურჭულაძეც ის მწერალია, რომელიც მომავლის განზომილებაში უნდა აღვიქვათ”.

რომან ,ადიბას”-ის ანოტაციაში ვკითხულობთ: ,,ზაზა ბურჭულაძის რომანი ,,ადიბას” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე მოგვითხრობს. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არ არის არც ერთი საბრძოლო სცენა, ომი მაინც რომანის მთავარი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟია სექსიც, რომელიც რომანში ომის ერთგვარ სინონიმადაა წარმოდგენილი.” ომის რა მოგახენოთ, მაგრამ, აი, სექსი კი ნამდვილად არის რომანის მთავარი “პერსონაჟი”, თუ შეიძლება, რომ სექსი ეწოდოს იმ სადო–მაზოხისტურ ქმედებებს, რომლითაც ნაწარმოების პერსონაჟები დაკავებულნი არიან.

მოვიტანთ ერთ პასაჟს, რათა ცხადი გახდეს რომანის საერთო შინაარსი მათთვის, ვისაც ,,ადიბას” არ წაუკითხავს. ამაზე ბევრად უფრო ამაზრზენი სცენებიც მრავლად მოიპოვება ტექსტში. ამ მონაკვეთს კი შემოგთავზებთ მცირედი სახეცვლილებით: იმ სიტყვას, რომელსაც  ავტორი  ხშირად იყენებს სხვადასხვა ბრუნვასა თუ კონტექსტში, შევცვლით უწყინარი სიტყვით ,,ჩიტი” და გვექნება შესაბამისი ტექსტი: ,,საბანს ვიხდი, ჩემ მუცელზე გადმოწოლილ ჩიტს ვუყურებ, რომელსაც სისხლი აწვება, სასაცილოდ იბერება, პულსირებს. თვალს ვერ ვაშორებ... არის რაღაც ჰიპნოტური ამდგარი ჩიტის ჭვრეტაში... ნუთუ ყველაფერი კუჭზე და ჩიტზე გადის?.. ცალ ხელში კრუასანი მიჭირავს, მეორეში ჩიტი”...

რომელიმე თავმოყვარე გამომცემელს რომ მისდგომოდით ასე, ,,ცალ ხელში კრუასანით და მეორეში ჩიტით”, რა თქმა უნდა, კინწისკვრით გამოგაგდებდათ, მაგრამ ხელგაშლილნი მიეგებნენ ბურჭულაძეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში, რომელიც ყველასაგან გამოირჩევა მაკულატურის გამოცემის სიჭარბით (საერთოდ, გამომცემლობების როლი ესთეტიკური გამოთაყვანების საქმეში საგანგებოდ არის შესასწავლი).

ომი ბურჭულაძის წიგნში მეორეხარისხოვანია, წინა პლანზე პორნოგრაფია გახლავთ. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ცნობილი პოეტის ტარიელ ჭანტურიას სიტყვები, რომელიც მსგავსი შინაარსის ნაწარმოებზე ითქვა 15 წლის წინ და არაჩვეულებრივად მიესადაგება ბურჭულაძის რომანსაც: ,,ომში, თუ მაინცადანმაინც ომის საშინელების ჩვენება გწადია, ჯერ პენისი კი არ უნდა დაინახო, არამედ რაღაც სხვა, რაც უფრო ღრმად და სრულად გადმოსცემს ომის შემაძრწუნებელ სახეს”.

ავტორის მთავარ მიზანდასახულობას შეადგენს ის, რომ გვიჩვენოს ხალხის სრული გულგრილობა ომით გამოწვეული უბედურებისადმი, რაც თავისთავად, არ არის დასაძრახი, მაგრამ ბურჭულაძეს არ გააჩნია მხატვრული ზომიერების გრძნობა. მისი მონათხრობი არათუ ფანტასტიკური, არამედ ფანტასტიკანურია. ავტორი მოგვითხრობს, რომ არავის აღელვებს თბილისში შემოსული რუსეთის არმია. მხოლოდ იდიოტმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ხალხი, რომლის სახლის წინაც ბეტეერები დგას, მხარ-თეძოზეა წამოწოლილი, ტაქსისტები თვლემენ, სხვები ხინკალს მიირთმევენ, ირუჯებიან, მეეზოვე კი ცოცხით დასდევს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს. ბურჭულაძე ვერც კი ხვდება, რა ღრმად შეტოპა. გვახსენდება ჩესტერტონის სიტყვები: ,,მე შემიძლია დავიჯერო შეუძლებელი, მაგრამ ვერ დავიჯერებ დაუჯერებელს”. ავტორი კი მართლაც დაუჯერებელ ამბებს მოგვითხრობს და მათ რეალობად გვასაღებს. მხატვრული დამაჯერებლობის თვალსაზრისით, რომანი ძალიან დაბალ დონეზე დგას.

თუ ბურჭულაძეს (იგივე ბუღაძეს და ჯანიკაშვილს) სურდა, ოდნავ რეალისტურად აესახა აგვისტოს ომის მოვლენები, თავისი სატირის მახვილი უნდა მიემართა საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ერთი უაღრესად სამარცხვინო ფაქტისაკენ: როდესაც სამაჩაბლოში გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა, მავანთა ინიციატივით თბილისში ტაშ-ფანდური გაიმართა და ზოგიერთები სახელდახელოდ შეკოწიწებული სცენიდან მუშტებს უქნევდნენ აგრესორს. რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად ამაზრზენი და დასაცინი?! ბურჭულაძეს უნდა დაეცინა იმ სულგაყიდული ადამიანებისათვის, რომლებიც კუდამოძუებულნი გარბოდნენ ქვეყნიდან და საზღვართან რიგები დააყენეს, მაგრამ არც ბურჭულაძეს, არც ჯანიკაშვილსა და არც ბუღაძეს სიტყვა არ დაუძრავთ ამის შესახებ. რატომ?! – იმიტომ რომ მათ შესანიშნავად იციან, რომ არ უნდა უკბინონ იმ ხელს, რომელიც მათ ლუკმას აჭმევს.

სამაგიეროდ ბურჭულაძე გატაცებით მოგვითხრობს, თუ როგორ მოისაქმა ერდროულად ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ასმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად (უდავოდ დიდი ერთსულოვნება და ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ასმა ადამიანმა ერთდროულად მოინდომის ეს საქმე).

საინტერესო თავია წიგნისა ,,ფიქრნი მტკვრის პირას 2”. როგორც წესი, ცნობილი ნაწარმოების სახელწობებას ახალ თხზულებას, ძირითადად, არქმევენ ორ შემთხვევაში: პირველი, როდესაც ავტორი ეპაექრება ცნობილ ნაწარმოებს და მეორე, როდესაც წერს პაროდიას ამ თხზულებაზე. ბურჭულაძის ნაწერს კი არავითარი ფორმობრივი თუ შინაარსობრივი მიმართება ბარათაშვილის ლექსთან არ გააჩნია და სახელწოდება მექანიკურია.  წიგნის გვერდებზე ჩამოწერილია ას ორმოცდაათზე მეტი მსგავსი კონსტრუქციის წინადადება:

,,ჩვენ შეიძლება გვეცხოვრა.

ჩვენ შეიძლება გვეკოცნა.

ჩვენ შეიძლება გვეძინა,

ჩვენ შეიძლება... გვეკბინა... გვებოზა, გვეშარდა, გვერწყია, გვეტრაწა, გვეჯვა, გვებოყინა, გვეზასავა” და ა. შ. ამ საცოდაობას ეწოდება ,,ფიქრნი მტკვრის პირას 2”. სავსებით მოსალოდნელი იყო ბურჭულაძისგან ,,ფიქრნი მტკვრის პირას 1-ც”.

რაც შეეხება ნაწარმოების ,,მხატვრულ თავისებურებებს”: მოგეხსენებათ, პოსტმოდრენიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ტოტალური ირონიაა. პოსტმოდერნისტი მწერლის დამოკიდებულება ტრადიციული მხატვრული ხერხებისადმი ირონიული გახლავთ. ეს შეეხება ტროპებსაც. მაგრამ ტროპის ირონიზების მთავარი მიზანი ესთეტიზმის მიღწევაა, ოღონდ, საპირისპირო, არატრადიციული საშუალებით. ბურჭულაძე კი ამას ვერ ახერხებს. თვალშისაცემია შედარებების აზრობრივი სიღარიბე, პრიმიტივიზმი: ,,დიდი და წყლიანი თვალები აქვს, როგორც ამელის ფილმში ,,ამელი”... რაღაცით დიდ ლებოვსკის გავდა ფილმიდან ,,დიდი ლებოვსკი”, მისი ვარაუდი მუქარასავით ჟღერს, როგორც ბორნის ულტიმატუმი ფილმში ,,ბორნის ულტიმატუმი”. ტროპის ირონიზების ყველაზე მარტივი საშუალებაა სკაბრეზი, რომელსაც ასე ხშირად მიმართავს ბურჭულაძე, მაგრამ ამით იგი ვერავითარ ესთეტიკურ ეფექტს ვერ ახდენს და უკბილო, პრიმიტიულ შედარებებს გვთავაზობს: ,,კარერასი ისე მღერის, თითქოს ტრაკით ფანქარი უჭირავს... ,,ისეთი გაღუნული ფეხები აქვს, რომ ჩაიჯვას ფეხებს არ დაისვრის”, შეხვდებით გულისამრევ შედარებებსაც: ,,ისე ვიყავი აგზნებული დედაჩემსაც ვერ ვეტყოდი უარს”. ყველა ,,კრიტიკოსს,” რომელიც ამ ფრაზაში რაიმე ესთეტიზმს ხედავს და ბურჭულაძის ტექსტს სრულყოფილად აცხადებს, საახალწლოდ მეკვლედ იმავე ბურჭულაძეს ვუსურვებთ, ,,ცალ ხელში კრუასანით და მეორეში ჩიტით”.

ზაზა ბურჭულაძის ამ რომანის მაგალითზე ცხადი ხდება თანამედროვე ქართველი მწერლების კიდევ ერთი სენი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც - აზრის შეუკავებლობა. დეტალს ნაწარმოებში უდიდესი მხატვრული ფუნქცია გააჩნია. გავიხსენოთ ჩეხოვის ცნობილი ფრაზა: ,,თუ პირველ აქტში კედელზე კიდია თოფი, ბოლოს მან აუცილებლად უნდა გაისროლოს”. თანამედროვე ქართველი მწერლები კი ვერ ახერხებენ დეტალის განზოგადებას მხატვრულ დონეზე და ახვავებენ ისეთ წვრილმანებს, რომელსაც არავითარი შინაარსობრივი დატვირთვა არ გააჩნია. არ გვგონია, ვინმეს აინტერესებდეს, თუ როგორ აქვს ამოტეხილი თინას საჩვენებელი თითის ფრჩხილზე ლაქი, ან როგორ მოუჩანს ვიღაც დამსვებნებელ ქალს ქუსლზე ტერფის გაყვითლებული, დაბრეცილი და აქერცლილი კანის ფრაგმენტი, ანდა რა ფერის ძუძუსთავი აქვს ლოთ გოგიას და რა ახატია მას უბალნო თეთრ მკერდზე და ა.შ.

საინტერესოა თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ გამოყენებული პერსონაჟთა ხატვის წესი. მოვიყვანთ მაგალითს, თუ როგორ ხატავს პერსონაჟის გარეგნობას ვაჟა-ფშაველა, რა ხიბლავს მას საკუთარ გმირებში (ბევრი არ დაგვეთანხმება მწერალთა ამგვარ, არათანასწორ დაპირისპირებაში, მაგრამ აუცილებელია მათ, ვინც ბურჭულაძის შემოქმედება ზედროულად გამოაცხადეს, ნათლად დაინახონ, თუ რა არის მართლაც ზედროული და რა - წარმავალი):

ღიმილითა სთქვა ლელამა, შუქი გამოხდა პირისა -

საამურია საცქერლად ვარდზე ცვარები დილისა!

ქალი ჰგავს სამოთხს ყვავილს, ნარწყავსა უკვდავებითა,

ხორცშესხმულს სიყვარულსა ჰგავს, აუწყველს უწყავებითა”.

თანამედროვე ქართველ მწერლებს კი საკუთარ პერსონაჟებში აინტერესებთ შემდეგი:

ბუღაძე: ,,ჰელენა – ეს სახელი მის ოდნავ ამობერილ მუცელს მახსენებს, ხაზს, რომელიც ჭიპიდან გულისფიცრამდე აუდის, ტუჩების გემოს, რაღაც არაბუნებრივად მოლაპლაპე მკერდს”... და ა.შ.

ბურჭულაძე: ,,ბობო – მარტო ამ სახელზე წარმომიდგება მისი მკვრივი მკერდი, კრემით დაზელილი სხეული, მოქნილი წელი, გამოცდილი ენა”... და ა.შ.

ასეთ ერთსახოვნებასთან, უფრო სწორად, უსახურობასთან გვაქვს საქმე პერსონაჟთა ხატვის მხრივაც.

ერთი სიტყვით, ნინო ძანძავასგან განსხვავებით, ჩვენ ტექსტში ნამდვილად არ შევხვედრივართ იმიჯებს, რომლებიც ,,რიტმულად იძერწებიან და ხავერდოვნად ერწყმიან ერთმანეთს”.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განხილული ნაწარმოებებიდან არც ერთში არ არის მოცემული აგვისტოს ომის მეტ-ნაკლებად რეალისტური სურათი, ომი ყველგან უკანა პლანზეა. წიგნების რეკლამირება იმით, რომ ისინი აგვისტოს ომის თემაზეა შექმნილი, განპირობებულია, უმთავრესად, კომერციული მიზნებით, რაც გახლავთ კიდეც პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეპატაჟმა თითქმის ამოწურა თავი ქართულ მწელობაში. უკვე ვეღარავინ გაგვაკვირვებს ბილწსიტყვაობით, პორნოგრაფიითა და ინცესტით. ყოველივე ამის აპოგეა გახლდათ დეისაძის ,,სირობა”. კიდევ ერთი-ორი ასეთი სირობა შეიძლება გამოჩნდეს, სხვა მხრივ კი, თუ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ პაკეტებში დაფასოებული განავლის ტირაჟირებაც არ მოახდინა, პოსტმოდერნული ეპატაჟი ამოწურულად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ ეს ეტაპი ქართულ მწერლობას აუცილებლად უნდა გაევლო. კომუნისტური ცენზურის პირობებში აკრძალული იყო ამ თემებზე წერა და არსებობდა მათდამი ფარული ინტერესი. დღეს კი ვხედავთ, რომ პორნოგრაფიას ლიტერატურაში არავითარი შედეგი არ გამოუღია, გარდა იმისა, რომ უნიჭო ავტორები პოპულარულნი გახდნენ და ნამდვილი შემოქმედები მათ ჩრდილში მოექცნენ.

ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ დღეს, დიდი სულიერი, ზნეობრივი კრიზისის ეპოქაში იმის მაგიერ, რომ ლიტერატურა დაეხმაროს ადამიანს სულიერი ორიენტირების შენარჩუნებაში, პირიქით, - აცლის მას ყოველგვარ ზნეობრივ საყრდენს და ეს ყველაფერი პროგრესად საღდება უგუნური ადამიანების მიერ.

ამ დროს იზრდება ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების ფასი, რომელიც არის სინთეზი ეთიკურისა და ესთეტიკურისა, სწორედ ამგვარ ხელოვნებას ძალუძს უპასუხოს ეპოქის გამოწვევებს.

p.s. ლევან ბებურიშვილის ეს წერილი დაიბეჭდა"ლიტერატურული სალონის" ივლისის ნომერში

2 comments:

  1. ისეა გათახსირებული სამივე წიგნი წაკითხვის სურვილი გამიქრა. თან იმასაც ვფიქრობ წაუკითხავად როგორ შევაფასო ))

    ReplyDelete
  2. გეთანხმებით, თუმცა უმიზეზოდ და არგუმენტის გარეშე დამეთანხმებით, რომ არაფერი წერია!
    მადლობა აქტიურობისათვის!

    ReplyDelete